სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ოთარაშვილი
    23.09.2009

    . წიგნების მაღაზია "ბიბლუსში" სწორედ მისი ახალი წიგნის "არის და იყო უცნაურიც, ადამიანიც, წუთისოფელიც" პრეზენტაცია გაიმართა.
    როგორც პრეზენტაციაზე მედია-სახლის კრეატიულმა დირექტორმა მარიკა დარჩიამ განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კლასიკოსის წიგნის პრეზენტაცია სწორედ ამ სახლში გაიმართა.
    "ყოველი შემოქმედის უმთავრესი დანიშნულებაა, ადამიანი გახდეს უკეთესი, ვიდრე არის. უბედნიერესი ვიქნები, ამ ღვაწლილობითაც ოდნავ მაინც თუ მივწვდები ამას", - ასეთი ავტორისავე მინაწერი აქვს წიგნს (სტილი დაცულია).
    სათაურის ქვეშ წიგნს მოკლე ანოტაციასავით აქვს ახსნა იმაზე, თუ რაზეა ნაწარმოები: "ანუ აქა გრძლად და საკმაოდ ამაღელვებელი ვრცელი მონათხრობი ნერვიენებულად გაღიზიანებულ ქურუმზე ძველ ეგვიპტეში, სახელად ვახსტევნტრაფე და მის მხოლოდ ხორციელ შვილზე, სახელად პეტეიფე".
    "ცნობილია, რომ ნაწარმოები იბეჭდებოდა "ლიტერატურულ პალიტრაში" და მხოლოდ შემდეგ იქცა წიგნად. ჩვენ ვეცდებით, რომ რაც შეიძლება უკეთ გაშუქდეს ამ წიგნის გამოცემის შესახებ და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს მისი არსებობა", - აღნიშნა მარიკა დარჩიამ.
    თსუ-ს სრულმა პროფესორმა არნოლდ გეგეჭკორმა, რომელსაც დოჩანაშვილის ახალგამოქვეყნებული ნაწარმოები სწორედ "ლიტერატურული პალიტრის" საშუალებით წაკითხული ჰქონდა, საკმაოდ ბევრი გვესაუბრა.
    "როცა დავიწყე ამ წიგნის კითხვა, 2 გრძნობა დამებადა: ერთი ის, რომ მივხვდი - აუცილებლად უნდა განვმარტოებულიყავი ჩემს თავთან, რათა არავის შეეშალა ხელი წიგნში ასახულ სამყაროსთან ზიარებაზე, და მეორე - ჩვენი (ჩემი და გურამის დიალოგი - სატელეფონი თუ პირადი) - თვალწინ აღმიდგა და მინდა, მის ნიჭიერებას კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რადგან ის ურთულესი პასაჟები, მით უმეტეს, უდაბნოსთან დაკავშირებით, ისე იყო დახატული, რომ წარმოუდგენელია, მკითხველი გულგრილი დარჩეს. ამდენად, მე ახლებურად წავიკითხე გურამ დოჩანაშვილი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს სრულიად განსხვავებული და ახალი წიგნი იყო ჩემთვის", - განაცხადა პროფესორმა. ეს უკანასკნელი იმასაც "რეზონანსთან" საუბრისას დასძენს, რომ მწერალი ახალგამოქვეყნებულ ნაწარმოებში სრულიად გამიზნულად იყენებს ძველ ქართულ, არქაულ ლექსიკას.
    არნოლდ გეგეჭკორი: "უწინარეს ყოვლისა, აქ მნიშვნეოვანია ლექსიკა. მწერალი იყენებს არქაულ ლექსიკას. მე ეს არ მიკვირს, რადგან ვინც ანა კალანდაძე იცის, ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში ენის არქაულობა გასაოცარი არ უნდა მოეჩვენოს. ქართული ენის კარგად მცოდნესთვის ამ წიგნის წაკითხვა არის უდიდესი სიამოვნება. მასში საჭიროა გარკვეული წვდომა, რათა მის არქაულ შრეებს ჩაწვდე. მახსოვს, როცა გურამმა ამ წიგნის ნაწილ-ნაწილ გამოცემა დაიწყო, მასზე ორმხრივი დავა გაიმართა; ერთნი ამბობდნენ, რომ ასეთი არქაული ენა ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია, მეორენი ვფიქრობთ, რომ ისევე, როგორც ფერმწერს, მოქანდაკეს თუ კომპოზიტორს აქვს აბსტრაგირების შესაძლებლობა და საკუთარი ხელწერა, მწერალმაც უნდა გამოიყენოს ეს. რატომ არ უნდა წავიკითხოთ ძველი, არქაული ენით ის ბიბლიური პასაჟები, რომლებიც ამ წიგნში გვხვდება?! მე პირადად ამაზე დიდი სიამოვნება მივიღე".
    თვითონ ავტორმა დიდი მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ წიგნზე იმუშავა, და თავად ნაწარმოების არსზეც ისაუბრა. "ეს წიგნი ჩემთვის ძალიან მოკლე დროში დავწერე, ანუ წელიწადზე ნაკლებს მოვუნდი. ეს არის წიგნი ყველაფერი მშობლიურის ძიებაზე, თუ რა უნდა ვიცოდეთ ჩვენ უპირველესად, ვიდრე უცხოურს შევითვისებთ, ასევე იმის თაობაზე, თუ როგორ მოგვეძალა ყველაფერი უცხოური", - განაცხადა ავტორმა და ესეც დაამატა:
    "რაც არ უნდა შორიდან დავიწყოთ, ბოლო-ბოლო მაინც უნდა მივიდეთ სამშობლოსთან, რაც, სამწუხაროდ, დღეს ყველას არ ესმის - ეს არის ამ წიგნის მთავარი არსი. რამდენად შევძელი ამის გამოხატვა, ეს უკვე მკითხველმა უნდა გადაწყვიტოს. მე ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთე".
    კლასიკოსმა "რეზონანსს" გაუმხილა, რომ უკვე მუშაობს კიდევ ერთ ნაწარმოებზე. ეს არის ავტობიოგრაფიული რომანი, რომლის დაბეჭდვაც "ლიტერატურულ პალიტრაში" მომავალი წლის იანვრიდან დაიწყება.
    გურამ დოჩანაშვილი: "ვმუშაობ ავტობიოგრაფიული ჟანრის რომანზე. ეს ეხება არქეოლოგიას. დიდი მადლი და წყალობა განვიცადე მუსიკისა და არქეოლოგიისგან. მუსიკასაც, არქეოლოგიასაც, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების სხვადასხვა ჟანრებია, სჭირდება ღრმა წვდომა. ეს ახალი რომანი იქნება ექსპედიციებზე, ლიტერატურაზე, ჩემს საყვარელ მწერლებზე... იქნება ჩანართები ესსეს სახით".
    მწერალმა გულისტკივილი გამოთქვა იმის შესახებ, რომ წიგნის აუდიოვერსიების გამოსვლა კატასტროფაა, რადგან იკარგება "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძალიან უყვარს".
    პრეზენტაციაზე გურამ დოჩანაშვილის ახალი წიგნი ბევრმა შეიძინა, ავტორმა კი მკითხველებს წიგნებზე საკუთარი ავტოგრაფი დაუტოვა. რა ყველაზე მთავარია, მწერალი იმდენად თბილი იყო მკითხველის მიმართ, რომ მისი ახალი ნაწარმოების არ იყოს, "არის და იყო "უცნაურიც", "ადამიანიც" და თავად "წუთისოფელიც".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter