
18 ოქტომბერს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეა და წელს ამ დღეს აზერბაიჯანში ამის გარდა ყარაბაღის ომში მიღწეულ წარმატებებსაც ზეიმობენ. ანალიტიკოსთა შეფასებით, სომხეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებული დაპირისპირების ამ ეტაპზე უპირატესობა სწორედ აზერბაიჯანის მხარესაა, რომლის არმიამაც რამდენიმე სოფელსა და რაიონულ ცენტრზე დაამყარა უკვე კონტროლი და სამხრეთით ირანის საზღვრის მიმართულებით ავითარებს იერიშს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ რაიონული ცენტრი ფიზული და რამდენიმე სოფელი აიღეს. სომხეთის მხრიდან ამას არ მოჰყოლია ოფიციალური უარყოფა. გარდა ამისა, როგორც ექსპერთა ნაწილი ვარაუდობს, შესაძლოა აზერბაიჯანელებმა შეტევას ლაჩინის მიმართულებით დაიწყონ და ლაჩინის კორიდორი თუ გადაკეტეს, სომხეთსა და ყარაბაღს შორისაც კავშირი გაწყდება.
როგორც სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, წმინდა სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, თუ აზერბაიჯანმა ყარაბაღთან მდებარე რაიონების ბედი სათავისოდ გადაწყვიტა, შესაძლოა სომხეთს არაღიარებულ რესპუბლიკასთან კომუნიკაციის საშუალება აღარ მიეცეს, რაც, მისი თქმით, საბოლოოდ ყარაბაღის ბედსაც გადაწყვეტს.
„ალიევმა, შეიძლება ითქვას, თავისი გეგმა მინიმუმი დააკონკრეტა - ეს არის ჯერ ხუთი და შემდეგ კიდევ ორი რაიონის გათავისუფლება და მერე დავილაპარაკოთ მთიანი ყარაბაღის სტატუსზეო. ანუ ეს ნიშნავს, რომ 26 წლის წინ, როდესაც სომხეთმა მთიანი ყარაბაღის ყოფილ ავტონომიურ ოლქზე დაამყარა, ამის გარდა აზერბაიჯანის კიდევ შვიდ რაიონს დაეპატრონა, რომლებიც უშუალოდ მთიან ყარაბაღს ესაზღვრებიან, მაგრამ ისინი ყარაბაღის შემადგენლობაში არასდროს არ შედიოდნენ.
„სომხეთმა მაშინ ეს ზონებიც აიღო წმინდა სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით - დერეფანი და ბუფერული ზონები გააკეთა. სწორედ ეს ბუფერული ზონებია, რომლის აღებაზეც დღეს აზერბაიჯანის არმია ასეთ დროს და ენერგიას ხარჯავს.
„სომხეთს ეს ბუფერული ზონები აზერბაიჯანისთვის ნელ-ნელა უნდა გადაეცა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ეს არ გაკეთდა. ახლა აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ჯერ ეცდება ეს რაიონები დაიბრუნოს. ამაში რა თქმა უნდა ლოგიკა არის, მაგრამ თუ მან ეს რაიონები დაიბრუნა, ეს ნიშნავს, რომ უშუალოდ სომხეთის რესპუბლიკას არაღიარებულ მთიან ყარაბაღთან კომუნიკაციები გაუწყდება, ანუ გზები საერთოდ აღარ ექნება, ეს კი ნიშნავს, რომ მთიანი ყარაბაღის ბედიც ადრე თუ გვიან გაირკვევა.
„თუ რუკას დავხედავთ, სამხრეთ რაიონები - ფიზული და სხვები - რომლებიც აიღეს, უშუალოდ ირანს ესაზღვრება. ანუ ირანთან აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთი რაც იყო, ამას სომხეთის მხარე 26 წელი აკონტროლებდა, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ნელ-ნელა აზერბაიჯანის არმია უტევს, უშუალოდ ირანის საზღვარზე გადიან, უკვე რამდენიმე საგუშაგო აიღეს.
„შეტევები სწორედ ჩრდილოეთსა და სამხრეთ მიმართულებით იმიტომ მიდის და არა ცენტრალურზე, რომ ცენტრალურ მიმართულება, სადაც სტეფანაკერტი და შუშაა, ეს სომხეთის არმიის მიერ ყველაზე მეტად გამაგრებულია. იქ ყველაფერი დანაღმულია და წარმატებული შეტევა თითქმის შეუძლებელია. ამიტომაც აზერბაიჯანის არმიამ შეტევები სხვა მიმართულებით დაიწყო.
„თუ მათ შეძლეს და ფლანგებიდან შევიდნენ და ბოლოს სომხეთის რესპუბლიკასთან არაღიარებული მთიანი ყარაბაღის კავშირი გადაჭრეს. ეს ბაქოს ძალიან დიდი წარმატება იქნება,"- განაცხადა ალადაშვილმა.
როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, აზერბაიჯანი ბოლომდე ეცდება მთიანი ყარაბაღის ტერიტორიებზე სრული კონტროლის დამყარებას და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს დიპლომატიური მოლაპარაკებების შედეგად მიღებული შეთანხმებების შესრულებას:
„აზერბაიჯანისთვის ეს ტერიტორიული მთლიანობის საკითხია და ის ბოლომდე წავა, არ დაიხევს უკან. აზერბაიჯანისთვის პრინციპული საკითხია 7 ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლება. ის სამხრეთისაკენ აფართოებს პლაცდარმს.
„აზერბაიჯანმა აგდამი ფაქტობრივად ჩაიგდო ხელში, ჯიბრაილისა და ფიზულის რაონებიც ფაქტობრივად აიღო და ახლა მიდის სამხრეთის მხარეს პლაცდარმის გაფართოება, რადგან დანარჩენი რაიონებიც ამ მიმართულებითაა.
„აზერბაიჯანი მოქმედებს „გაჭიანურებული ბლიცკრიკის" სტრატეგიით. თუ მან მაქსიმალურად ვერ შეძლო ახლა იმ ტერიტორიის დაკავება, რომელიც თავიდანვე ჰქონდა და წავიდა მოლაპარაკებაზე, ჩათვალეთ, რომ აზერბაიჯანი დაკარგავს იმიჯსა და ინიციატივას, საკუთარ მოსახლეობაში ალიევი დაკარგავს იმ მხარდაჭერას, რომელიც გააჩნია. ამის გამო შესაძლოა აზერბაიჯანი აღმოჩნდეს სამოქალაქო ომის წინაშე.
„7 ოკუპირებული ტერიტორიიდან 5-6 მაინც რომ გაათავისუფლოს აზერბაიჯანმა, მაშინ წავა სამშვიდობო ინიციატივაზე", - ამბობს მაისაია.