თამთა ჩაჩანიძე
16.09.2020

ინგუშეთის დედაქალაქ მაგასის რაიონულმა სასამართლომ ადგილობრივი ოპოზიციური გამოცემა „ფორტანგას" ყოფილი რედაქტორი რაშიდ მაისიგოვი დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვაში და 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ახლო მომავალში მას კიდევ ერთი სასამართლო ელის - მაისიგოვს ამჯერად ინგუშეთის საქართველოსთან შეერთების მოწოდების გამო გაასამართლებენ.

როგორც ინგუშეთის ადამიანის უფლებათა ცენტრი „მემორიალი" იტყობინება, სასამართლომ ჟურნალისტის მიერ შინაპატიმრობაში და წინასწარი დაკავების იზოლატორში გატარებული დრო გაითვალისწინა და შედეგად, ამ განაჩენით იგი კოლონაში ორ წელსა და სამ თვეს დაჰყოფს. აღსანიშნავია ისიც, რომ პროკურორმა, მაისიგოვისთვის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.

როგორც თავად ჟურნალისტი აღნიშნულთან დაკავშირებით ამბობს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არა ნარკოტიკების შენახვას, არამედ ინგუშეთში პოლიტიკური მოვლენების გაშუქებას უკავშირდება.

„წარმოდგენა არ მაქვს ჰეროინის პაკეტი ჩემს ჯიბეში როგორ აღმოჩნდა,"- განაცხადა რაშიდ მაისიგოვმა.

„ფორტანგას" ყოფილი რედაქტორი მაისიგოვი გასული წლის ივლისში დააკავეს, ჩხრეკისას მის ჯიბეში ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინის პაკეტი, ხოლო მის ბინაში კი პროკლამაციები იპოვეს, რონელიც ინგუშეთის რუსეთის შემადგენლობიდან გამოსვლისა და საქართველოს შემადგენლობაში შესვლის მოწოდებას შეიცავდა.

როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, მაისიგოვს დანაშაული წამების ქვეშ აღიარებინეს. ამას გარდა მას კიდევ ახალი სასამართლო ელის - მაისიგოვს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 280-ე მუხლით გაასამართლებენ, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ საჯარო მოწოდებას ითვალისწინებს, რაზედაც პირველი სასამართლო სხდომა 30 სექტემბერსაა დაგეგმილი.

პროკლამაციები ინგუშეთის საქართველოსთან შეერთების მოთხოვნით ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში და სხვა მსხვილ დასახლებულ პუნქტებში გასულ წელს გამოჩნდა. პროკლამაციები განცხადებებისთვის განკუთვნილ დაფებზე, ხეებსა და შენობების კედლებზე იყო გაკრული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Robi   (17.09.2020)
Gachirebuli bichi carmomidgenia ra dgeshi eyolebat.tavisupalu kavkasia yruusets aranairad ar acyobs.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×