თამთა ჩაჩანიძე
31.03.2022

უკრაინაში საომარი მოქმედებების პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას სამხედრო სამსახურში 135 ათასი ადამიანის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ. დოკუმენტი რუსეთის იურიდიული ინფორმაციის ოფიციალური ინტერნეტპორტალზეა გამოქვეყნებული და დათარიღებულია 2022 წლის 31 მარტით.

სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რადგან პუტინმა რუსეთის ჯარს უკრაინაში არაზუსტი მიზნები და ამოცანები დაუსახა, სამხედროებს უჭირთ გაერკვნენ თუ რაში მონაწილეობენ. ბლიცკრიგის ჩავარდნის შემდეგ, გეგმები მუდივად იცვლება და ამასობაში დიდ დანაკარგს განიცდიან.

პუტინის განკარგულების თანახმად, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გამოიძახეს 18-დან 27 წლამდე ასაკის 135 ათასი ის მოქალაქე, რომლებიც არ არიან რეზერვში. აღსანიშნავია, რომ გამოძახება 2022 წლის 1 აპრილიდან 15 ივლისის ჩათვლით განხორციელდება.

მარტის დასაწყისში პუტინი ამტკიცებდა, რომ არ აპირებდნენ სამხედრო წვრთნისთვის გამოძახებული წვევამდელებისა და რეზერვისტების გაგზავნას უკრაინაში ომში მონაწილეობის მისაღებად. მისი თქმით, ომში მხოლოდ ე.წ. „კონტრაქტნიკები", ანუ პროფესიონალი სამხედროები მონაწილეობდნენ.

თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუც იფიცებოდა, რომ გაზაფხულზე სამხედრო სამსახურში გამოძახებულ მოქალაქეებს ცხელ წერტილებში არ გაგზავნიდნენ, თუმცა ახლა მაისის მესამე დეკადიდან ჯარში ახალწვეულების გაგზავნა დაავალა.

რუსული მედიის ცნობით, 2021 წელს წვევამდელების გაგზავნა რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილებში საგაზაფხულო გაწვევის დროს 15 აპრილს დაიწყო. მაშინ, სახელმწიფოს მეთაურის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, სამხედრო სამსახურში 135 ათასი ადამიანი გამოიძახეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, რუსული მხარის დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უკრაინული მხარის ცნობით, მათ ქვეყანაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან, რუსულმა ძალებმა 17 500 ჯარისკაცი და სხვადასხვა სახის ტექნიკა დაკარგეს.

კერძოდ, მოკლული 17 500 რუსი დამპყრობლის გარდა, მტერმა დაკარგა 614 ტანკი, 1735 ჯავშანტექნიკა, 311 საარტილერიო სისტემა, 96 სარაკეტო სისტემა. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის სამხედროებმა ასევე, 54 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 135 თვითმფრინავი და 131 ვერტმფრენი გაანადგურეს. გარდა ამისა, აგრესორმა 1201 საავტომობილო მანქანა, 7 კატარღა, 75 საწვავის ავზი, 83 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 22 ერთეული სპეცტექნიკა და 4 ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემა დაკარგა.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, სულ უფრო მზარდი ხდება იმ სამხედროების რიცხვი, რომლებიც, უკრაინულ მხარეს ან ტყვედ ბარდებიან, ან საომარ მოქმედებებზე უარს ამბობენ და უკან მიდიან.

რადენიმე დღის წინ, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან 2 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე გაიყვანა. უკრაინის დაზვერვის მონაცემით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის მიერ უკრაინაში გადასროლილი სამხედროები საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. კერძოდ, საუბარია ე.წ. სამხრეთ ოსეთის მე-4 სამხედრო ბაზის შემადგენლობაზე.

ამას გარდა, ჩერნობილში სავარაუდოდ, რუსი ჯარისკაცები რადიაციით მასობრივად დასხივდნენ, ბელარუსის ქალაქ გომელში რადიაციული მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში 7 ავტობუსით რუსი სამხედროები მიიყვანეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×