სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ბერლინში ეჭვობენ, მემარჯვენეების ტრიუმფმა მერკელს საგარეო პოლიტიკა შეაცვლევინოს
    მალხაზ გაგუა
    29.09.2009

    გამომდინარე იქიდან, რომ მერკელის "ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის" ფერად შავი ითვლება, ხოლო მათი ახალი კოალიციური პარტნიორის "თავისუფალი დემოკრატების" ფერი ყვითელია, შესაბამისად, ახალ კოალიციასაც გერმანელები ძალიან მოკლედ - "შავ-ყვითლებად" მოიხსენიებენ.
    ამასთანავე, მიუხედავად კონსერვატორების უპირობო გამარჯვებისა, რომლებსაც ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ტრადიციულად რთული ურთიერთობები აქვთ რუსეთთან და, შესაბამისად, მემარცხენეებზე მეტად არიან კეთილგანწყობილნი ოფიციალური თბილისის მიმართ, ყველა გერმანელი პოლიტიკოსი და პოლიტიკური მიმომხილველი, ვისაც არჩევნების პერიოდში ბერლინსა და ჰამბურგში ვესაუბრე, ამტკიცებს - ბერლინის საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელმაც სოციალ-დემოკრატ გერჰარდ შრედერის პერიოდში დაიწყო ჩამოყალიბება, არც მომავალი 4 წლის მანძილზე შეიცვლება.
    27 სექტემბერს საღამოს, ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებისთანავე, ნათელი გახდა, რომ ტრადიციული პოლიტიკური მეტოქეების - მემარცხენე სოციალ-დემოკრატებისა და მემარჯვენე ქრისტიან-დემოკრატების ალიანსი დაიშალა. მერკელის პარტიამ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები სასურველ პარტნიორთან, როგორც არჩევნებამდე უწოდებდნენ ერთმანეთს "შავები" და "ყვითლები".
    გერმანული დაწერილი და დაუწერელი კანონებით, კოალიციის "უფროსი" წევრი კანცლერს ირჩევდა, "უმცროსის" წარმომადგენელი კი ვიცე-კანცლერის პოსტს სჯერდებოდა და, შეთავსებით, საგარეო უწყებასაც. 2005-2009 წლებში ასეთები შესაბამისად იყვნენ ანგელა მერკელი და ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი.
    მომავალი 4 წელი მერკელი კანცლერად დარჩება, საგარეო უწყებას კი "ყვითელი" გვიდო ვესტერველე ჩაიბარებს.
    არადა, არჩევნებამდე არავინ მოელოდა "წითლების" აგრერიგად განადგურებას. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები კარგს არაფერს უქადდნენ სოციალ-დემოკრატებს, მათ მაინც ჰქონდათ იმედი, რომ ისტორიულ იდეოლოგიურ მოკავშირეებთან - "მწვანეებთან" ერთად იმდენ ხმას მაინც აიღებდნენ, რომ "შავ-ყვითელი" კოალიცია არ შემდგარიყო. ორივე პარტიამ მარცხი იწვნია, სოციალ-დემოკრატების შედეგი კი სულ მთლად ფიასკო იყო. მათ წელს ხმების მხოლოდ 23,5% აიღეს, რაც პარტიის ისტორიაში არნახული შედეგია. დაახლ. 10%-ით ნაკლები, ვიდრე 2005 წელს.
    სუსტად გამოვიდნენ "მწვანეებიც" - 10,7 %-ით.
    წინა არჩევნებთან შედარებით ხმები მემარჯვენე ბლოკმაც დაკარგა, სადაც გაერთიანებულნი არიან "ქრისტიან-დემოკრატიული" და "ქრისტიან-სოციალისტური" კავშირები (ეს უკანასკნელი პირველი პარტიის ბავარიული ფრთაა, თუმცა ნომინალურად ცალკე პარტიად ითვლება). მათ საერთო ჯამში აიღეს 33%, რაც უმნიშვნელოდ ნაკლებია, 2005 წლის მაჩვენებელზე (პრინციპში, 1949 წლიდან ეს ამ პარტიის ყველაზე უარესი შედეგია). სამაგიეროდ ვესტერველეს "თავისუფალმა დემოკრატებმა" ივარგეს - ხმების 15% მოიპოვეს, 5%-ით მეტია ვიდრე წინა არჩევნებზე.
    საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ "წითლები" და "მწვანეები" რაღაც განსაკუთრებული აგრესიით არიან განწყობილნი ვესტერველეს მიმართ, რომელსაც ველური კაპიტალიზმის სიმბოლოსავით განიხილავენ. პრინციპში, ვესტერველეს კლასიკური კაპიტალისტური პოლიტიკური პლატფორმა მართლაც სრულ კონტრასტში მოდის მემარცხენეების პროგრამასთან. მაგ. შტაინმაიერის მთავარი საარჩევნო ლოზუნგი იყო მინიმალური ხელფასის შემოღება მთელი გერმანიის მასშტაბით, მერკელისა და ვესტერველეს პარტიების კი - გადასახადების დაწევა და ბიზნესისთვის პირობების გაუმჯობესება.
    "კი, მაგრამ, თუ მართლა დაწიეს გადასახადები, მაინტერესებს, ამ გაგანია ფინანსური კრიზისის ფონზე როგორ შეავსებენ ბიუჯეტს", - კითხულობდა ჟურნალისტებთან საუბრისას ბუნდესტაგის სოციალ-დემოკრატი დეპუტატი დეტლეფ ძემბრიცკი, - "რასაც "შავ-ყვითლები" ამბობენ, ნამდვილი დემაგოგიაა და პოპულიზმი".
    ბუნდესტაგში გავიდა კიდევ ერთი პარტია, რომელმაც წელს ვერსტერვალისტებზე მეტი ფურორი მოახდინა და რომელსაც ყველა კონკურენტი - მემარცხენეც და მემარჯვენეც - ერთნაირი შესაშური ენერგიით ლანძღავს. ესენი არიან "დიე ლინკე", გერმანელი მემარცხენეები, ერიკ ჰონეკერისდროინდელი კომუნისტური პარტიის სამართალ- და იდეოლოგიური მემკვიდრეები. მათ სათავეში გრეგორი გიზი უდგას, რომელსაც ადგილობრივი პრესა შიგადაშიგ "შტაზისთან" კონტაქტებში სდებს-ხოლმე ბრალს. პარტიის ჭეშმარიტი სახე კი ოსკარ ლაფონტენია, რომელსაც, უკიდურესი რადიკალიზმისა და არაჩვეულებრივი ქარიზმის გამო, ბევრი ევროპელი მიმომხილველი კონტინენტის ყველაზე სახიფათო ადამიანად მოიხსენიებს.
    ლაფონტენი სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარე იყო კარგა ხანი, თუმცა რაღაც პიროვნული უთანხმოებების გამო დიდი სკანდალით დატოვა პარტიაც და ფინანსთა მინისტრის პოსტიც 1999-ში და მას შემდეგ თანაპარტიელებს მისი სახელის გაგონებაზეც ალერგია ემართებათ.
    ლაფონტენმა და გიზიმ სასტიკი დარტყმა მიაყენეს პირველ რიგში სოციალ-დემოკრატებს, რადგან მათ მიერ აღებული 12%-დან ლომის წილი სწორედ ყოფილი თანაპარტიელებისთვის წართმეული ხმებია.
    სხვათაშორის, "ლინკე" ერთადერთი პარტია იყო, რომელიც ავღანეთიდან გერმანული ჯარების გაყვანას ითხოვდა. არადა, ამ ნაბიჯს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ემხრობა. მიმომხილველების აზრით, ლაფონტენ-გიზის დუეტმა ყველაზე გონივრული საარჩევნო კამპანია ჩაატარა, ყველაზე კარგად მოფიქრებული და გასაგები ლოზუნგებით. მთელი გერმანია აჭრელებულია "ლინკეს" პლაკატებით, სადაც ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის კატეგორიული მოთხოვნაა დაფიქსირებული.
    ასე რომ, გერმანიაში ერთი "შავი", "მწვანე", "ყვითელი" და ორი "წითელი" პარტიებია. კიდევ ერთი ფერი - "ყავისფერი" - კანონგარეშეა, ჰიტლერიზმთან ასოციაციის გამო. "ცისფერი", გასაგები მიზეზების გამო, ასევე თამაშგარეა. ჰოდა, რაიმე ფერი რომ იპოვეს, კიდევ ერთმა რადიკალურმა მოძრაობამ არც მეტი არც ნაკლები, "პირატები", გინდათ "მეკობრეები" უწოდა თავს. მათ 1,7% აიღეს, რაც ახლახან შექმნილი პოლიტიკური მოძრაობისთვის, რომლის ერთადერთი მოთხოვნა ინტერნეტსაიტების დახურვის აკრძალვაა, საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგია.
    არადა, ძალთა განლაგება ისეთი იყო, რომ არჩევნების დასრულებამდე არავინ იცოდა, შეძლებდა თუ არა მერკელი, რომლის პოპულარობა გერმანიაში უპირობოა - სადღაც 62%, სასურველი ალიანსის შექმნას ვესტერველესთან. ექსპერტთა უმრავლესობა მეტ შანსს ძველ - "შავ-წითელ" კოალიციას ანიჭებდა. იყვნენ ისეთებიც, რომლების "იამაიკის" კოალიციაზეც საუბრობდნენ - შავები, ყვითლები და მწვანეები (იამაიკის დროშაზე ეს სამი ფერი ფიგურირებს), თუმცა ეს შესაძლებლობა "მწვანეებმა" თავშივე გამორიცხეს.
    და ბოლოს, რას უნდა ველოდეთ უდიდეს ევროპულ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებიდან. ჯერჯერობით დიდს არაფერს. ყოველ შემთხვევაში, ასე თვლიან გერმანელი ექსპერტები.
    საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკური და სოციალური თემებისგან განსხვავებით, ამ არჩევნებზე საჯილდაო არ ყოფილა. ავღანეთის საკითხზეც კი, პრინციპში კონსენსუსია. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირის წინ გერმანულმა ავიაციამ ათეულობით მშვიდობიანი ავღანელის სიცოცხლე შეიწირა, რაც გერმანული პუბლიკისთვის ნამდვილი შოკი იყო.
    "არჩევნების შედეგების მიუხედავად რუსეთი პრიორიტეტად დარჩება", - აცხადებს ბერლინური ფონდ "მეცნიერება და პოლიტიკის" ექსპერტი პოსტსაბჭოეთის საკითხებში სუზანა სტუარტი.
    მისი აზრით, არც საქართველოსა და უკრაინის ატლანტიკურ მისწრაფებებს აქვთ დიდი პერსპექტივა. "თქვენ საკითხს ასე უდგებით - რას მივიღებთ ნატოში შესვლით?! აქ კი კითხვას სხვაგვარად სვამენ - რას მიიღებს ნატო საქართველოსა და უკრაინის მიერთებით?!"
    "საქართველოს ტერიტორიული პრობლემები აქვს, უკრაინის მოსახლეობის დიდ ნაწილს კი ნატო არ უნდა. ასევე რუსეთის ფაქტორი... რა, აქაური არჩევნები რომელიმე ამ ფაქტორზე იმოქმედებს?"
    "არ მგონია ბ-ნმა ვესტერველემ რუსეთთან მიმართებაში წინამორბედების მიერ არჩეული კურსი შეცვალოს. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვისურვებდი", - ამბობს ბუნდესტაგის დეპუტატი დეტლეფ ძემბრიცკი, - "ისე, გერმანიის მთელ პოლიტიკურ სპექტრში გარკვეული კონსენსუსია რუსეთთან მიმართებაში.
    "საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს ვერ ვხედავ უახლოეს მომავალში. უკრაინაში რა ხდება, ამას სიმართლე გითხრათ აქ, გერმანიაში, ვერ ვხვდებით. არ ვიცით ვის ველაპარაკოთ კიევში. საქართველოს რაც შეეხება, (ვიცით ვის ველაპარაკოთ, მაგრამ) ბ-ნი სააკაშვილი მთლად შესაფერისი პიროვნება არ არის".
    "ღრმად ვარ დარწმუნებული, შავ-ყვითელი კოალიცია არ შეეხება გერმანიის საგარეო კურსის საფუძვლებს", - ამბობს გაზეთ "ბერლინერ ცაიტუნგის" გერმანიის ამბების რედაქტორი დამირ ფრასი, - "ასე რომ, ნატოს გაფართოება აქტუალური საკითხი არ იქნება".
    კეთილი და პატიოსანი, მაგრამ გერმანიის არჩევნების შედეგებზე რუსულ პრესასა და ტელევიზიაში ისეთი ამბებია ატეხილი, რომ ძნელი დასაჯერებელია "წითლების" გამოსვლამ მთავრობიდან რაიმე კვალი მაინც არ დაამჩნიოს აღმოსავლეთ ევროპას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter