სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "აგვისტოს ომის შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან იარაღი გაედინებოდა და მათი დიდი ნაწილი მართლაც მოხვდა ჩეჩნეთში"
    ბექა ქურხული
    26.09.2009

    მეტიც, ამ კონფლიქტში ჩათრეული აღმოჩნდა არა მარტო ჩეჩნეთი, არამედ ინგუშეთისა და დაღესტნის რესპუბლიკები.
    ჩრდილოკავკასიელები განსაკუთრებით წლევანდელ ზაფხულს გააქტიურდნენ. ყოველ დღე, ხშირად დღეში რამდენიმეჯერ ხდებოდა დივერსიულ-ტერორისტული აქტები, ე.წ. კავკასიური იმარატის მოჯაჰედები თავს ესხმოდნენ და ცხრილავდნენ ადგილობრივ მილიციონერებსა და რუს სამხედროებს. ააფეთქეს და სიკვდილს ძლივს გადაურჩა ინგუშეთის პრეზიდენტი იუნუს-ბეკ ევკუროვი. ამის გარდა, რამდენიმე ხმაურიანი ტერაქტი განხორციელდა ნაზრანსა და მაჰაჩყალაში. მოკლეს დაღესტნის შს მინისტრი ატგირიევი.
    რუსი ძალოვნები და მათი ჩრდილოეთ კავკასიელი ემისრები საპასუხოდ აწყობდნენ ე.წ. "ჩისტკებს", იტაცებდნენ და კლავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. გაიტაცეს და მოკლეს არასამთავრობო ორგნიზაცია "მემორიალის" რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველი ნატალია ესტემიროვა. ასეთ "კონტრტერორისტული ქმედებები" მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ რუსეთს სულ უფრო და უფრო უჭირს სიტუაციის გაკოტროლება ჩრდილოეთ კავკასიაში.
    ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა კავკასიური იმარატის ხელმძღვანელმა დოკუ უმაროვმა: "ვფიცავ ალაჰს, მე არ დავღლილვარ. ვფიცავ ალაჰს, მოჯაჰედები არ დაღლილან. ვფიცავ ალაჰს, არასოდეს არ დავიღლებით"...
    ჩრდილოეთ კავკასიაში წარმოქმნილ ურთულეს ვითარებას ვეღარც მოსკოვისაგან უსაზღვრო ძალაუფლებითა და სისასტიკით განთქმული რამზან კადიროვი აკონტროლებს. ჩეჩნეთის პრეზიდენტს აშკარა დაბნეულობა ეტყობა. ჯერ იყო და, ყველაზე გართულებულ დროს "მოკლევადიანი შვებულება" აიღო, შემდეგ "მემორიალის" თანამშრომელ ოლეგ ორლოვს სასამართლოში უჩივლა "ღირსების, იმიჯისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო", იამადაევის კლანს "ბოლომოღებული ნარკომანების ბანდა უწოდა". შემდეგ გაზომბებულ ვაჰაბიტებზე ალაპარაკდა, ბოლოს კი, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის დაზვერვა დაადანაშაულა ჩრდილოკავკასიური ომის ესკალაციაში და არც საქართველო და აზერბაიჯანი დაივიწყა.
    კადიროვის დაბნეულობა და შიში გასაგებიც არის, რადგან მან ყველაზე კარგად იცის, რომ "მოჯაჰედები მართლაც არ დაღლილან", მათ კადიროვზე ჩეჩნური ვენდეტა - "ჭირ ლიეხნ" - ანუ ჭირის დაბრუნება აქვთ გამოცხადებული და შეიძლება ძალიან მალე რამზან კადიროვსაც ისევე მისწვდნენ, როგორც მანამდე მამამისს - ახმად კადიროვს.
    ამ ამბებით აფორიაქებული ჩეჩნეთის პრეზიდენტი, რომელსაც უკვე ძალიან ბევრი სისხლი აწევს, სულ უფრო და უფრო "საინტერესო" განცხადებებს აკეთებს. მაგალითად, თავის ინტერვიუში, რომელიც რუსულ გაზეთს - "ზავტრას" მისცა, ამტკიცებს, რომ მის გარემოცვაში ჯაშუშია შეპარული. ამის გარდა, კადიროვი იმ მიზეზებზეც საუბრობს, რომლის გამოც ჩრდილოკავკასიაში უკვე დასრულებულად გამოცხადებული საბრძოლო ქმედებები კვლავ არ წყდება.
    თუ ადრე კადიროვი აცხადებდა, რომ ბოევიკები მხოლოდ "სპეციალური აბების საშუალებითღა გვიწევენ წინააღმდეგობას, რომლითაც მათ ვაჰაბიტები აზომბებენო", ახლა უფრო სერიოზული ამბავი აღმოაჩინა. კერძოდ, ის, რომ მოჯაჰედებს კავკასიის მთებში აშშ-სა და დიდი ბრიტანეთი სპეცსამსახურები აგზავნიან.
    "მათ იარაღის საწყობები საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტრიაზე აქვთ განთავსებული. სწორედ აქედან მარაგდებიან იარაღითა და ტყვია-წამლით ბოევიკები", - ამტკიცებს კადიროვი.
    ცოტა ხნით ადრე ჩეჩნეთის პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ ბოევიკები "ცხოვრებაზე განაწყენებული და დაბოღმილი ადამიანები არიან, ხოლო შვებულებაში იმისთვის გავიდა, რომ პირადად ეომოს მათ".
    თუმცა კადიროვმა, სანამ პირადად გაუსწორდებოდა მოჯაჰედებს, წინადახედულობა გამოიჩინა და მათთან საბრძოლველად ჯერ ორი თავისი თანამებრძოლი მაჰომედ ხამბიევი და შაა ტურლაევი გააგზავნა. მას შემდეგ რაც ორივე მათგანი, მთებში ფეხის შედგმისთნავე უკვალოდ გაქრა, ასევე წინდახედულად გადაიფიქრა "პირადად ბრძოლის წარმოება," სამსახურში დაბრუნდა და ახალი განცხადება გააკეთა.
    "ჩვენ უცხოელ სპეცრაზმელებთან გვაქვს საქმე. ისინი არიან არა თავისუფლებისათვის მებრძოლი ადამიანები, არამედ ბრწყინვალედ მომზადებული ტერორისტები. ისინი არ ებრძვიან კადიროვს, ისინი ებრძვიან რუსეთის სახელმწიფოს და მის ერთიანობას", - ამ განცხადების შემდეგ, რომ ჩეჩნეთში იბრძვიან არა "ზომბები, ნარკომანები და ცხოვრებაზე განაწყენებული ადამიანები", არამედ "ბრწყინვალედ მომზადებული ტერორისტები", კადიროვმა კიდევ უფრო საინტერესო განცხადება გააკეთა რუს ჟურნალისტებთან საუბრისას:
    "ვფიქრობ, სიტუაციის გაკონტროლება კიდევ იმიტომ გვიჭირს, რომ ჩემს უახლოეს გარემოცვაში დოკუ უმაროვის შემოგზავნილი ემისარია. ამაზე ფიქრიც კი ძალიან მაშფოთებს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. უმაროვი რამდენჯერმე მოვაქციეთ ალყაში, დავხოცეთ მისი უახლოესი თანამებრძოლები, მაგრამ ის ყოველთვის აღწევს თავს გარემოცვიდან. უკანასკნელად სამი დღის წინათ შემოვარტყით ალყა, მაგრამ ისევ უშედეგოდ. ეს იყო ძალიან გასაიდუმლებული ოპერაცია. როგორც ჩანს, ინფორმაციამ მაინც გაჟონა".
    კადიროვი ჟურნალისტებთან საუბარში აღიარებს, რომ მან ამის გამო "მოსვენება დაკარგა":
    "ძალიან ბევრს ვფიქრობ ამ ფაქტზე. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მალე გაირკვევა და დამთავრდება. თუმცა, ინფორმაციას ველი არა გარედან, არამედ ზევიდან, ყოვლისშემძლე ალაჰისაგან", - აცხადებს რუსეთის სახელმწიფოს დიდი პატრიოტი და გულშემატკივარი რაზმან კადიროვი. რამდენად დაეხმარება ალაჰი ჩეჩნეთის პრეზიდენტს "რუსი სახელმწიფოებრიობის დასანგრევად მებრძოლი მოჯაჰედების" წინააღმდეგ, ძნელი სათქმელია, მაგრამ მან რომ მართლაც "დაკარგა მოსვენება," ეს ფაქტია.
    "რეზონანსმა" ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა ექსპერტსკავკასიურ საკითხებში მამუკა არეშიძეს:
    "რაც შეეხება ბოევიკების ბაზებსა და იარაღის საწყობებს საქართველოში და აზერბაიჯანში, ცალსახად შემიძლია განვაცხადო, რომ ასე არ არის. საერთოდ, რამზან კადიროვი ან რუსეთის დავალებას ასრულებს და რაც უბრძანეს იმას აცხადებს, ან, უბრალოდ, სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს და თავს იმართლებს. თუმცა, ფორმალურად კადიროვი მართალია. საქართველოს ტერიტორიიდან, კერძოდ კი, ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ომის შემდეგ აგვისტოდან თითქმის დეკემბრამდე ზღვა იარაღი გაედინებოდა და მათი დიდი ნაწილი მართლაც მოხვდა ჩეჩნეთში.
    იარღის ძირითად ნაწილს თავად რუსები ყიდიან ჩრდილოეთ კავკასიაში, შემიძლია კონკრეტული ადგილიც დავასახელო: ბამუტის რაიონის სოფელ ჩირი-იურტში, რუს "პრაპორშჩიკებს" პირდაპირ იარაღის ბაზარი ჰქონდათ გამართული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სერიოზული იარაღისა და ტყვია-წამლის საქართველოდან ან აზერბაიჯანიდან მთის ბილიკებზე თრევას აზრი არა აქვს, პატარა იარაღის აქედან წაღებას კი - მით უმეტეს. ეს ოპერაციები რუსეთის გავლით უფრო იაფიც ჯდება.
    რაც შეეხება სპეცსამსახურებს, არ გამოვრიცხავ, რომ დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებს კავკასიაში მართლაც ჰქონდეთ გარკვეული ინტერესები. მაგალითად, ბრიტანეთის დაზვერვასთან, სავარაუდოდ, თანამშრომლობდა პოლონელი წარმოშობის მუსლიმანი, მანსურ იახიმჩიკი, რომელიც ხოჯ-აჰმედ ნუხაევის მოადგილე იყო და კემბრიჯის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული. ამ ამბებთან არის დაკავშირებული არბი ბარაევის მიერ დახოცილი 4 ჟურნალისტის სკანდალური საქმეც, რომელთაგან 3 ინგლისელი და ერთი ახალზელანდიელი იყო. თუმცა, ეს ყველაფერი საერთოდ კავკასიურ თამაშებში მაინც ძალიან უმნიშვნელო როლს თამაშობს. მთავარ პრობლემად ჩრდილოეთ კავკასიაში მაინც რუსული პოლიტიკა, რუსული ფული და რუსული იარაღი რჩება", - ამბობს არეშიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter