2020 წლის 9 ნოემბერს, სატვირთო მანქანა კონტეინერით შემოდის ჩინეთი-შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის რეგიონალური სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის სადემონსტრაციო ზონის მულტიმოდალური სატრანსპორტო ცენტრის ტერიტორიაზე ცინდაოში (პროვ. შანდონი, აღმოსავლეთ ჩინეთი). (ფოტო: სინხუა)
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი უზბეკეთში, ქალაქ სამარყანდში 15-16 სექტემბერს გაიმართება. მიმდინარე წელს სრულდება 20 წელი ამ ორგანიზაციის წესდების ხელმოწერიდან და 15 წელი ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის გრძელვადიანი კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერიდან, რაც მას მეტად ღირშესანიშნავ მოვლენად ხდის.
როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, შექმნის დღიდან შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციამ უდიდესი წვლილი შეიტანა რეგიონალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში. იგი ეხმარება სხვადასხვა ქვეყნებს განვითარებასა და აღორძინებაში, ასევე ატარებს მნიშვნელოვან თეორიულ და პრაქტიკულ კვლევებს ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების დასამყარებლად და აგრეთვე მიმართულია საერთო ბედის მქონე საზოგადოების მშენებლობისკენ.
თანმიმდევრულობისა და თანამშრომლობის გაღრმავება
ბოლო 20 წლის განმავლობაში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომელიც გამსჭვალულია "შანხაის სულისკვეთებით", ხასიათდება ურთიერთნდობით, ორმხრივი სარგებლით, თანასწორობით, ურთიერთკონსულტაციებით, კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემით, და საერთო განვითარების სურვილით. ამ ხნის განმავლობაში ორგანიზაცია გაფართოვდა და თავდაპირველი 6 წევრი ქვეყანა 8-მდე გაიზარდა. ასევე მან შეიძინა 4 დამკვირვებელი ქვეყანა და 6 დიალოგის პარტნიორი.
მუდმივად მზარდი "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ოჯახი" და თანამშრომლობის ფარგლებში მუდმივად მზარდი "მეგობრების წრე" მოწმობს "შანხაის სულისკვეთების" მძლავრ მიმზიდველობას და ერთიანობას", - განაცხადა დენ ჰაომ, ჩინეთის საერთაშორისო ინსტიტუტის წამყვანმა მკვლევარმა, რომელიც აგრეთვე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის შემსწავლელი ჩინეთის ცენტრის გენერალური მდივანია.
მსოფლიო, რომელიც ბოლო ასი წლის განმავლობაში ყველაზე ღრმა ცვლილებებისა და COVID-19 პანდემიის გავლენის ქვეშ იმყოფება, გარდაქმნებისა და რყევების პერიოდში შევიდა. მსოფლიოში ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება მწვავე საერთაშორისო და რეგიონული პრობლემები. განვითარების ხელშეწყობისა და სტაბილურობის შენარჩუნების ამოცანა რჩება გამოწვევად ყველა ქვეყნისთვის. დენ ჰაომ აღნიშნა, რომ მსოფლიო სტაბილურობის შესანარჩუნებლად და საერთო განვითარების მისაღწევად, ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა “აუცილებელ ვარიანტის” წარმოადგენს.
2022 წლის 2 ივნისს, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ახალგაზრდული მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ფორუმის გახსნის ცერემონია შენჟენის ციანჰაის რაიონში (პროვ. გუანდონი, სამხრეთ ჩინეთი). (ფოტო: სინხუა)
„საგარეო საფრთხეების მზარდი გამოწვევების ფონზე, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის უსაფრთხოების თანამშრომლობის ახალი ტენდენციები შეინიშნება“, - აღნიშნა სუ ჩანგმა, ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელმა.
„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნები აგრძელებენ უსაფრთხოების თანამშრომლობის კონცეფციის განმტკიცებას, მუდმივად აძლიერებენ უსაფრთხოების განმტკიცების სურვილს, ქმნიან საიმედო და ეფექტურ პლატფორმებს უსაფრთხოების თანამშრომლობისთვის და მუდმივად აუმჯობესებენ თანამშრომლობის მექანიზმებს ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად რეგიონული უსაფრთხოების კუთხით“, - დასძინა მან.
დენ ჰაოს თქმით, ტრადიციული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გარდა, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას ასევე შეუძლია გამოავლინოს წევრი ქვეყნების უნიკალური უპირატესობები ეფექტური თანამშრომლობის, საერთაშორისო წარმოების, ასევე გლობალური საკვებისა და ენერგიის უზრუნველყოფის სფეროში. რაც უდიდეს როლს შეასრულებს რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნებისა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობაში.
გახსნილობის და ინტეგრაციისკენ მიდრეკილება
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცის წევრი ყველა ქვეყანა განვითარების საკვანძო ეტაპზეა. მათ სრულად უნდა გამოიყენონ ერთმანეთის გეოგრაფიული სიახლოვის უნიკალური უპირატესობები და ინტერესთა შერწყმა, შეინარჩუნონ ღიაობისა და თანამშრომლობის სურვილი და შეეცადონ გააცნობიერონ განვითარებისა და აღორძინების შესანიშნავი პერსპექტივები.
როგორც მონაცემები აჩვენებს, დაარსების დღიდან შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ვაჭრობა მნიშვნელოვნად ფართოვდებოდა: 2021 წელს ჩინეთის ვაჭრობამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან 343.1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 28-ჯერ მეტია, ვიდრე ორგანიზაციის დაარსების (2001) წელს; ასევე ფართოვდება საინვესტიციო და ფინანსური თანამშრომლობა: 2022 წლის ივნისის ბოლოსთვის ჩინეთის პირდაპირმა ინვესტიციებმა (სხვა წევრ ქვეყნებში) 37,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა; 2021 წელს ჩინეთ-ევროპის საერთაშორისო სარკინიგზო-სატვირთო მარშრუტების გასწვრივ 15000-მდე სატვირთო მატარებელი გაიგზავნა, რაც რეგიონში წარმოებისა და მიწოდების კავშირების სტაბილურობის საიმედო გარანტიაა.
დენ ჰაოს თქმით, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში ლიბერალიზაციის, ვაჭრობისა და საინვესტიციო პროცედურების ხელშეწყობა პრაქტიკული თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ყველა მხარემ უნდა გააგრძელოს ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ურთიერთკავშირები, ციფრული ეკონომიკა, სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინოვაციები ასევე ორმხრივი ანგარიშსწორება ეროვნულ ვალუტაში.
ინიციატივა „სარტყელი და გზა“ მნიშვნელოვანი პლატფორმაა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ერთობლივი განვითარებისთვის. ხელი უნდა შეუწყოს მას, რომ დაკავშირებული იყოს შესაბამისი სახელმწიფოების განვითარების ეროვნულ სტრატეგიებთან და რეგიონული ინტეგრაციის ინიციატივებთან. ყოველივე ეს უზრუნველყოფს წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობას და ეკონომიკურ ინტეგრაციას.
„ვიმედოვნებთ, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამარყანდის სამიტის წყალობით, ყველა მხარე მიაღწევს კიდევ უფრო დიდ კონსენსუსს „სარტყელი და გზის“ ერთობლივი მშენებლობის შესახებ და მიიღებს უფრო კონკრეტულ ზომებს რეგიონული განვითარების ხელშეწყობისთვის“, - აღნიშნა დენ ჰაომ.
სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის დაცვა
მიუხედავად იდეოლოგიის, სოციალური სტრუქტურებისა და განვითარების გზების განსხვავებებისა, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში ჩამოყალიბდა ახალი ტიპის სამაგალითო სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები. ყველა მხარე ერთგულია მულტილატერალიზმის განხორციელებისკენ, მხარს უჭერს საერთაშორისო სისტემის შენარჩუნებას, რომლის ბირთვია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და საერთაშორისო მართლწესრიგი, რომლის საფუძველია საერთაშორისო სამართალი. იგი ასევე იცავს განვითარებადი ქვეყნების ლეგიტიმურ უფლებებს, ინტერესებს და სივრცეს. იგი ხელს უწყობს განვითარებადი ქვეყნებისა და განვითარებადი ბაზრების მქონე სახელმწიფოების გაძლიერებას, რათა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სიძლიერე გამოყენებული იქნას გლობალური მმართველობის უფრო სამართლიანი და რაციონალური სისტემის ჩამოყალიბებაში.
2021 წლის 26 აპრილს, სტუმრები შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენაზე, რომელიც ჩატარდა ქალაქ ცინდაოში, აღმოსავლეთ ჩინეთის შანდონის პროვინციაში. (ფოტო: სინხუა)
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია ყოველთვის იცავს თანამშრომლობის კონცეფციას, რომელიც ხასიათდება ღიაობითა და ინკლუზიურობით, მუდმივად მონაწილეობს გლობალური მმართველობის ოპტიმიზაციაში და კატეგორიულად ეწინააღმდეგება ცალმხრივობას, რის წყალობითაც იგი იმსახურებს საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაო მოწონებას და იზიდავს ქვეყნების მზარდ რაოდენობას „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთიან ოჯახში“.
დენ ჰაოს თქმით, მუდმივად მზარდი „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ოჯახი“კიდევ უფრო დიდ როლს შეასრულებს გლობალური მმართველობის სისტემის განვითარების ხელშეწყობაში სამართლიანი და რაციონალური მიმართულებით.
„ამჟამად, როდესაც საერთაშორისო გარემო უზარმაზარ ცვლილებებს განიცდის, მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნები, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან“, - განაცხადა სუ ჩანმა და დასძინა, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის განვითარება აკმაყოფილებს როგორც ამჟამინდელ საჭიროებებს, ასევე ორგანიზაციის ყველა წევრი ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებსაც.
„კაცობრიობის ერთიანი ბედის საზოგადოების შექმნის კონცეფცია აჩვენებს მის დიდ სიცოცხლისუნარიანობას და შთამაგონებელ ძალას“, - აღნიშნა დენ ჰაომ და გამოხატა რწმენა, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამარყანდის სამიტის ფარგლებში განიხილავენ სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს და რომ ყველა მხარე ძალისხმევას არ დაიშურებს ერთიანი ბედის საზოგადოების ჩამოყალიბების მცდელობისათვის. ასევე ახალ წვლილს შეიტანს ერთიანი ბედის საზოგადოების შექმნის საკითხში.