სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკა ლემონჯავა
    20.09.2009

    14 ნოემბერს ფილარმონიის წინ ანსამბლ "რუსთავის" დაარსებიდან 25 წლის აღსანიშნავად მათივე სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება.
    მანამდე კი, სამ ოქტომბერს, კინო "რუსთაველის" წინ მსახიობ დოდო ჭიჭინაძის ვარსკვლავს გახსნიან. როგორც "კვირის რეზონანსთან" საუბარში კულტურის სამინისტროს ღონისძიებათა დეპარტამენტის უფროსმა დათო ოქიტაშვილმა აღნიშნა, ამ საღამოზე მისულ მაყურებელს ბევრი სიურპრიზი და გაუხმაურებელი კადრების ხილვა ელოდება.
    გარდა ამისა, პირველ ნოემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ კომპოზიტორ ნოდარ ანდღულაძის ვარსკვლავი გაიხსნება.
    დათო ოქიტაშვილი, კულტურის სამინისტროს ღონისძიებათა დეპარტამენტის უფროსი: ფილარმონია გაიხსნება 3 ან 5 ოქტომბერს. გაოცებული, ვარ, მართლა კარგი გამოვიდა ფილარმონია და მიხარია, რომ საშუალება მოგვეცემა, ძალიან ბევრი და საინტერესო ღონისძიება ჩავატაროთ ამ დარბაზში.
    ორწლიანი მოალაპარაკების შედეგად, "რივერდანსი" ჩამოდის საქართველოში. ეს მართლაც მსოფლიოს საოცრებად წოდებული ანსამბლია. ისინი 25 ოქტომბერს თბილისში გამართავენ კონცერტს.
    დიდი აჟიოტაჟია. ამ ღონისძიებაზე დასასწრებად აზერბაიჯანის დელეგაცია ჩამოდის, მგონი, პირველი ლედის ხელმძღვანელობით, ზუსტად არ ვიცი. მათი ჩამოსვლა მართლა სასიხარულოა, რადგანაც ეს ანსამბლი ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან მარტო მოსკოვშია ნამყოფი.
    "კვირის რეზონანსი": ორი წელი თუ მიდიოდა მოლაპარაკება, არც ისე ადვილად დათანხმებულან.
    დ.ო: ადვილი მართლა არ იყო... არაჩვეულებრივი ადამიანები არიან. ერთადერთი, რაც მოგვთხოვეს, არ გვინდა, ევროპული, მოგვბეზრდა და იქნებ ქართული სუფრა იყოსო. ამ ღონისძიების მასპინძელი რესტორანი "კრუიზი" იქნება. ფილარმონიის კონცერტის მერე იქ მგონი უფრო კარგი კონცერტი გაიმართება.
    მართლა უპრეტენზიოები არიან. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ესენი "რივერდანსის" ყოფილი მოცეკვავეები არიან. "სტარები" - ასეთი ჯგუფი აქვთ შექმნილი და იშვიათად დადიან სხვა ქვეყნებში. სასწაული შოუ იქნება, თავისი ფეერვერკებით. ფილარმონია ახალი გაკეთებულია და ნუ დაგვიწვავთ-მეთქი, - ვხუმრობდი.
    "კ.რ": რაც შეეხება მათ ანაზღაურებას, რამდენი მოითხოვეს?
    დ.ო: ძალიან იაფი. შოუბიზნესში არის კანონი, რომ ეს თანხა არ უნდა გაამჟღავნო. ამ ღონისძიების ორგანიზატორი კულტურის სამინისტროა. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ და მინისტრ ნიკა რურუას, რომელთანაც ძალიან კომფორტულად ვმუშაობ და არა მარტო მე, მთელი სამინისტროს თანამშრომლები. ნიკამ მართლა ბევრი რამ გააკეთა.
    "რივერდანსს" მართლა გრანდიოზული თანხა არ მოუთხოვია. ჩვენთან რაღაც ღონისძიებებს რომ აკეთებენ ვითომ ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები, იმ თანხის ნახევარია.
