თამთა ჩაჩანიძე
02.10.2022

1-ლი ოქტომბრიდან ამერიკული ლენდ-ლიზი უკვე ოფიციალურად ამოქმედდა. ეს ის სახელმწიფო პროგრამაა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში დროს აშშ-სა და მოკავშირეების გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. უკრაინის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ეს ნიშნავს უფრო განსხვავებულ და მაღალი ხარისხის იარაღს, რითიც უკრაინა ყველა ტერიტორიას დაიბრუნებს.

როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, ეს პროგრამა დე ფაქტოდ ორი თვის წინ იყო დაწყებული და ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატებებიც გარკვეულწილად სწორედ ამის დამსახურებაა. მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში უკრაინას მიეწოდება როგორც შეტევითი, ისე თავდაცვითი შეიარაღება. თუმცა, სავარაუდოდ, ამაში არ შევა ისეთი შორსმროლელი შეიარაღება, რომლის საშუალებითაც საბრძოლო მოქმედებების რუსეთის ტერიტორიაზე გადატანა იქნება შესაძლებელი.

„ლენდ-ლიზი ოფიციალურად ძალაში ოქტომბრიდან კი შვიდა, მაგრამ დე ფაქტოდ ორი თვეა უკვე დაწყებულია. უკრაინის წარმატებები სწორედ ამას უკავშირდება, უბრალოდ ამის აფიშირება არ ხდებოდა, რადგან აშშ მაინც სამართლებრივი სახემწიფოა და დე იურედ სწორედ ახლა ამოქმედდა.

„ლენდ-ლიზი როგორც შეტევით, ისე თავდაცვითი იარაღის მიწოდებას გულისხმობს. ისეთი შორმსროლელი შეიარაღების მიწოდებაზე ამერიკელები არ წავლენ, რომ საომარი მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდეს, კრემლის შემდგომი გაღიზიანება არავის უნდა.

„პროგრამის ფარგლებში მიაწვდიან: „ჰაიმარსებს", კამიკაძე დრონებს, დახურული კავშირგაბმულობის სისტემებს, ღამის ხედვის მოწყობილობებს, ჯავშანმანქანებს, ჯავშანტექნიკას, ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური დონის ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს. მაქსიმუმ 80-დან 100 კილომეტრამდე სიშორის რაკეტებზეა საუბარი. აშშ შორი მოქმედების (300 კმ) რაკეტების მიწოდებაზე დიდი ალბათობით არ წავა.

„ამერიკელები არაბირთვულ სტრატეგიულ შემტევი შეიარაღებას არ მიაწვდიან. ისინი ამას თავისთვის დაიტოვებენ. ამაში შედის სწორედ შორსმსროლელი სარაკეტო კომპლექსები და ყველა ის შეიარაღება რომლებსაც შეუძლიათ გაისროლონ ბირთვული ქობინები და ბომბები, მათ შორის შედის სტრატეგიული ავიაცია.

„ის, რაც ომში მილევადია, იმას მიაწვდიან - ჯავშანჟილეტები იქნება, ყუმბარმტყორცნები, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემები თუ სხვა. აშშ-საც მაინცდამაინც დიდი არჩევანი არ აქვს.

„იარაღის უწყვეტი მიწოდება ნიშნავს უკრაინის შეიარაღებული ძალების სერიოზულ გადაიარაღებას. ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კონკრეტული მაგალითი იქნება, თუ ნატოს სტანდარტებს როგორ მიუახლოვდება და ისეთ ქვეყნებს გადაუსწრებს, როგორიცაა რუმინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი. უკრაინის შიარაღებული ძალების 90% უკვე ნატოს სტანდარტებით იქნება აღჭურვილი. ამიტომაც კიევის პოზიცია სწორია, რომ ნატოში განაცხადი შეიტანეს. უკრაინამ ნატოს წევრ ბევრ სახელმწიფოს გადაუსწრო და დაამტკიცა, რომ მას ეს ნამდვოლად შეუძლია.

„ლენდ ლიზი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას მისცემს შეიარაღება აითვისონ და ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო თავსებადი გახდნენ. რაც მთავარია უკრაინას საშუალება მიეცემა ის ოპერატიული ინიციატივა, რაც ახლა გააჩნიათ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები უკვე სტრატეგიულ თავდაცვაზე გადავიდნენ, ეს შეტევითი მუხტი შეინარჩუნოს და საკუთარი ოკუპირებული ტერიტორიები გაათავისუფლოს.

„როგორც ვიცი, ლენდ-ლიზი მინიმუმ ორი წლის განმავლობაში იქნება გაწერილი, ყოველ შემთხვევაში გაგრძელდება მანამ, სანამ ომი იქნება. ეს უკრაინას პოტენციალს უზრდის და მისი ეფექტურობა უკვე იმაზე იქნება დამოკიდებული, უკრაინის სტრატეგიული სარდლობა და სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამ შეიარაღების უპირატესობას როგორ გამოიყენებს", - განაცხადა მაისაიამ.

9 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაამტკიცა კანონი „უკრაინაში დემოკრატიის დაცვის და ლენდ-ლიზის" შესახებ, რომელიც აშშ-ის საშუალებას მისცემს დაიწყოს უკრაინის დაჩქარებული დახმარების პროგრამა. კანონი ფაქტობრივად იძლევა სამხედრო აღჭურვილობის დაკრედიტების ან იჯარით გაცემის საშუალებას ექსპორტის კონტროლის გამარტივებული პროცედურებით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×