
ბრიტანელმა მეცნიერებმა კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებზე დაკვირვების შედეგად შეიმუშავეს ფორმულა, რომლითაც კორონავირუსული ინფექციისგან პაციენტის გადარჩენის შანსების გამოთვლაა შესაძლებელი - ამის შესახებ ცნობილი ბრიტანული გამოცემა „მირორი" იტყობინება. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ ფორმულით ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენენ, რადგან მკურნალობის მეთოდი უფრო ინდივიდუალური იქნება.
რისკის შეფასების ფორმულა პაციენტებს ოთხ განსხვავებულ ჯგუფებად ჰყოფს, კვლევის თანახმად, პირველ კატეგორიაში სიკვდილის რისკი კორონავირუსის ყოველ მეასე შემთხვევაზე მოდის, ხოლო ბოლო კატეგორიაში, როიმელშიც მძიმე პაციენტები შედიან, შესაძლოა ასი პაციენტიდან კორონავირუსს სავარაუდოდ 62 ემსხვერპლოს.
აღსანიშნავია, რომ ექსპერტებმა ამ ფორმულაში შეიტანეს ისეთი პარამეტრები, როგორიცაა ასაკი, სქესი, მანამდე არსებული, ან თანდაყოლილი დაავადებების რაოდენობა, სუნთქვის სიხშირე და სისხლის ანალიზის ორი ტესტის შედეგები.
ამავე დროს, მკვლევარებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სიკვდილის რისკის დადგენის მექანიზმი შეიძლება მხოლოდ პაციენტის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში იქნას გამოყენებული.
ბრიტანელმა მკვლევარებმა ამ კვლევაში თებერვლიდან მაისამდე ინგლისის, უელსის და შოტლანდიის 260 საავადმყოფოს კორონავირუსით დაავადებული პაციენტების კლინიკური მონაცემები შეაგროვეს, ფორმულის სიზუსტე კი იმ 22 ათასი პაციენტის მონაცემებზე დაყრდნობით შეიმუშავეს, რომელთა ჰოსპიტალიზაციაც მაისიდან ივნისის ბოლომდე განხორციელდა.
ივლისში ამერიკელმა ექიმებმა დაადგინეს, რომ ჭარბი წონა კორონავირუსით ინფიცირებულთა სიკვდილიანობის რისკს ზრდის, რისკის ჯგუფში კი კვლევის თანახმად 65 წლამდე ასაკის ჭარბწონიანი ადამიანები შედიოდნენ, ამავდროულად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანისთვის ზომაზე დაბალი წონაც რისკის ფაქტორია.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის 27 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსის შედეგად 900 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 19 მილიონამდე ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
ყველაზე მეტი 6 მილიონზე მეტი კოვიდშემთხვევა აშშ-შია გამოვლენილი.მეორე ადგილზეა 4.5 მილიონი შემთხვევით ინდოეთი, ხოლო მესამეზე ადგილზე ბრაზილიაა, სადაც ამ დროისთვის ქვეყანაში 4,1 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული.