თამთა ჩაჩანიძე
12.10.2021

ბრიტანული მედია რუსულ სპეცსამსახურებს „ასტრაზენეკას" ვაქცინის ფორმულის მოპარვაში ადანაშაულებს. გამოცემა „სანი" ამ ინფორმაციას თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და აცხადებს, რომ აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, რუსებმა კორონავირუსის საწინააღმდეგი საკუთარი ვაქცინა „სპუტნიკ V" სწორედ „ასტრაზენეკას" ვაქცინის ფორმულის გამოყენებით შეძლეს. რუსული მხარე ამ ცნობებს გადაჭრით უარყოფს.

ეს ინფორმაცია „სანმა" 11 ოქტომბერს გამოაქვეყნა. 12 ოქტომბერს კი ამას კოლექტიური წერილით უპასუხეს „სპუტნიკ V"-ს შემქმნელებმა. ისინი მიიჩნევენ, რომ

„ტაბლოიდ „სანში" გამოქვეყნებულ ამ ვერსიას მსოფლიოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინის მოწინააღმდეგეები ლობირენენ. მიგვაჩნია, რომ ასეთი თავდასხმები უაღრესად არაეთიკურია, რადგან ისინი ძირს უთხრის ძალისხმევას გლობალურ ვაქცინაციაზე", - აღნიშნულია რუს მეცნიერთა წერილში.

მათივე ცნობით, ეს ბრალდება „მეცნიერული თვალსაზრისით აბსოლუტურად უაზროა, ვინაიდან ოქსფორდის და რუსული ვაქცინები სხვადასხვა პლატფორმაზეა დაფუძნებული".

„სანმა" 11 ოქტომბერს გამოქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ „ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთმა ჯაშუშმა" ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია „ასტრაზენეკას" მიერ ერთობლივად შემუშავებული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ფორმულა მოიპარა და შემდგომში ის, აშშ-ის დაზვერვის მონაცემების თანახმად, რუსულ ვაქცინა „სპუტნიკ V"-ის შესაქმნელად გამოიყენეს.

ამ პუბლიკაციას პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვიც გამოეხმაურა.

„გაზეთი „სანი" - ეს ხომ საკმაოდ ცნობილი და ღრმად ანტიმეცნიერული გამოცემაა და ამ პუბლიკაციასაც ჩვენ ალბათ სწორედ ამ კუთხით უნდა შევხედოთ", - განაცხადა პუესკოვმა.

ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბერში „როიტერმა" ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომპანია „ასტრაზენეკას" კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ფორმულის მოპარვას ჩრდილოეთ კორეა ცდილობდა. მათი ცნობით, ჰაკერების ამისთვის „ლინკდინისა" და „ვოთსაფის" პლატფორმები გამოიყენეს. მას შემდეგ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია კიბერთავდასხმების შესახებ.

რუსეთის ხელისუფლებამ თავისი წარმოების „კოვიდ-19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიაზაციის მოთხოვნით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას პირველად მიმდინარე წლის თებერვალში მიმართა. სექტემბრის შუა რიცხვებში ჯანმომ „კოვიდ-19"-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის ავტორიზაციის პროცესი შეაჩერა. როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, „სპუტნიკ V"-ის წარმოების პროცესი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, მათი განცხადებით, ვაქცინის ავტორიზაციის პროცესი მას შემდეგ განახლდება, რაც მათ მიეცემათ საშუალება „სპუტნიკ V"-ის მწარმოებელი ერთ-ერთი ქარხანა მოინახულონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×