სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნატო მზად არის საქართველოსთან ურთიერთობის გასაღრმავებლად
    ბექა ქურხული
    24.09.2009

    ამას გარდა საქართველოს პრეზიდენტი ფინეთის პრეზიდენტ ტარია ჰალონენს და კატარის შეიხს ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის შეხვდება. ასევე პრეზიდენტი სააკაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო ურთიერთობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დარგში ხავიერ სოლანას შეხვდებიან. საგარეო საქმეთა მინისტრ ვაშაძეს აგრეთვე დაგეგმილი აქვს შეხვედრები ყაზახეთის, სლოვენიის და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
    საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 21 სექტემბერს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან.
    "ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს და ეს ყველასთვის ნათელია", - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის წინ. გასათვალისწინებელია, ის ფაქტიც, რომ პროტოკოლით მედიისათვის განცხადების გაკეთება არ იყო გათვალისწინებული, თუმცა კლინტონმა ეს კომენტარი მაინც გაკეთა.
    "ამერიკის შეერთებული შტატები ვალდებულია, მომავალშიც დაიცვას ევროპა, ამიტომ ის ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შეასრულოს", - განაცხადა კლინტონმა.
    საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ჰილარი კლინტონს, სენატში და სახელმწიფო მდივანის თანამდებობაზე, საქართველოსთვის გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა.
    თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე 23 სექტემბერს გასამართი დებატები გახლავთ, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა სახელმწიფოს პირველი პირები მიიღებენ.
    23 სექტემბრის გამომსვლელთა სიაში ერთ-ერთი პირველი რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევია. საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა კი მეორე დღისთვის იგეგმება. პრეზიდენტი სააკაშვილი დამსწრე საზოგადოების ყურადღებას საქართველოში, კერძოდ კი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ საერთო მდგომარეობაზე გაამახვილებს.
    საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლამდე ორი დღით ადრე, 22 სექტემბერს ნატოს გენერალურ მდივანს ანდრეს ფოგ რასმუსენს შეხვდა. "იტარ-ტასის" ცნობით, გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნატო მზად არის საქართველოსთან ურთიერთობის გასაღრმავებლად.
    "მე დავადასტურე, რომ 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან, თუ ისინი აუცილებელ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ", - განაცხადა რასმუსენმა.
    ნატოს გენერალურმა მდივანმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ბრიუსელსა და თბილისს შორის თანამშრომლობა ამჟამად საქართველო-ნატო-ს საბჭოს ფარგლებში ხორციელდება, რაც, მისი აზრით, სწორი მექანიზმია.
    "იმედი მაქვს, ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე ჩემი ყოფნის პერიოდში საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობა სტაბილურად განვითარდება. თუმცა ალიანსში საქართველოს შესვლის კონკრეტული მექანიზმების განხილვა ჯერ ადრეა. საქართველო ყოველწლიურად წარმოადგენს პროგრამას, რომელშიც დაწვრილებით არის აღწერილი, სამხედრო და სხვა სფეროებში აუცილებელი რეფორმები. ეს ყველაფერი მომავალი წევრობის გზაზე აუცილებელი პირობებია", - განაცხადა რასმუსენმა.
    გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომა 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამ სხდომაზე 120 ქვეყნის ლიდერის გამოსვლა იგეგმება. მათ შორის, მსოფლიო ყურადღების ცენტრში, სავარაუდოდ, აშშ-ს პრეზიდენტის ბარაქ ობამას და რუსეთის პრეზიდენტის მედვედევის გამოსვლა მოექცევა. დაგეგმილია აგრეთვე მედვედევისა და ობამას შეხვედრა, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში შექმნილი ვითარებაც განიხილება.
    გაეროში საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრებსა და გამოსვლასთან დაკავშირებით ასეთი საინტერესო ფაქტიც მოხდა. გაზეთ "რეზონანსის" სამშაბათის ნომერში, პირველივე გვერდზე ნიუსების სვეტში, "მედიანიუსზე" დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ 2010 წლიდან იწყებს პროექტის მომზადებას, რომლის მიხედვითაც, 2014-2015 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე განთავსდება ამერიკული სამხედრო ბაზები. ამ ბაზებში 25 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი განთავსდება. მეორე დღეს საინფრომაციო საიტ "კავკაზცენტრზე" დაიდო რუსული გამოცემა "ნეზავისიმაი გაზეტაში" გამოქვეყნებული ციტატა - "გაზეთ რეზონანსის" ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი, განიხილებოდა წინა ორშაბათს, ნიუ-იორკში აშშ სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონსა და მიხეილ სააკაშვილს შორის შეხვედრაზე", - იუწყება "ნეზავისიმაია გაზეტა".
    ამავე "ნეზავისიმაია გაზეტა" ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც "ჰილარი კლინტონმა დარწმუნა მიხეილ სააკაშვილი, რომ ამერიკის შერთებული შტატები ყველა ღონეს იხმარს, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ არ ცნოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. თუმცა რუსეთის გარდა ეს რესპუბლიკები უკვე ცნეს ნიკარაგუამ და ვენესუელამ".
    რუსულმა საინფორმაციო წყაროებმა აგრეთვე გავრცელეს ინფორმაცია, რომ თურქული გაზეთი "მილიიეთი"-ის ცნობით, თურქეთმა შესაძლებელია განიხილოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის საკითხი, თუკი რუსეთი სამაგიეროდ ჩრდილოეთ კვიპროსს დამოუკიდებლად ცნობს. თუმცა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ეს ინფორმაცია.
    ამ ფაქტთან დაკავშირებით საინტერესოა თავად აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარიც: "ჩემი აზრით, თურქეთი უახლეოს ხანში არ ცნობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, რადგან თურქეთი ნატოს წევრია. ნატო კი უარყოფითად არის განწყობილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისადმი", - აცხადებს შამბა "ნეზავისიმაია გაზეტასთან" ინტერვიუში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter