ია აბულაშვილი
24.01.2020

ქართული კედლის მხატვრობის უნიკალური ძეგლები, რომლებიც ჩვენს ეკლესია-მონასტრებს დღემდე ამშვენებს, ძირითადად რელიგიური კომპოზიციებითაა დატვირთული, თუმცა მდიდარია ისტორიული პორტრეტებითაც. როგორც ხელოვნებათმცოდნეები აღნიშნავენ, მე-12 საუკუნის ფრესკების შესრულების თარიღები, დიდი სიზუსტით თამარ მეფის პორტრეტების წყალობით განისაზღრება. დღეს მხოლოდ თამარის ოთხი პორტრეტი შემოგვრჩა - ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისის და ბერთუბნის ტაძრებში.

თამარ მეფე ერთიანი საქართველოს მონარქი "მეფეთ-მეფე და დედოფალთ-დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშაჰთა", რომლის მმართველობის პერიოდს "ოქროს ხანას" უწოდებენ. ამ დროს შენდება ქალაქები, ციხე-სიმაგრეები, ეკლესია-მონსტრები, იხატება ფრესკები, იჭედება ხატები. რა თქმა უნდა იმ დროინდელ ოსტატთა შთაგონების წყარო თამარი იყო. როგორც ამბობენ თამარის ყველა პორტრეტი მისი სიცოცხლის პერიოდშია შექმნილი.

ვარძიის ტაძრის მხატვრობა, რომელიც ქართული მონუმენტური ფერწერის შესანიშნავი ძეგლია, ვარძიის ღვთისმშობლის მიძნების ტაძარში არსებული უნიკალური ფრესკებიდან ერთ-ერთი გამორჩეული სწორედ თამარის ფრესკაა. ისტორიული წყაროებით ვარძიის მოსახატად ერისთავ-ერისთავს რატი სურამელს იმ დროისათვის ცნობილი მხატვარი, სახელად გიორგი მოუწვევია, სავარაუდოდ მან შექმნა თამარ მეფის და მეფე გიორგი მესამის პორტრეტები. ამ პორტრეტებს თან ახლავს წარწერა "ყოვლისა აღმოსავლეთისა მეფის შვილის გიორგისა თამარ, რომელი მრავალჟამეულობსმცა" და "ყოვლისა აღმოსავლეთის მეფეთ-მეფე გიორგი, ძე დემეტრე მეფისაი".

ფრესკაზე თამარი სრულიად ახალგაზრდაა გამოსახული და დაუხატავთ ქორწინებამდე, 1185 წელს. თამარი მამის გვერდით დგას, მას ხელთ უპყრია ეკლესია. აცვია საზეიმო სამოსელი. თავს ამკობს გვირგვინი, მოოჭვილი მცირე მარგალიტებით, მარგალიტის საკიდრებით და მსხვილი ძვირფასი ქვებით. ოქროსფერისაყურეები მარგალიტებით. მუქი თმის კულულები დაწნულია; ყელზე ამშვენებს შავი ბაფთა მარგალიტებით და დიდი ალისფერი ლალით შემკული. თამარის სამოსელიც მარგალიტებით არის მოქარგული, სამხრე და ლორინი, რომლის ნაწილი ხელზეა გადმოგდებული თეთრი ფერისაა, სამხრეები მოოქროვილი და ძვირფასი ქვებითაა შემკული. სამოსს ავსებს მუქი წითელი ფერის წაღები.

მეფე გიორგი მესამე, როგორც თამარი, საზეიმო სამოსშია. გადაჯვარედინებული ლორონი მარცხენა ხელზეა გადაგდებული. გვირგვინი და სარტყელი ძვირფასი ქვებითაა შემკული. გრძელი მოწითალო კაბა მდიდარია ორნამენტებით. წაღები კი ოქროსფერია.

ბეთანიის ტაძრის ჩრდილო კედელზე შემორჩენილია თამარ მეფის, გიორგი მესამის და ლაშა გიორგის პორტრეტები. აქ თამარს და გიორგი მესამეს ბიზანტიელ იმპერატორთა საზეიმო სამოსი აცვიათ, ლაშა-გიორგის წელში გამოყვანილი მოკლე კაბა ქამარზე ხმალით. სამივეს სამეფო გვირგვინი ადგას. პორტრეტი შესრულებულია დაახლოებით 1207 წელს ლაშა-გიორგის მეფედ კურთხევის წელს.

აყინწვისის გუმბათოვან ეკლესიაში თამარის, გიორგი მესამისა და ლაშა-გიორგის გამოსახულებები ტაძრის ჩრდილო კედლის ქვედა ნაწილშია გამოსახული. აქ თამარის სამოსი და სამკალულები ბეთანიის მხატვრობიდან ოდნავ განსხვავდება. ლაშა-გიორგის აცვია მოკლე გამოყვანილი კაბა.

ბერთუბანში (დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი) თამარი ფრესკაზე გამოსახულია შვილთან ლაშა გიორგისთან ერთად. თამარს საზეიმო სამეფო სამოსი აცვია. ლაშა-გიორგის სამოსს ბეწვი აქვს შემოვლებული, თავს ახურავს გვირგვინი და არტყია ხმალი. პორტრეტი შესრულებულია თამარის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში. 1212-1213 წლებში, როცა დედა შვილი ერთად მეფობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×