თამთა ჩაჩანიძე
30.09.2020

„ეს, ძირითადად, უფრო მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერის სახით შეიძლება, იყოს აღქმული, თორემ ლუკაშენკოს რეჟიმს ბუნებრივია, ვერ ჩამოშლის", - ასე აფასებს „რეზონანსთან" „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი კორნალი კაკაჩია დიდი ბრიტანეთისა და კანადის მიერ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს, მისი ვაჟისა და კიდევ რამდენიმე ბელარუსი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

როგორც ცნობილია, ბრიტანეთის ხელისუფლებამ და კანადამ კოორდინაციის საფუძველზე ლუკაშენკოს, მის ვაჟსა და ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესეს.

„ახალი სანქციები გულისხმობს მოგზაურობაზე აკრძალვასა და ანგარიშების გაყინვას ბელარუსის რეჟიმის 8 წარმომადგენლისთვის, მათ შორის არიან: ალექსანდრე ლუკაშენკო, მისი შვილი ვიქტორი და ასევე _ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იგორ სერგეენკო", - ნათქვამია ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

როგორც კაკაჩია ამბობს, აღნიშნული სანქციები უფრო მორალური მხარდაჭერაა, რადგან, მისი აზრით, რეალური შედეგისთვის მაღალჩინოსანთა ვიწრო წრე საკმარისი არაა.

„ეს, ძირითადად, უფრო მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერის სახით შეიძლება იყოს აღქმული, თორემ ლუკაშენკოს რეჟიმს, ბუნებრივია, ვერ ჩამოშლის, მაგრამ, მთლიანობაში, ამ სოლიდარობას მაინც უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

"ეს ვიწრო წრე საკმარისი არ იქნება, ალბათ, იმისათვის, რომ სანქციები ეფექტური იყოს, მაშინ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ და მთლიანად იზოლირებული უნდა იყოს რეჟიმი, რომლისკენ გადაწყვეტილებაც მგონია, რომ, ჯერჯერობით, არ შეინიშნება თუნდაც დასავლეთის მხრიდან", - განაცხადა მან.

თითქმის ორი თვეა, რაც ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მრავალათასიანი გამოსვლებით აპროტესტებენ, ამის მიუხედავად კი ლუკაშენკოს ინაუგურაცია საიდუმლოდ მაინც შედგა. რიგი დემოკრატიული ქვეყნები აღნიშნავენ, რომ ლუკაშენკოს ინაუგურაცია ლეგიტიმურ პრეზიდენტად მის აღიარებას არ ნიშნავს.

როგორც კაკაჩია აღნიშნავს, ამჯერად უკვე ქუჩაში გასულ ხალხზეა დამოკიდებული, რომ დაწყებული „ნერვების ომი" მოიგონ.

„იქიდან გამოდმინარე, რომ მსოფლიოში, ბელარუსის გარდა, უამრავი სხვა პრობლემაა, კორონავირუსი და სხვა, ძალიან რთულია ერთ თემაზე კონცენტრირება. იგივე ემართება ნებისმიერ საკითხს, მათ შორის საქართველოს საკითხებსაც.

"დღეს ძალიან რთულია, რომ ერთ რამეზე მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ფოკუსირება ერთ კვირაზე მეტხანს გაგრძელდეს და ეს ყურადღება თუ გამოყენებული არ იქნა, მერე უკვე უკრაინისა და ყირიმის ოკუპაციამ დაგვანახვა, რომ ძალიან ჭირს, საერთაშორისო თანამეგობრობა იმავე თემას დაუბრუნდეს.

„ზუსტად იგივე ემართება ბელარუსს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ნომერი პირველი საკითხი იყო, მაგრამ ახლა უკვე აშკარად სხვა თემებმა გადაფარა.

„ფაქტია, რომ ბევრი რამ ხალხზეა დამოკიდებული, რას იზამენ და რამდენად აქვთ პასუხისმგებლობა აღებული, რამდენად მზად არიან, რომ უკან არ დაიხიონ. ამ ხანგრძლივვადიანი პერიოდისთვის აქ უკვე „ნერვების ომია" დაწყებული.

"ვისაც პირველად უმტყუნებს ნერვები, ალბათ, ის წააგებს. ლუკაშენკოს მხარს ძალოვანი სტრუქტურები უჭერენ. აქ ერთი ბზარი თუ გაჩნდა, ეს შესაძლოა, საკმარისი იყოს, რომ სისტემა ჩამოიშალოს ან პირიქით, ოპოზიციის მხარეს თუ გაჩნდა მსგავსი რამ", - განაცხადა კაკაჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×