ხატია ბერიძე
08.12.2021

 

 რუსეთის და აშშ-ის ლიდერების სამშაბათის ონლაინ შეხვედრა თეთრმა სახლმა და კრემლმა სხვადასხვანაირად გააშუქეს. საუბრის ძირითადი თემა უკრაინის კრიზისი და რუსული არმიის უკრაინაში სავარაუდო შეჭრა იყო. საკმარისი იყო თუ არა ეს მოლაპარაკება დაძაბულობის განმუხტვისათვის და შეცვლის თ არა ოფიციალური მოსკოვი თავის გეგმებს მოსალოდნელი მძლავრი სანქციების გავლენით, ამაზე ექსპერტებს ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვთ.

შვიდ დეკემბერს ორი ქვეყნის პრეზიდენტებს, ვლადიმირ პუტინსა და ჯო ბაიდენს შორის ონლაინ სამიტი გაიმართა, სადაც ძირითადად უკრაინა-რუსეთის საზღვარზე მიმდინარე მოვლენები განიხილეს. თეთრი სახლის განცხადებით, ბაიდენმა პუტინს პირდაპირ უთხრა, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთს „ძლიერი ზომებით" უპასუხებდნენ.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის გარშემო ძალების ესკალაციის გამო და განაცხადა, რომ სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში აშშ და ჩვენი მოკავშირეები რუსეთს ძლიერი ეკონომკიური და სხვა სახის ზომებით უპასუხებენ.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. რუსეთს დეესკალაციისა და დიპლომტიური გზების დაბრუნებისკენ მოუწოდა.

„ორივე პრეზდენტმა თავის გუნდებს დაავალა, თვალყური ადევნონ მდგომარეობას და აშშ ამას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კორდინაციით გააკეთებს. პრეზიდენტებმა განიხილეს აშშ-რუსეთის დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ, ასევე ერთობლივი მუშაობა ისეთ რეგიონულ საკითხებზე, როგორიც ირანია", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

რუსული „რაშა თუდეის" ინფორმაციით, ონლაინ სამიტზე უკრაინის თემა დომინირებდა, მაგრამ სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს: კიბერუსაფრთხოება, აშშ-სა რუსეთს შორის დიპლომატიურ კრიზისი, შეიარღების კონტროლზე მოლაპარაკებები და ირანის ბირთვული შეთანხმების ხელახლა მიღწევის მცდელობას.

ბაიდენმა აშშ-ის შეშფოთება გამოთქვა იანვარში უკრაინაში შეჭრის სავარაუდო რუსული გეგმის შესახებ, რასაც მოსკოვმა ყალბი უწოდა. ამასთან, ბაიდენმა რუსეთი გააფრთხილა, რომ შეჭრის შემთხვევაში მის მიმართ ახალი სანქციები ამოქმედდებოდა. თეთრ სახლი მოსკოვის პასუხს, რომ ისინი არ აპირებენ უკრაინაში შეჭრას, უნდობლობას უცხადებს და წერს, რომ პუტინს უკვე გადაწყვეტილი აქვს უკრაინაში შეჭრა.

გარდა ამისა, პუტინი ნატოსგან გარანტიებს ითხოვს. მისი თქმით ნატო ანხორციელებს აგრესიულ ნაბიჯებს რუსეთის წინააღმდეგ, რის გამოც მოსკოვი დაინტერესებულია მტკიცე სამართლებრივი გარანტიებით, რომ აშშ-ს ხელმძღვანელობით ალიანსი აღარ გაფართოვდება აღმოსავლეთით და არ განათავსებს შეტევითი იარაღის სისტემებს რუსეთის მოსაზღვრე რომელიმე ქვეყანაში.

ასევე პუტინმა ბაიდენს შესთავაზა, რომ ორ ქვეყანას შორის მოხსნას ყველა შეზღუდვა საელჩოების და საკონსულოების ფუნქციონირებაზე, რომელიც ბოლო 7 წლის განმავლობაში დაწესდა.

კრემლის განცხადებით, ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა გააგრძელოს ურთიერთქმედება კიბერდანაშაულთან ბრძოლაში, როგორც ტექნიკურ, ასევე სამართალდამცავ დონეზე.

პოლიტოლოგი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ბაიდენმა პუტინს სერიოზული საფიქრალი გაუჩინა.

„ბაიდენის მხრიდან გაჟღერდა კონკრეტული მოთხოვნები და გაფრხილებები. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც რუსეთს უთხრა, არის გაფრთხილება, რომ რუსეთი თუ ომს დაიწყებს, ის მთელი დასავლეთის კოლექტიურ გაერთიანებას დაუპირისპირდება. მეტიც, მან ირიბად უთხრა, რომ დასავლეთმა შეიძლება უკრაინა იარაღით მოამარაგოს.

„ბაიდენის მხრიდან მსგავსი განცხადებები სავარაუდოდ პუტინს მინიმუმ საფიქრალს გაუჩენდა. თუმცა, რთულია განსაზღვრო რას ფიქრობს პუტინი, რადგან მისი ნაბიჯები ხშირად ძალიან ალოგიკურია.

„წესით, ამ საუბრის მერე პუტინი ყველაზე ცუდ ვარიანტზე იფიქრებს, რაც შეიძლება რუსეთს დაატყდეს და ამის შემდეგ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს. თუ პუტინი ომს აირჩევს, ამას უახლოესი თვეების განმავლობაში გავიგებთ", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ეს მოლაპარაკება სრულყოფილი არ იყო, მხარეებმა უბრალოდ თავისი მოსაზრებები დააფიქსირეს და მდგოამრეობის განმუხტვისათვის პრეზიდენტების კიდევ ერთი, ოღონდ პირისპირ შეხვედრაა საჭირო.

„ბაიდენის და პუტინის შეხვედრა ორივე მხარემ სხვადასხვანაირად გააშუქა და ამიტომ დარჩა გაურკვევლობის შეგრძნება. მაგრამ ის, რომ ეს ორი მხარე ერთ შეთანხმებამდე ვერ მივიდა, ეს ორივე მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში იგრძნობა. მათ საკუთარი აზრები დააფიქსირეს და ამით დაასრულეს.

„შესაძლოა ამის მიზეზი სამიტის ფორმატი იყო. ასე რომ, ისინი აუცილებლად უნდა შეხვდნენ პირისპირ და ისე იმსჯელონ ამ საკითხზე, თუ უნდათ, რომ შეთანხმება შედგეს.

„ასევე პუტინის მხრიდან იგრძნობოდა ცინიზმი ბაიდენის მიმართ. იგი აშშ-ის პრეზიდენტს არ აღიქვამს თანაბარ კონკურენტად და არც თანასწორ მოთამაშედ. არ მგონია პუტინმა გაფრთხილებისა და მუქარის მიუხედავად რაიმე გეგმა შეცვალოს. ის მის გეგმებს გვერდს არ აუვლის და მინიმუმ იმას მაინც შეეცდება, რაც არაერთხელ გაახმოვანა - რომ რუსეთი ხელს შეუშლის უკრაინა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას",- ამბობს ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×