რეზონანსი
23.02.2022

ევროკავშირი პუტინის ქმედებებს აღმოსავლეთ უკრაინასთან დაკავშირებით სანქციებით პასუხობს. ყველაზე მტკივნეულად მოსკოვში გერმანიის გადაწყვეტილება აღიქვეს, რომლის მიხედვითაც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის სერტიფიცირების პროცესი შეჩერდა. ამას თავად გერმანიის პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში მოჰყვა აზრთა სხვადასხვაობა და არაერთგვაროვანი შეფასებები.

უკრაინის სეპარატისტული რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების საპასუხოდ ევროკავშირმა რუსეთს გარკვეული სანქციები დაუწესა. რუსეთს ევროკავშირის ფინანსურ და კაპიტალურ ბაზარზე წვდომა მნიშვნელოვნად შეეზღუდება. ეგრეთ წოდებულ შავ სიაში მოხვდა რუსეთის პარლამენტის 351 წევრი, რომლებიც თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლად აღიარების პროცესში მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, ევროკავშირი უარს ამბობს იმ საბანკო დაწესებულებებსა და კერძო პირებთან თანამშრომლობაზე, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინას ემსახურებიან. 

უშუალოდ პუტინს სანქციები ჯერჯერობით არ ეხება, თუმცა ევროკავშირი განიხილავს მის შაც სიაში შეყვანას ესკალაციის გამწვავების შემთხვევაში.

პუტინის ქმედებას გერმანიაშიც მწვავე რეაქცია მოყვა. კერძოდ, გერმანიის კანცლერმა კატეგორიული უარი განაცხადა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ის პროექტის სისრულეში მოყვანაზე. როგორც ოლაფ შოლცმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მილსადენზე მუშაობა ამჟამად შეჩერებულია. მისივე სიტყვებით, ის ამაზე არ შეჩერდება, თუკი პუტინი აგრესიულ ქმედებებს განაგრძობს. 

„განხილვაშია სანქციების მთელი პაკეტი, რომელთა ამოქმედებაც მოვლენების შემდგომ განვითარებაზეა დამოკიდებული“, - განმარტავს ოლაფ შოლცი.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის და „მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენლის, რობერტ ჰაბეკის განცხადებით, ჩრდილოეთის ნაკადზე უარის თქმა გერმანიის ეკონომიკას მნიშვნელოვნად არ დააზარალებს. 

„გერმანია საკმარისად მარაგდება გაზით. ასე რომ, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არ ღირს იმ პოლიტიკურ რისკად, რომელიც მის ამოქმედებას თან ახლავს“, - განაცხადა ჰაბეკმა ტელეარხ „ცდფ“-თან ინტერვიუში.

ანალიტიკოს ალექსანდერ ლიბმანის მოსაზრებით, მიღებული ზომები რუსეთს მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს მიაყენებს, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ მის სახელმწიფო ვალებს. რაც შეეხება „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ს, ლიბმანი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება რუსეთისთვის მნიშვნელოვან დანაკარგს არ წარმოადგენს.

„ეს „გაზპრომს“ არ გააღატაკებს. გერმანიისთვის კი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია რუსული გაზი ენერგეტიკული ბალანსის აღსადგენად, რადგანაც იგი ატომურ ენერგიისა და ნახშირის მომხმარების შემცირებაზეა ორიენტირებული“, - გაუზიარა საკუთარი შეხედულება ლიბერმანმა ონლაინ გაზეთ „მდრ“-ს.

გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, „სპდ“-ს (სოციალ-დემოკრატიული პარტია) წევრი, ზიგმარ გაბრიელი აგრეთვე მიიჩნევს, რომ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-თან დაკავშირებული სანქცია გერმანიის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზარალებს, თუ გავითვალისწინებთ ენერგომატარებლებზე ისედაც მაღალ ფასებს.

„თუმცა მნიშვნელოვანია მსოფლიოს დავანახოთ, თუ რამდენად ძვირი ჯდება მშვიდობა“, - განაცხადა გაბრიელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბუნდესტაგში „აფდ“-ს (გერმანიის ალტერნატიული პარტია) ფრაქციის ხელმძღვანელმა, ალის ვაიდელმა მწვავედ გააკრიტიკა შოლცის გადაწყვეტილება. 

„პირველ რიგში, ეს ნაბიჯი დააზარალებს მოსახლეობას, რომლისთვისაც ენერგეტიკული რესურსები უკვე ფუფუნების საგანი გახდა. ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს მეზობელი ქვეყნების ატომური ელექტროენერგიით სარგებლობა, რადგანაც გერმანიის ენერგორესურსების შევსება სხვაგვარად შეუძლებელი გახდება“, - გამოხატა საკუთარი პოზიცია ვაიდელმა „რტლ“-ის ეთერში.

21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვრცელ სატელევიზიო მიმართვაში დაადასტურა, რომ ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლად აღიარების საკითხი „დიდი ხნის მომწიფებული“ იყო. 22 თებერვალს, რუსეთის დუმამ და ფედერაციის საბჭომ ერთხმად დაუჭირეს მხარი ახალ „სახელმწოფოებთან“ მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებების რატიფიცირებას.

თინათინ ბახტაძე

სპეციალურად „რეზონანსისთვის“ ბერლინიდან

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×