სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკა ლემონჯავა
    20.09.2009

    თუ, აქამდე ჩეხეთის აღმოჩენებით ითვლებოდა, რომ უძველესი ქსოვილი ადამიანმა 29 ათასი წლის წინ დაამზადა, ჭიათურის გათხრებით ამ თარიღმა 34 ათას წლამდე გადაიწია. წარმატებულ არქეოლოგიურ ექსპედიციას თენგიზ მეშველიანი ხელმძღვანელობდა. ძუძუანას მღვიმეში სამუშაოებს მეცნიერთა ჯგუფი 1996 წლიდან აწარმოებს, რომელშიც ქართველების გარდა, ამერიკელი და ებრაელი სპეციალისტებიც შედიან და ამ კვლევის მთავარი მიზანი პალეოლითის ხანის "ჰომო საპიენსის" მიგრაციის გზების დადგენა იყო.
    ქართული აღმოჩენა მსოფლიო მედიამ უკვე აღიარა: "საიენსი", "ფიგარო", "ნიუ იორკ ტაიმსი" და სხვა გავლენიანი გამოცემები წერენ: "მსოფლიოს პირველი მკერავები", "უძველესი ძაფი და უნიკალური აღმოჩენა საქართველოში"...
    თენგიზ მეშველიანი: ჭიათურის მახლობლად არსებულ ძუძუანას მღვიმეში არქეოლოგიური მუშაობა 1966 დაიწყო, სადაც 1975 წლებამდე მუშაობდა დავით თუშაბრამიშვილი. იქ აღმოჩნდა ე.წ. ზედა პალეოლითური ხანის 3,5 მეტრის სისქის ნასახლარი. ჩემი ხელმძღვანელობით მუშაობა 1983 წლიდან ისევ განახლდა.
    1996 წელს აღმოვაჩინეთ ძველი დროის ძალიან საინტერესო თანამედროვე ტიპის ადამიანის ნასახლარი. ამ ძეგლით დაინტერესდნენ ჰარვარდის უნივერსიტეტის სპეციალისტები. ერთი არის ამერიკელი მეცნიერი ბარ იოზეფი, ქვის ხანის შესწავლის პატრიარქი და ისრაელის ჰებრონის უნივერსიტეტის არქეოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი ანა ბელფერ კოენი. ამდენად, ამ ტერიტორიაზე მუშაობდა საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია.
    "კვირის რეზონანსი": რატომ დაინტერესდნენ ისინი?
    თ.მ: ეს არის ქვის ხანის ძეგლი, იმ პერიოდის, როდესაც თანამედროვე ფიზიკური ტიპის ადამიანი ჩნდება ამიერკავკასიაში. ეს არის 36 ათასი წლიდან და აქ ამის დასტურად ძალიან მდიდარი მასალა აღმოჩნდა.
    "კ.რ": რა მასალაა აღმოჩენილი?
    თ.მ: ძირითადად, ქვის და ძვლის ნივთებია. ხე და ორგანული ნივთიერებები არ ინახება, შეიძლება მხოლოდ მტვრის სახით იყოს შემონახული. სწორედ ამ მტვერში აღმოჩნდა სელისაგან დამზადებული ძაფის ნაშთები.
    თანამედროვე ტექნოლოგიებმა მოგვცა საშუალება ბევრი ისეთი რამ გვენახა, რასაც ადრე ვერ ვპოულობდით. თუნდაც ხელოვნების ნიმუშები, რომელიც ადრე მხოლოდ თითოოროლა იყო ნანახი. ძუძუანაში ორნამენტირებული ძვლის, საკიდების, ამულეტების, ავგაროზების და ა.შ. 100-მდე ნიმუში გვაქვს. ეს აღმოჩენები 2007 წელს გაკეთდა.
    პალეონტოლოგმა ელისო ბალაძემ ახალ ტექნოლოგიას მიაგნო და მძლავრი მიკროსკოპით დაინახა დართული ძაფის ბოჭკოს უმცირესი ნაწილაკები. აღმოჩენებში სელის გარდა შალის ბეწვიც არის დაგრეხილი. სელის ბოჭკო ტექნოლოგიურად არის დაჭეჭყილი, მერე დაძეძგილი და მერე მოქსოვილია.
    თვალით უხილავი ბოჭკო სინჯარაშია მოთავსებული და მხოლოდ იმ შემთხვევაშია ხილული, თუ მას საგანგებო მიკროსკოპით 500-ჯერ მაინც გაადიდებ. ეს მასალა მტვრის გამოკვლევისას აღმოჩნდა. საერთოდ, ქვის ხანის არქეოლოგიაში მტვრით დგინდება, რა ფლორა და რა კლიმატი არსებობდა.
    "კ.რ": როგორი იყო იმ პერიოდის ფლორა?
    თ.მ: სხვადასხვა ათასწლეულში არის აციებაც და არის დათბობაც და შესაბამისად, ამა თუ იმ კლიმატური ზონისათვის დამახასიათებელი ფლორა გვხვდება. დღევანდელის მსგავსი მცენარეები ყველაზე გვიანდელ ფენებშია, უფრო 10 ათასი წლით დათარიღებულ პერიოდში გვხვდება დღევანდელთან მიმსგასებული ფლორა. წარმოიდგინეთ, აქ 18 ათასი წლის წინათ ალპური ზონა დღევანდელზე ათასი მეტრით იყო დაბლა და ჩვენ ამის დასტური გვაქვს.
    "კ.რ": რა სახის სამკაულები გვხვდება იმ პერიოდში?
    თ.მ: მტაცებლების კბილებით, არის ქვისგან გაკეთებულიც, არის ძვლის ორნამენტირებული ფირფიტებიც.
    "კ.რ": თუკი ძაფი არსებობდა, რა დროიდან მოხდა მისი გამოყენება ტანსაცმლისათვის? თან, როგორც ვიცი, ეს ძაფი შეღებილიცაა...
    თ.მ: ბოჭკო მოყავისფრო ფერია, მაგრამ შეღებილია თუ ბუნებრივად ასეთი იყო, ამაზე კამათი მიდის. პირველად ეს ბოჭკო 35 ათასი წლის წინანდელ ფენებში ჩნდება, შემდეგ კი აბსოლუტურად ყველა ფენაშია. თუმცა, 10 ათასი წლის წინანდელი პერიოდიც კი იმდენად შორი დროა, რომ შეუძლებელია დაასკვნა, ტანსაცმელი იქმნებოდა თუ არა.
    "კ.რ": ჩეხეთში აღმოჩენილი ბოჭკო ჭიათურაში აღმოჩენილის მსგავსია?
    თ.მ: ჩეხეთში ჭინჭრისგანაა გაკეთებული და არა სელისგან. თან 29 ათასი წლის წინანდელია.
    "კ.რ": როდის დადასტურდა ამ ბოჭკოს აღმოჩენა?
    თ.მ: 2007 წელს წავიღეთ ანალიზზე და ოქტომბერში ქალბატონმა ელისომ შეგვატყობინა, რომ აღმოაჩინა საინტერესო რამ. ამის შემდეგ გამახვილდა ყურადღება. 2008 წელს ცოტა ომმა შეგვაფერხა, თუმცა მოგვიანებით თავიდან ავიღეთ ანალიზები და ასე ნელ-ნელა დადგინა. ორი წელი მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოებას ვუმტკიცებდით ამ აღმოჩენის სისწორეს და დავამტკიცეთ. შემდეგ 11 სექტემბერს ჟურნალ "საიენში" გამოქვეყნდა.
    "კ.რ": ძუძუანას მღვიმის გათხრები "ჰომო საპიენსის" მიგრაციის თემას ეხებოდა და ამ მიმართულებით რა არის მნიშვნელოვანი აღმოჩენებში?
    თ.მ: პროექტი იყო "თანამედროვე ტიპის ადამიანის, "ჰომო საპიენსის" განსახლებისა და მისი მიგრაციის პრობლემები სამხრეთ ამიერკავკასიაში; ამიერკავკასია, როგორც კულტურული გზაჯვარედინი". ასეთი გლობალური პროექტის ნაწილია ჩვენი გათხრები.
    36 ათასი წლის წინ მცირე აზიიდან ევროპაში თანამედროვე ტიპის ადამიანის ორი დიდი ნაკადი მიდის. საერთოდ, თანამედროვე ტიპის ადამიანი აფრიკიდან არის წამოსული. მას გამოვლილი აქვს, ე.წ. ლევანტის კორიდორით, ისრაელი, ლიბანი, ანატოლია. მიღებული თეორიით, ნაწილი წავიდა სამხრეთ კავკასიისაკენ, ნაწილი - ანატოლიისკენ, შავი ზღვისპირეთისაკენ. ამ გათხრებიდანაც არის ეს ფაქტები.
    "კ.რ": გარეგნულად როგორები იყვნენ ჭიათურაში მცხოვრები ადამიანები?
    თ.მ: ისეთები, როგორიც დღევანდელი ევროპელები არიან.
    "კ.რ": ანუ, აფრიკიდან წამოსულ "ჰომო საპიენსს" თეთრი ფერის კანი ჰქონდა?
    თ.მ: ფერების ჩამოყალიბება, ანუ რასების, ბევრად უფრო გვიანდელ პერიოდში ხდება, კლიმატის მიხედვით. აქ ამოჩენილი ადამიანები არიან ევროპეიდული, კავკასუირი ტიპი.
    "კ.რ": ცხოველების ნეშტიც იქნება და როგორი ფაუნაა იმ პერიოდში?
    თ.მ: იმ დროის ადამიანები, როგორც ჩანს, ძალიან კარგი მონადირეები იყვნენ. მონადირებული აქვთ ბიზონი, გიგანტური ირემი, მარტორქა, ჯიხვი, ხარი, მურა დათვი და ა.შ. ცხოველების ის ტიპი, რომელიც დღესაც არის საქართველოში, 10 ათასი წლის წინათ ჩამოყალიბდა. 8 ათასი წლის წინ კი მათი ნაწილის მოშინაურებაც იწყება. თუმცა, ჩვენ მიერ გათხრილ სამარხებში ეს არ არის.
    "კ.რ": ამბობთ, რომ კლიმატი ცივი იყო და რითი თბებოდნენ?
    თ.მ: მიკროსკოპული ჭიაა აღმოჩენილი, რომელსაც ტყავიჭამია ჰქვია. ეს არის იმის დასტური, რომ ტყავებსაც გამოიყენებდნენ. ძაფიც ხომ ვიპოვეთ და ე.წ. ძაფით იმაგრებდნენ. ადრე გვეგონა, რომ ცხოველების ძარღვები გამოიყენებოდა.
    "კ.რ": შეიძლება ვთქვათ, რომ ის ნასახლარები ქართულია?
    თ.მ: იმ პერიოდში არ არის ასე დაყოფა. უბრალოდ, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა, თორემ ქართველებთან არაფერი კავშირი არა აქვთ. მხოლოდ ბრინჯაოს ხანაში ჩნდებიან თანამედროვე ერების წინაპრები და ეს არის მაქსიმუმ 5 ათასი წლის წინ.
    "კ.რ": ავადმყოფი ადამიანის ძვლები თუ არის ნაპოვნი?
    თ.მ. იმ მღვიმეში არა, მაგრამ ისევ ჭიათურის რაიონში არის აღმოჩენილი 9 500 წლის წინ გარდაცვლილი პირველი ავადმყოფი ადამიანის სამარხი.
    "კ.რ": სხვა ტერიტორიებზეც მუშაობთ?
    თ.მ: ჭიათურის რაიონში არის კიდევ მეორე სოფელი, სადაც ქვის ხანის ნასახლარია. წყალტუბოს რაიონის სოფელ კუმისთავში ვმუშაობთ სახელმწიფო გრანტით. იქაც ქვის ხანის დიდი გამოქვაბულია, რომელსაც საწურბლია ჰქვია. ახლა იწყება გათხრები გუმისთავში და ძალიან საინტერესოა.
    "კ.რ": ანუ, საქართველოს ტერიტორია სავსეა ასეთი საინტერესო არქეოლოგიური ძეგლებით?
    თ.მ: სადაც გაგიხარდებათ, იქ არის.
    "კ.რ": როგორც თქვით, ორი წელი დუმდით ახალი აღმოჩენის შესახებ. მსგავს აღმოჩენებს კიდევ ორი წელი უნდა ველოდოთ?
    თ.მ: თუ იქნება, აუცილებლად გეტყვით

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მარინე   (27.10.2015)
    პალეონტოლოგის სახელი სწორად არის მითითებული გვარიმ კი შეცდომით. მისი ნამდვილი გვარია- ყვავეძე= ელისო ყვავაძე


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter