აკაკი გვიმრაძე
06.02.2020

 ფრანკფურტის არქიტექტურა არატიპიური ევროპულია, არ ჰგავს "სტანდარტულ" დასავლურ ევროპულ ქალაქებს, სადაც მთავარ ცენტრს კოხტა ძველი ქალაქის ნაწილი წარმოადგენს და მთელი ტურისტული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მასთანაა დაკავშირებული.

ფრანკფურტში რამდენიმე ასეთი ცენტრია - როგორც მინიმუმ სამი: სრულიად აღდგენილი ძველი ქალაქის გული, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეების ავიაშეტევების შედეგად სრულად იქნა განადგურებული და რომლის აღდგენითი და სარესტავრაციო სამუშაოები ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა, ფინანსური ცენტრი მეტსახელად "ფრანკფურტული მანჰეტენი" - ევროპული ბანკებისა და სხვა უმსხვილესი კორპორაციების ცათამბჯენებით და "ფრანკფურტ მესე" უზარმაზარი საგამოფენო ტერიტორია, სადაც საყოველთაოდ ცნობილი ღონისძიებები იმართება, მაგალითად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა.

ასე რომ, შესაბამისად, აქტივობების ეპიცენტრები გადანაწილებულია თითქმის მთელი ქალაქის მასშტაბით და არ არის განსაკუთრებული თავყრილობები და ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილება არ იზღუდება, რაც მეტად მნიშვნელოვანია.

ფრანკფურტი არის მრავალფეროვანი, მრავალეროვანი და მრავალკულტურული ქალაქი, სადაც სხვადასხვა ეროვნების ემიგრანტებმა თავიანთი კულტურის ნაწილი ჩამოიტანეს და ქალაქი სხვადასხვაგვარი არომატებით, ფერებით და მუსიკის ჰანგებით გაამდიდრეს.

მთავარი რკინიგზის სადგური და მისის მიმდებარე ტერიტორია სხვადასხვა კულტურათა და რელიგიათა მშვიდობიანი თანაცხოვრების ეპიცენტრია - ემიგრანტებს აზიიდან, აფრიკიდან, ავსტრალიიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან, საქართველოდან აქ თავინთი ნაციონალური სამზარეულო აქვთ წარმოდგენილი რესტორნებში, კაფეებსა და ბარებში.

 აქვეა ფრანკფურტის ცნობილი "წითელი ფანრების ქუჩა", სადაც ლეგალური პროსტიტუცია გერმანული ხარისხით არის ორგანიზებული.

საერთოდ, შეიძლება ითქვა, რომ ფრანკფურტი გერმანიაში ყველაზე ინტერნაციონალური ქალაქია, რისი საფუძველიც ადგილობრივი საზოგადოების ტოლერანტული მენტალიტეტია.

ფეხბურთი ფრანკფურტის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია - ადგილობრივი "აინტრახტი" ფრანკფურტელთა სიყვარული და სიამაყეა. "აინტრახტის" ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ფანკლუბი ჰყავს მთელს გერმანიაში და საშინაო თამაშებზე სტადიონი "კომერცბანკ-არენა" (ტევადობა - 51 500) მუდამ ივსება.

თუმცა, "აინტრახტის" ფანები სტადიონის სახელწოდებასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ, მათ არ მოსწონთ, რომ სახელი პირდაპირ დაკავშირებულია ერთ-ერთ კომერციულ სტრუქტურასთან და როგორც წესი მას ძველი სახელით - "ვალდშტადიონით" მოიხსენიებენ.

მქონდა შესაძლებლობა დავსწრებოდი "აინტრახტის" საშინაო მატჩს ბუნდესლიგის ლიდერთან "ლაიფციგთან" და დავრწმუნებულიყავი თუ რა განსაკუთრებულად თავდადებული და მრავალრიცხოვანი მხარდამჭერები ჰყავს "აინტრახტს" - სქესისა და ასაკისგან განურჩევლად.

რეგიონის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კულინარიას და ფრანკფურტული სამზარეულო (Gerbermühle restaurant) რამდენიმე საფირმო ვარსკვლავითაა ცნობილი - უპირველეს ყოვლისა რეგიონი გამორჩეულია ვაშლის ღვინის წარმოებით, რომელსაც ქალაქის და სრულიად ჰესეს რეგიონის მთელს ტერიტორიაზე გერმანული სამზარეულოს რესტორნებსა და ტავერნებში შემოგთავაზებენ.

ადგილობრივი ვაშლის ღვინო გამოირჩევა ვაშლის ნაზი არომატით და ალკოჰოლის დაბალი შემცველობით (4-5). ფრანკფურტული სოსისი არამარტო გერმანიაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაცაა ცნობილი და განსაკუთრებულ წარდგენას არ საჭიროებს, ხოლო ფრანკფურტული "მწვანე სოუსი" უფრო ლოკალური ბრენდია და მისი მირთმევა შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ისე შნიცელთან ერთად.

აღარაფერს ვლაპარაკობ ლუდზე და სხვადასხვა მასშტაბის აურაცხელ ლუდსახარშებზე - ეს ხომ გერმანიის ერთ-ერთი სიმბოლოა.

 ფრანკფურტის ტრადიციულ და ძველ უბნებში - ზაქსენჰაუზენში, ბორნჰეიმში, ბოკენჰეიმში თქვენ შეგიძლიათ უფრო ახლოს გაეცნოთ ქალაქის ჩვეულებრივ ცხოვრებასა და ნაციონალურ კოლორიტს. სწორედ აქ ფეთქავს ფრანკფურტის ნამდვილი გული - ვაშლის ტავერნები, პატარა ლუდსახარშები და ახალგამომცხვარი ტკბილეულის არომატით გაჟღენთილი საცხობები ადგილობრივთა თავშეყრის ადგილებია.

მომწონს ის, რომ ხალხი უფრთხილდება ტრადიციებს და ცდილობს შეინარჩუნოს სამომავლოდ, მომწონს რომ ხალხი ჯერ კიდევ ყიდულობს გაზეთებს და კითხულობს წიგნებს. ხშირად ტრანსპორტში მგზავრობისას მინახავს დღევანდელობისთვის უკვე მეტად საცნაური სურათი, როდესაც მასობრივი ანდრონიზაციის ისტერიის ნაცვლად ადამიანებს ხელში წიგნი უჭირავთ.

ვთვლი, რომ ფრანკფურტი მეტად საინტერესო ქალაქია, რომლის შესწავლასაც დრო უნდა, მას აქვს "სიღრმეები", ტრადიციები, საკუთარი ლოკალური კულტურა და რაც უფრო ღრმად ეძებ, სუფ უფრო მეტ საინტერესოს პოულობ.

ფრანკფურტი არი არის ტურისტული ვარსკვლავი, ფრანკფურტი არის თანამედროვე გერმანული რეალიზმის სიმბოლო.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×