თეონა ვეშაგური
24.09.2022

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრობა უნდა შეუჩერდეს - აღნიშნულზე მან ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ევროპული კვლევის ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ არ არის გამორიცხული რეალურად მოხდეს რუსეთის გარიცხვა გაეროს უშიშროების საბჭოდან, მაგრამ ამისთვის უამრავი პროცედურა და სხვადასხვა ქვეყნების კონსენსუსი იქნება აუცილებელი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის დაწყება რუსეთისათვის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსის ჩამორთმევის საფუძველია.

„გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი როდესაც იწყებს არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს, რომელსაც გმობს გაერო-ს ასამბლეა, ეს მოითხოვს უშიშროების საბჭოს წევრობის შეჩერებას. ეს უნდა ხდებოდეს ავტომატურად", = განაცხადა შარლ მიშელმა.

მან ასევე განაცხადა გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების გამოყენებაზე რეფორმის საჭიროებაზე.

„ვეტოს უფლების გამოყენება გამონაკლისი უნდა იყოს, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეს წესი გახდა. რეფორმა საჭირო და გადაუდებელია", - აღნიშნა მიშელმა.

გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის დანაშაულებრივ ქმედებებზე ისაუბრა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას. მან განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებებს გაეროს წევრი ქვეყნებისგან რეაგირება უნდა მოჰყვეს.

მანვე ისაუბრა, რომ არ უნდა იყვნენ უმოქმედოდ როდესაც, გაეროს დამფუძნებელი წევრი და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ცდილობს ძალის გამოყენებით შეცვალოს საზღვრები.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საოკუპაციო ომის არანაირი გამართლება არ არსებობს. პრეზიდენტი პუტინი ამ ომს ერთადერთი მიზნით აწარმოებს - რომ დაიპყროს უკრაინა.

„ჩვენ არ უნდა ვიყოთ უმოქმედოდ, როცა მნიშვნელოვანი ბირთვული ძალა, რომელიც კბილებამდეა შეიარაღებული - გაეროს დამფუძნებელი წევრი და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი - ცდილობს, ძალის გამოყენებით შეცვალოს საზღვრები.

„წესებზე დამყარებული სამყაროს ალტერნატივა სუსტზე ძლიერის დომინაციაა. იმპერიალიზმის დაბრუნება არა მხოლოდ ევროპისთვისაა კატასტროფა, ასევე კატასტროფაა მსოფლიო მშვიდობისთვის", - განაცხადა შოლცმა.

მანვე გერმანიის მხრიდან უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე გაამახვილა ყურადრება და წინადადება წამოაყენა, რომ გაერომ გერმანია მიიღოს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად.

ცნობისთვის, 7 აპრილს გაერომ რუსეთს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა. ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვას 93-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მათ შორის საქართველომ. წინააღმდეგ წავიდა 24 ქვეყანა, ხოლო 58-მა თავი შეიკავა.

ამ ეტაბზე კი რუსეთის გარიცხვის საკითხი დადგა, გაეროს უშიშროების საბჭოდან, რომელიც საყოველთაო მშვიდობისთვის პასუხიმგებელი მთავარი ორგანოა გაეროს შემდგენლობაში და 15 წევრი ქვეყნისაგან შედგება. აქედან 5 - აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთის ფედერაცია, საფრანგეთი და ჩინეთი - საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსით სარგებლობს.

უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები ერთპიროვნული ვეტოს უფლებით სარგებლობენ. ანუ გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთი მათგანის უარი საკითხის ჩავარდნას ნიშნავს. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა საბჭოს 9 წევრის თანხმობა, თანაც არცერთი მუდმივი წევრი საკითხის წინააღმდეგი არ უნდა იყოს.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს აქვს საბოლოო ჯარიმებისა და სანქციების დაკისრების უფლება იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც არ ასრულებენ სერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებებს.

იმის გამო, რომ რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე მიღებულ ყველა რეზულუციაზე იყენებს ვეტოს უფლებას, დასავლელი დიპლომატებისგან წესების შეცვლის საკითხი დადგა, რაც, ექსპერტის თქმით, რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება, რადგან გაეროს წესდებაში არ არსებობს პუნქტი რომლის მიხედვითაც შესაძლებელია უშიშროების საბჭოდან მუდმივი წევრის გარიცხვა.

„გენერალურმა ასამბლეამ უნდა იმსჯელოს რუსეთის გარიცხვის საკითხზე და გადაწყვეტილება მიიღოს. რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ იქნება, რადგან აუცილებელია შეთანხმება გაეროს წევრ ქვეყნებს შორის.

„არ არის გამორიცული ცვლილება შევიდეს გაეროს უშიშროების საბჭორ წესდებაში - რომ აგრესორ ქვეყანას მოეხსნას უფლება იყოს გაეროს უშიშორების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი. აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანიას აქვს შეთავაზება, უშიშროების საბჭოში საერთოდ გაუქმდეს ვეტოს უფლება.

„ბევრი წინადადებაა რეფორმებთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, შეუძლებელია ვითარების ისე გაგრძელება, როგორც ახლაა. პრაქტიკულად ჩიხში შევიდა ორგანიზაცია, ვერ მიიღება გადაწყვეტილებები და პრობლემატური ხდება შესრულებაც.

„შესაძლებელია მოხდეს რუსეთის გარიცხვა გაეროს უშიშროების საბჭოდან, მაგრამ ეს პრაქტიკულად ძალიან ძნელი იქნება. მაღალი დოზით უნდა იყოს მიღწეული კონსენსუსი, რადგან შესაძლოა ბევრი ქვეყანა შეეწინააღმდეგოს რუსეთის გარიცხვას. გაეროს წესდებაში არც დევს უშიშროების საბჭოს შეცვლის წესი, არ არის გათვალისწინებული რა შემთხვევაში შეიძლება წევრი ქვეყანა გააგდო საბჭოდან.

„რაც შეეხება რუსეთის რეაქციას, ის უკვე დიდი ხანია მოქმედებს საერთაშორისო წესდების დარღვევით. მაგალითად, ავიღოთ მოვლენა, რომელიც მიმდინარეობს ამ დღეებში - რუსეთის იმპერიამ გადაწყვიტა ოკუპაციისა და ფაქტობრივად ეთნიკური წმენდის ფონზე ჩაატაროს რეფერენდუმი უკრაინის ტერიტორიაზე. ამაზე შორს მისი მოქმედებები ვეღარ წავა", - განაცხადა გოგოლაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×