    "კ.რ": რა ეღირება ამ ღონისძიებაზე დასწრება?
    დ.ო: ბილეთის ფასი 20 ლარიდან 200 ლარამდე იქნება. გვინდოდა, რომ ბილეთი ცოტა იაფიც ყოფილიყო, მაგრამ მათი მოთხოვნაც იყო, რომ ყველანაირი ბილეთი ყოფილიყო. რომ ვუთხარით, 20 ლარი რამდენი დოლარი იყო, სიცილი დაიწყეს. ვუთხარი, რომ ასეთი ქვეყანა ვართ. ყველა კატეგორიის ბილეთები არის, რომ ყველას შეეძლოს მისვლა.
    ყველა იმ ადამინს მინდა ვუთხრა მადლობა, ვინც გვერდში დაგვიდგა და გვეხმარება. მართლაც, მსოფლიოს საოცრებას იხილავს ქართველი მაყურებელი. მიხარია, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან დელეგაციები ჩამოდიან.
    "კ.რ": ფილარმონიის გახსნას მინდა დავუბრუნდე. როგორც ვიცი, ნანი ბრეგვაძის კონცერტით ხსნით.
    დ.ო: ქალბატონ ნანის საღამოთი იხსნება ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი. მე ვიცი, რომ ამის ორგანიზატორი პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ფილარმონიის ადმინისტრაციაა. მართლა სიმბოლურია ეს კონცერტი. თუ არა ნანი, ვის უნდა გაეხსნა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი.
    მისი კონცერტისათვის მზადება დაწყებულია. დეტალებზე უფრო კარგად ორგანიზატორები დაგელაპარაკებიან.
    "კ.რ": როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ქალბატონ დოდო ჭიჭინაძის ვარსკვლავის გახსნას აპირებთ.
    დ.ო: ექსკლუზივი გექნებათ თქვენ. გადაწყდა, რომ ქალბატონ დოდო ჭიჭინაძის ვარსკვლავი 3 ოქტომბერს გაიხსნება "რუსთაველის" კინოს წინ. ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდით მისი ვარსკვლავის გახსნას. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილს, რომელიც ამ ყველაფრის მოთავეა. ის აკეთებს კინოკოლაჟს, სცენარს. იმიტომ, რომ ქალბატონი მარიკა და დოდო ძალიან ახლო მეგობრები არიან.
    მე საერთოდ არ ვერევი არც ერთ ღონისძიებაში საორგანიზაციო საკითხების გარდა. ვინ იმღერებს, ვინ ილაპარაკებს - ეს ჩემი საქმე არ არის. სირცხვილია, როდესაც შენ დოდო ჭიჭინაძეს უნდა უთხრა, რა ფილმს მანახებო და ა.შ. ქალბატონ მარიკას ავალია ეს ყველაფერი და 3 ოქტომბერს "რუსთაველის" წინ კიდევ ერთი ვარსკვლავი გაიხსნება და იქ მოსული საზოგადოება მართლაც საინტერსო რამეს იხილავს და გაუხმაურებელ ისეთ ფაქტებს გაიგებს, რაც ნებისმიერი ფილმის უკან იმალებოდა.
    კიდევ ერთ ექსკლუზივს გეუბნებით "კვირის რეზონანსს". პირველ ნოემბერს ოპერის თეატრის წინ ნოდარ ანდღულაძის ვარსკვლავი გაიხსნება. ბატონი ნოდარი მართალაც ღირსია ამის. დავაგვიანეთ კიდეც ამის გაკეთება. სიმართლე გითხრათ, მისი ვარსკვლავი უნდა ყოფილიყო იქ პირველად.
    14 ნოემბერს ანსამბლ "რუსთავს" 50 წლისთავი უსრულდება და მისი სახელობის ვარსკვლავი ფილარმონიის წინ გაიხსნება.
    29 ნოემბერს ზეიმი ექნება ჩვენი მშობლების თაობას. სცენას დაუბრუნდა "ცისფერი ტრიო". ორიგინალურ საღამოს ამზადებენ ნიკა მემანიშვილთან ერთად. ეს ის "ცისფერი ტრიოა", რომელმაც მთელი მსოფლიო შემოიარა და ეს იყო მართლაც პირველი ტრიო, რომელიც ასეთი პოპულარული იყო ჩვენი მშობლების თაობაში და არა მარტო ჩვენი მშობლების თაბაში. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო საღამო იქნება. ყველაფერი გითხარით, თან ექსკლუზიური ინფორმაციები (იცინის).
    საახალწლოდ კიდევ მაქვს ღონისძიებები დაგეგმილი. რამდენიმე პროექტზე ვმუშაობთ, რომელიც გვინდა, რომ დეკემბერში განვახორციელოთ. გვინდა, თბილისში რამდენიმე ადგილას სხვანაირი ახალი წელი იყოს. ყოველ წელს ერთი და იგივე ხალხს ყელში ამოუვიდა. სხვა უნდა შესთავაზო. საკლუბო ახალ წელს ვამბობ და არა ქალაქში გრანდიოზულ კონცერტს. ვგულისხმობ, ოჯახი რომ წავიდეს და დაისვენოს...
    "კ.რ": ახალ წლამდე თუ გეგმავთ რამე კონცერტს? დამეთანხმებით, შოუ-ბიზნესი საერთოდ არ აქტიურობს ამ მხრივ.
    დ.ო: გამოჩნდნენ შოუბიზნეს პროდიუსერები თუ რა ჰქვიათ, არ ვიცი მათ. შორიდან ვუყურებ ამას და მეცინება.
    "კ.რ": ვის გულისხმობთ?
    დ.ო: ბევრს, ვისაც პროდიუსერები ჰქვიათ და შოუბმიზნესმენები. ყველას შოუბიზნესი მოუნდა ახლა. მე ვამბობ, რომ საქართველოში შოუბიზნესი მკვდარია. როგორც მაგდანას ლურჯას აცოცხლებდნენ, ასეთ მდგომარეობაშია შოუბიზნესი. ბოდიში და ვირი წაქცეულია და მას ზილავენ. როდის ადგება, კაციშვილმა არ იცის. მე ვაგრძელებ ჩემს საქმეს ჩემს მეგობრებთან ერთად.
    "კ.რ": ვინ ააყენებს, როგორც თქვენ თქვით, წაქცეულ ვირს, ანუ შოუბიზნენსს?
    დ.ო: ქართველმა ხალხმა და ქართველმა მსმენელმა თვითონ უნდა გამოუტანოს განაჩენი. მე ვიცი, რომ ბათუმში ბევრი ღონისძიება ჩავარდა იმის გამო, რომ უგემოვნო ღონისძიებებზე ხალხმა უთხრა "არ გვინდაო". სახელმწიფოს საქმე შოუბიზნესი არ არის. შოუბიზნესს სახელმწიფომ შეიძლება ხელი შეუწყოს. რომ ამბობენ, ბიზნესმენები კულტურაში ფულს არ დებენო, ნებისმიერ ბიზნესმენს მიუტანე ნორმალური პროექტი, ის ყოველთვის გიფინანსებს. არასდროს მქონია არც ერთ ბიზნესმენთან რამე პრობლემა, იმიტომ, რომ მართლა ღირებულს ვთავაზობ.
    მიხარია, რომ "რივერდანსზე" ბევრი ადამიანი დაგვიდგა გვერდით. დიდი მადლობა "პირველ არხს", რომელიც ყველა პროექტს უფასოდ გვიშუქებს. რას ითხოვ ხალხისგან, რომელიც გეუბნება, რომ არ გვინდიხარო? ეს წაქცეული ხალხმა არ უნდა ააყენოს, ან ააყენოს.
    "კ.რ": აპრილის თვეში ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში თქვენ აღნიშნეთ, რომ რუსული ესტრადის ვარსკვლავი ალა პუგაჩოვა უნდა ჩამოსულიყო ნოემბერში საქართველოში. არ ჩამოდის?
    დ.ო: შემიძლია კიდევ ერთი ექსკლუზივი გითხრათ. ის აუცილებლად ჩამოვა საქართველოში. წელს ან მომავალ წელს. ამაზე მე არ გავჩერებულვარ, ვმუშაობ. ზოგი რეკავს იქიდან - რა ვქნათ, ძალიან გვიყვარხართ, მაგრამ ჩვენ რომ ხმა ამოვიღოთ, აქედან გაგვაგდებენო. მესმის, რომ მათაც ოჯახები ჰყავთ. ისეთ რაღაცებს აკეთებს ეს ორი ურჩხული - მედვედევი და პუტინი, რომ კულტურის მუშაკებიც დაშინებული ჰყავთ.
    "კ.რ": უნდა ჩაგეძიოთ. თქვენ დარწმუნებით ამბობდით ჩვენთან ინტერვიუში, რომ ის ნოემბერში ჩამოვიდოდა. რა არის მისი არჩამოსვლის მიზეზი?
    დ.ო: თუ გინდათ, სიმართლე გითხრათ, პოლიტიკაა მიზეზი. არ ამბობს, მაგრამ მე ვხვდები, რომ ეს არის პოლიტიკა.
    "კ.რ": ანუ გამოდის, რომ მან თქვა ჩამოსვლაზე უარი?
    დ.ო: არა, მან უარი არ თქვა. დღემდე მიდის მოლაპარაკებები მასთან და ბევრ რაღაცას ვაკეთებთ, რასაც ის ითხოვს. ფილარმონიაში იქნება ეს კონცერტი, მაგრამ როდის, ეს არ ვიცი.
    ხმამაღლა მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ადვილი. ყოველდღე მაქვს მის პროდიუსერთან ურთიერთობა. მაგრამ მეორე პრობლემაც არის - რომ ჩამოვიდეს, შეიძლება თქვან: ვის რად უნდა, რომ ჩამოვიდაო? და შეიძლება პომიდვრები ესროლონ, როგორც კობზონს ესროლეს. ამასაც ვუფრთხილდები, რომ შეიძლება ეს ურთიერთობა საერთოდ კატასტროფის წინაშე დადგეს. ეს ორი რაღაცაა.
    ვფიქრობ, ალას ვიზიტი საქართველოში მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც მაყურებელი მომზადებული იქნება. ამხელა ფიგურა რომ ჩამოვა, ვიღაცა ინტრიგანი შევიდეს და რაღაცები ესროლოს, რა მოხდება? სიმართლე გითხრათ, არ მინდა ახლა ჩამოვიდეს, იმიტომ, რომ დაძაბული სიტუაციაა, მაგრამ მეორე კუთხითაც ვუყურებ ამას - დიახაც, უნდა ჩამოვიდეს და ქართველ ხალხს უმღეროს. ის როდესაც სცენას ემშვიდობება, ქართველ მსმენელსაც უნდა დაემშვიდობოს, იმიტომ, რომ ჩვენც ვართ ამის ღირსი.
    ორი მხარე აქვს მედალს. ბუბა და ნანის დამოკიდებულება ყველამ იცის რუსეთის მიმართ, მაგრამ აქ მეორე მხარეც არის - შეიძლება ვინმემ ალას კონცერტი ისეთ პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს, რომ ორივე მხარე დავზარალდეთ. როდესაც ეს ყველაფერი დამშვიდდება, მერე ჩამოვა. თვითონაც ამ აზრზეა. ქართველი მსმენელი იმსახურებს იმას, რომ ის დიახაც ჩამოვიდეს აქ და დიახაც ქართველებს უმღეროს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter