სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკა ლემონჯავა
    20.09.2009

    შეგახსენებთ, რომ საქართველო ამ საერთაშორისო კონკურსზე უკვე მესამე წელია აქტიურად მონაწილეობს. პირველ საკონკურსო წელს საქართველო მარიამ რომელაშვილმა წარადგინა, რომელსაც მეოთხე ადგილი ხვდა წილად. შარშან კი "ბზიკებმა" განსხვავებული და ორიგინალური ნომრით პირველი ადგილი მოიპოვეს.
    სწორედ "ბზიკები" გახსნიან წლევანდელ საბავშვო "ევროვიზიას" რომა რცხილაძის სიმღერით "ვარსკკვლავები".
    შესარჩევი ტურის ფინალურ ეტაპზე გასული 10 ჯგუფისათვის კი მაყურებელს ხმის მიცემა ინტერნეტის საშუალებით უკვე შეუძლია "ბასტი-ბუბუს" საიტზე.
    თამარ სხვიტარიძე, "ევროვიზია-ჯუნიორის" შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელი: დუღილის სტადიაშია "ევროვიზიის" კონკურსისათვის მზადება. წელს მესამედ ვიღებთ ამ კონკურსში მონაწილეობას. საკმაოდ კარგი გამოცდილება და შედეგები გვაქვს ამ ორი წლის განმავლობაში.
    პირველ წელს მარიამ რომელაშვილი და "ბასტი-ბუბუს" გოგონები იყვნენ. ევროპა მოხიბლეს. მართალია, მეოთხე ადგილზე გავედით მაშინ და არა პირველზე, მაგრამ ყველა გვეუბნებოდა, რომ თქვენ ნამდვილად პირველები იყავითო.
    მეორე წელს "ბზიკებმა" საერთოდ გაოგნება გამოიწვიეს. გავიტანეთ ისეთი პროდუქტი, რომელიც სრულიად უცხო იყო, არავის, ჰგავდა და მართლაც ფურორი გამოიწვია ამ სამი "ბზიკის" გამოჩენამ ევროპაში.
    წელსაც მოუთმენლად ელოდებიან, საქართველო რას ჩაიტანს და ჩვენც არ გვინდა, რაღაცნაირად ეს მოლოდინი გავამტყუნოთ. არც ის გვინდა, რომ რომელიმე წინა წელს ჰგავდეს.
    ურთულესი ამოცანის წინაშე ვდგავართ. ათი ნომერი, ათი ჯგუფი შეირჩა. ძალიან საინტერესო გამოცდილება დავაგოროვეთ ამ სამი წლის განმავლობაში. პრაქტიკულად, ყოველ წელს ახალ საბავშვო ჯგუფებს ვქმნით და ეს ჯგუფები თავის გზას პოულობენ შემდგომში. მე პირადად მეამაყება, რომ ყველა ჯგუფმა ჩვენთან, "პირველ არხზე" დაიწყო მუშაობა და მათი გამომგონებელი და ავტორი პირადად მე ვიყავი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
    "კვირის რეზონანსი": შიდა შესარჩევ ტურში გამარჯვებულს როდის გამოაცხადებთ?
    თ.ს: 26 სექტემბერს გაიმართება. შიდა შესარჩევი კონცერტი ტელევიზიის პირველ სტუდიაში ჩატარდება. შარშანაც აქ ჩატარდა, რადგანაც ფილარმონიაში სარემონტო სამუშაოებია.
    ჟიური იჯდება ცალკე ოთახში და ტელევიზორით მიადევნებენ თვალ-ყურს ამ კონცერტს.
    "კ.რ": ვინ იქნებიან ჟიურის შემადგენლობაში?
    თ.ს: ამას ვერ გეტყვით. ერთადერთი გეტყვით, რომ ჟიურის შემადგენლობაში შვიდი წევრი იქნება და აქედან ოთხი უცხოელი. ასე ვაკეთებთ ყოველ წელს. საელჩოებიდან გვყავს ხოლმე კულტურის ატაშეები, მუსიკოსები. ისინი არიან ობიექტურები და ევროპელის თვალით კარგად საზღვრავენ, რა იქნება საინტერესო ევროპისათვის.
    როგორც მოგახსენეთ, მეორე წელია ჯგუფების შექმნა დავიწეთ. მხოლოდ პირველ წელს გვყადა სოლო შემსრულებლები. ჯგუფთან მუშაობა ბევრად უფრო საინტერესოა. ჯერ ერთი, ბავშვები არ ნერვიულობენ, როგორც სოლისტი, ანუ გადანაწილებულია ეს პასუხისმგებლობა რამდენიმე ბავშვზე და კონკურენციასაც დაპირისპირების სახე არ აქვს. ეს ბავშვები ერთმანეთში ძალიან მეგობრობენ.
    "კ.რ": აღნიშნეთ, რომ ათი ჯგუფი მიიღებს შესარჩევ ტურში მონაწილეობას. რომელიმე მათგანი შარშან თუ მონაწილეობდა?
    თ.ს: ასეთია ჯგუფი "შატალო", რომელმაც წელსაც გადაწყვიტა მონაწილეობა. ამ ჯგუფს ძირითადად სკოლის პრობლემებზე აქვს სიმღერები. ძალიან საინტერესო ბავშვებისგან შედგება ეს ჯგუფი და ვფიქრობ, რომ ამ ბავშვებს დიდი მომავალი აქვთ.
    გიგი გეგელაშვილმა და მისმა ჯგუფმა "სინათლის წელიწადი" აიყვანა ეს ჯგუფი, სადაც ძალიან საინტერესო ახალგაზრდები ერთიანდებიან. ისინი ამ ბავშვებს გიტარას, დასარტყამ ინსტრუმენტებს, ასწავლიან. ანუ ეს ბავშვები თან დაუკრავენ, თან იმღერებენ. რეპერტუარსაც იმ პრობლემებზე შეადგენენ, რაც სკოლაში აწუხებთ ბავშვებს.
    "კ.რ": კასტინგი გამოაცხადეთ, თუ უბრალოდ თქვენ მოიძიეთ ნიჭიერი ბავშვები?
    თ.ს: კასტინგი მთელი წლის განმავლობაში გამოცხადებული იყო. მაისში გვქონდა შესარჩევი ტური. ექვსი თვის განმავლობაში ყველას შეეძლო განაცხადი შემოეტანა, ვისაც სურვილი ჰქონდა. ამიტომ ამ ჯგუფებს შორის ზოგი ოზურგეთიდან, ზოგი გორიდან, ქუთაისიდან და ა.შ. არიან, ანუ მარტო თბილისელები არ არიან.
    "კ.რ": სულ რამდენი განაცხადი შემოვიდა?
    თ.ს: ათასამდე განაცხადი შემოვიდა. სამოცამდე ბავშვი შევარჩიეთ, რომლებიც ათ ჯგუფში გადავანაწილეთ. ათი ძალიან საინტერესო იდეა დაიდო. მათი ასაკი ათიდან თხუთმეტ წლამდეა.
    "კ.რ": რა არის წლევანდელი "ევროვიზიის" თემა?
    თ.ს: წელს თემა გვაქვს "ვარსკვლავები", რადგანაც "ბზიკები" ვარსკვლავები გახდნენ, ეს თემა ავიღეთ. ორმაგი მნიშვნელობა აქვს ამ ვარსკვლავს. რომა რცხილაძის სიმღერა "ვარსკვლავები" ავიღეთ, რემიქსი გაკეთდა "ბზიკებთან" ერთად და "ევროვიზიის" დიდი გახსნაც ამ სიმღერით იქნება. ამ სიმღერას ათივე მონაწილე ჯგუფი მღერის "ბზიკებთან" ერთად. კონკურსანტებს აქვთ მისამღერი განაწილებული. ექსტრაჯგუფის მოცეკვავეები იცეკვებენ. ძალიან მასშტაბური გახსნა იქნება.
    ძალიან საინტერესოდ იმუშავა "ბასტი-ბუბუს" ჯგუფმა. იმიტომ, რომ მათ ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ შოუების გაკეთებაში. მათ ამ კონკურსზე ძალიან საინტერესო მუსიკალური თემები აქვთ შექმნილი, კოსტიუმები ყველა მათ გააკეთეს, ქორეოგრაფიაც მათ ეკუთვნით. თუმცა, ვოკალური თვალსაზრისით მაია დათუნაშვილის სახელოსნოდან გვყავს ბავშვები - ჯგუფი "ხმა საქართველოდან", რომლებმაც მუსიკა დაწერეს. ბათუმიდან გვყავს ჯგუფი, რომელიც სამი მარისაგან შედგება და რომლებმაც დათო ფორჩხიძესთან ერთად შექმნეს მუსიკა.
    "კ.რ": რაც შეეხება ჟიურის, როგორ მოხდება ხმების განაწილება მაყურებლებისგან და ჟიურისგან?
    თ.ს: თავიდანვე ჟიური წყვეტდა და მაყურებლების 30-პროცენტიანი დახმარება იყო. პირველ წელს გავაკეთეთ ჩვენ ეს და შემდეგ ეს ცენტრალურმა "ევროვიზიამაც" გააკეთა. შარშან უკვე "ბზიკების" შემთხვევაში, ყველა ქვეყანაში ჟიური იჯდა და მათთან ერთად ხალხი წყვეტდა ხმებს. ანუ ეს ნოვაცია საქართველომ შეიტანა. ჟიური რომ არ მჯდარიყო, შესაძლოა, "ბზიკებს" ვერც გაემარჯვათ. ვფიქრობ, რომ მარიამის დროსაც ჟიური რომ ყოფილიყო, მარიამიც გაიმარჯვებდა, იმიტომ, რომ კომპეტენტური ჟიური უფრო ობიექტურად წყვეტს, ვიდრე ზოგადად მაყურებელი. რა თქმა უნდა, მაყურებლის აზრიც მნიშვნელოვანია.
    "კ.რ": რატომ ტარდება წელს კიევში, ანუ რის მიხედვით არჩევენ ჩატარების ადგილს?
    თ.ს: ყოველ წელს ასე ხდება საბავშვო "ევროვიზიაზე" - ეწერებიან ქვეყნები და რიგში დგანან, რომელთაც სურვილი აქვთ, რომ შემდეგ წელს თავის ქვეყანაში ჩატარდეს ეს ღონისძიება. ჩვენ უკვე ვიცით, რომ შემდეგ წელს ბელარუსი რიგში. ბელარუსი უკვე ემზადება, შენობას ამზადებს და ა.შ.
    "კ.რ": საქართველო როდის ჩადგება ამ რიგში?
    თ.ს: განაცხადი უნდა გავაკეთოთ. ეს ჩემს დონეზე არ არის გადასაწყვეტი. ძალიან მასშტაბური კონკურსია და შეიძლება ამ ეტაპზე ჩვენ არ ვართ მასპინძლობისთვის მზად.
    "კ.რ": და ბოლოს, მონაწილე ათი ჯგუფი გაგვაცანით.
    თ.ს: პირველი ჯგუფი არის სამი მარი. ისინი ბათუმიდან არიან. მათ სახელად "მაშველები" ჰქვიათ. მეგობრები არიან, რომლებიც ხალხს შველიან, რომ ისინი მხიარულები იყვნენ და არ მოიწყინონ. ძალიან კარგი ნომერია.
    მეორე ჯგუფი უკვე როგორც გითხარით, არის "შატალო". ისინი სკოლის პრობლემებზე მღერიან. ძალიან ძლიერი ვოკალისტები არიან და ინსტრუმენტზეც უკრავენ.
    მესამე ჯგუფია "ხმა საქართველოდან", მაია დათუნაშვილის სტუდიიდან. ეს ბავშვები მთელ მსოფლიოში დადიან და კონკურსებში მონაწილეობენ, ამიტომ ასეთი სიმღერა მოიფიქრეს, რომ ვითომ აეროპორტში არიან, ემზადებიან რომ სხვადასხვა ქვეყნებში იმოგზაურონ და ა.შ.
    მეოთხე ჯგუფი არის "ძმები გურულები", რომელთაც "სამი ძმანი გურულების" მოტივებზე აქვთ გაკეთებული ძალიან საინტერესო თემა. ერთ-ერთი მართლაც გურიიდანაა ჩამოსული. დიალექტით არის გაკეთებული და ძალიან საინტერესოდ. ვფიქრობ, რომ მაყურებელს ძალიან მოეწონება ეს სიმღერა.
    მეხუთე ჯგუფია სოლისტი "ლინდა", რომელიც მღერის ემო-სიმღერას. როგორც იცით, ემო არის მიმდინარეობა, ისეთივე, როგორებიც იყვნენ პანკები და ა.შ. თვითონ ეს ლინდაც იყო ადრე ემო. ოჯახს პრობლემები ჰქონდა ამ ბავშვთან, იმიტომ, რომ გაუწონასწორებლები არიან ასეთი ტიპის ახალგაზრდები. ამ გოგონამ გააკეთა არჩევანი, დაემშვიდობა ემო-ცხოვრებას და ეს სიმღერაც ამაზე შექმნა.
    მეექვსე ნომერია ჯგუფი "ფოლკი", რომელიც სახალისო სიმღერას მღერის. ძალიან ძლიერი ნომერია, სადაც ბავშვები ხორუმის რიტმში ურთულეს ვოკალში ასრულებენ და ასევე ძალიან საინტერესოდ ცეკვავენ და უკრავენ ინსტრუმენტებზე.
    მეშვიდე ნომერი არის ძალიან ორიგინალური ჯგუფი "ჯორჯაძეების ოჯახი". ხუთი და და ერთი პატარა ძმაა, ან როგორც საქართველოში ხდება, სანამ ბიჭი არ გაჩნდება, აჩენენ და აჩენენ ბავშვებს. ძალიან საინტერესო კომპოზიციაა. რა თქმა უნდა, ისინი სინამდვილეში ოჯახის წევრები არ არიან. ჩვენ შევქმენით და გვარიც ჩვენ მოვუგონეთ, რადგანაც ინგლისურად "ჯორჯია" არის საქართველო, ამიტომ დავარქვით მათ "ჯორჯაძეების ოჯახი".
    მერვე ნომერში "მუსიკალური კომპოტი" გამოდის. ხუთი გოგოა, სხვადასხვა მუსიკალურ მიმართულებებში მღერიან და თანამედროვე რიტმიკაზე სხვადასხვა მუსიკალურ მიმართულებას აკეთებენ შვიდი ნოტისგან. მისამღერია ასეთი: "შვიდი ნოტი, იმღერე მუსკომპოტი".
    მეცხე ნომრად გვაქვს დუეტი "ნინი მარი", რომლებიც ძალიან სახალისო და ასაკვიატებელ სიმღერას "ორერორერო, ჩვენთვის გვინდა ეს სიღერა" - ასეთი მისამღერი აქვს. ქორეოგრაფიაც მარტივი გასამეორებელია და ვფიქრობ, რომ დარბაზიც კარგად აჰყვება ამ გოგონებს.
    ბოლო ნომრად გვყავს ექვსი გოგო, "პრინცესები" ჰქვიათ. ძალიან ლამაზები, ძალიან ნიჭიერები არიან. სიმღერის თემა აქვთ ლურჯი ფრინველი. ჰყავთ ერთი გოგონა, რომელიც ვიოლინოზე უკრავს და ერთი ბალერინა, რომელიც ძალიან კარგად ცეკვავს და ოთხი ვოკალისტი, რომლებიც ხმებში ძალიან კარგად მღერიან.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter