თამთა ჩაჩანიძე
19.10.2020

ჩეჩნური ოპოზიციური მედიასაშუალება რამზან კადიროვის რეჟიმის წინააღმდეგ მორიგ სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტების მიერ შექმნილმა ტელეგრამ არხმა „1ადათმა", ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კადიროვის რეჟიმის ძალოვნებმა რეგიონში 53 ადამიანი გაიტაცეს, 20 გაათავისუფლეს, ხოლო სულ მცირე ერთი ადამიანი კი მოკლეს მხოლოდ იმის გამო, რომ დევნილობაში მყოფი ჩეჩენი ბლოგერის გვერდი დაალაიქეს.

ერთ-ერთი მსხვერპლი ჩეჩნეთის სოფელ გეხი-ჩუს 26 წლის მკვიდრი ასჰაბ ჯამალდინოვია, რომელიც ტუმსო აბდურახმანოვის ვიდეოს მოწონების გამო, დაახლოებით ორი კვირის წინ შუაღამით გაიტაცეს.

ადამიანების გატაცებისა და გაუჩინარების ფაქტს გამოცემა „კავკაზსკი უზელიც" გამოეხმაურა.

ტელეგრამ არხი „1ადათი" ჩეჩენმა ოპოზიციონერმა აქტივისტებმა 2020 წლის მარტში შექმნეს. ამ არხზე კადიროვის რეჟიმის დანაშაულების, კორუფციის, ადამიანების გატაცებების და დაკავებების შესახებ ინფორმაციები ვრცელდება.

26 წლის ასჰაბ ჯალმადინოვის გატაცებაზე გავრცელებულ ინფორმაციაში ბლოგის ავტორები აღნიშნავენ, რომ ჯალმადინოვს სახლში ორი შვილი და ავადმყოფი დედა ჰყავს, მათი თქით, გატაცებულის ნათესავებს აშინებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ რეგიონიდან და სოფლიდან არ გასულიყვნენ. სანამ ნათესავები გამტაცებლების ბრძანებას ემოირჩილებოდნენ, ჯალმადინოვს ყოველ დღე ამცირებდნენ და აწამებდნენ.

ჟურნალ „დაფტარის" რედაქტორი და უფლებადამცველი სვეტლანა ანოხინა წყაროსთან აცხადებს, რომ ვითარებიდან გამომდინარე, ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერები იძულებულები არიან, რომ ანონიმურობის დაცვის რეჟიმში იმუშაონ.

„ჩეჩნეთი ისეთი რეგიონია, სადაც საკმაოდ რთულია ისეთი ადამიანების პოვნა, რომლებიც მზად არიან ვინაობა გაამხილონ და თან რაიმე დაგიდასტურონ, რადგან ეს მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნით," - განაცხადა რედაქტორმა.

შეგახსენებთ, რომ ტუმსო აბდურახმანოვი ჩეჩენი ბლოგერი და ქტივისტია, რომელიც კადიროვის რეჟიმს აქტიურად ებრძვის, კადიროვის ნათესავთან კონფლიქტისა და ჩეჩნეთის ხელისუფლების დევნის გამო, რეგიონი დატოვა.იგი კადიროვის რეჟიმის მწვავე კრიტიკას განაგრძობს.

იგი ერთ-ერთ ინტერვიუში მათ წინააღმდეგ კადიროვის რეჟიმის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.

„აქამდე განსხვავებული აზრის გამო გვაწამებდნენ, გვიტაცებდნენ, გვასამართლებდნენ გაყალბებული სისხლის სამართლის საქმეებით, გვაიძულებდნენ საჯაროდ ბოდიშის მოხდას და გვხოცავდნენ, ახლა კადიროვმა დასჯის მეთოდები გააფართოვა," - აღნიშნა აბდურახმანოვმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×