სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ლელა ოჩიაური
    27.11.2017

     კულტურის სფეროდან იშვიათად თუ რამე გამოაცოცხლებს ხოლმე ყოველდღიურ პრობლემებში, საზრუნავში, ათასი მძიმე ფიქრითა თუ დაძაბული შრომით გადაღლილ, კარჩაკეტილ და გაგულგრილებულ ჩვენს საზოგადოებას. მაგრამ ზოგჯერ ხდება ისეთი ამბები, რომლებიც იწვევენ ცხოველ, გულწრფელ ინტერესს და ბადებენ რწმენას, რომ არა მარტო პოლიტიკით, კონფლიქტებით, დაპირისპირებითა თუ სკანდალებით ვსულდგმულობთ, არამედ ჩვენს სულსა და გულს ცხოვრების სხვა სფეროებიც იზიდავს.

    ასეთ მოვლენად იქცა ამერიკელ კინემატოგრაფისტ დევიდ ლინჩის (არ ჩამოვთვლი მის რეგალიებს, პროფესიებს, პრიზებსა და ბიოგრაფიის ფრაგმენტებსაც არ გავიხსენებ) საქართველოში ჩამოსვლა, რომლის მოლოდინმა იმაზე მეტად გაამართლა, ვიდრე წარმოსადგენი იყო.

    ვიზიტის ორგანიზატორი და სრული სიზუსტით, ლოგიკითა და მრავალშრიანი პროცედურის მიზანმიმართულად დამგეგმავი და განმახორციელებელი - კავკასიაში დევიდ ლინჩის ფონდის წარმომადგენლობა იყო, რომელმაც, შეიძლება ითქვას, ფაქტობრივად, პირველად საქართველოს ისტორიაში ასეთი რანგის ხელოვანს არა მხოლოდ უმასპინძლა, არამედ მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საქმიანი სამომავლო გეგმები არათუ დასახა, ეტაპობრივი შესრულება დაიწყო.

    თანამედროვეობის გამორჩეულ, ფაქტობრივად, საკულტო რეჟისორთან შეხვედრის, მასთან ერთ ჭერქვეშ მოხვედრის, "ცოცხლად" დანახვის, გასაუბრების, კითხვების დასმის, პასუხების მოსმენის, თუნდაც საკუთრივ მისთვის ფოტოს გადაღების (სელფზე რომ არაფერი ვთქვათ) მსურველი ძალიან ბევრი იყო. ამიტომაც ყველა სივრცე (სასტუმრო "მარიოტი", კლუბი "ხიდი", კინოთეატრი "ამირანი"), რომლებშიც ვიზიტის ორგანიზატორებმა ხელოვანისა და საზოგადოების შეხვედრები გამართეს, სრულიად (და ზედმეტადაც კი) გაივსო სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, ინტერესებისა და გემოვნების ადამიანებით. ზოგი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და ქართული კულტურის ისტორიას, ამ გამორჩეული ფაქტის დოკუმენტებს ქმნიდა. უდიდესმა ნაწილმა ცხოვრების ოცნება აიხდინა და ლეგენდის ხილვით ბედნიერად გრძნობდა თავს.

    ცხადია, იყვნენ ისეთებიც, რომლებისთვისაც ლინჩი (პირადი სიყვარული-არსიყვარულის მიუხედავად) მსოფლიო კინემატოგრაფის ნაწილია და ჯანსაღი ინტერესი ამოძრავებდათ შემოქმედებასა თუ ამა თუ იმ საკითხზე მისგან ინფორმაციის უშუალოდ მისაღებად. ზოგი, როგორც ყოველთვის ხდება, "ფეხის ხმას აჰყვა" და მიზნად დაისახა, "განდობილებს" არ ჩამორჩენოდა და საერთო ფერხულში ჩაბმულიყო.

    დევიდ ლინჩი ყყ საუკუნის 70-იანი წლებიდან გამოჩნდა კინოში ხმაურით, "სკანდალურობით", ახალი, დამოუკიდებელი და თავისთავადი აზროვნებით, ახალი კინომიმართულებების დანერგვითა და მიმდევრების ამალით და ყყ| საუკუნის პირველი ათწლეულის მიწურულიდან ასეთივე არაორდინარული განაცხადით - კინოს დატოვების შესახებ - "გაქრა".

    თუმცა, უნდა ითქვას, რომ მისი ბიოგრაფია სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმებით (მართალია, ძალიან წარმატებული) არცთუ მდიდარია (1977 წლიდან 2007-ამდე) "საშლელთავა", "ლურჯი ხავერდი", "ადამიანი სპილო", "დიუნა", "ველური გულები", "გზა არსაით", "უბრალო ისტორია", "მალჰოლანდ დრაივი", "შიდა იმპერია" და "თვინ ფიქსი", რამდენიმე მოკლე და ანიმაციური ფილმი), შეიცავს 10-წლიან პაუზას, ვიდრე 2017 წელს არ "გადაიფიქრა" და სახელგანთქმული (არა მხოლოდ მის ბიოგრაფიაში) "თვინ ფიქსის" მესამე სეზონით ხმაურიანად და "ლინჩისებურად" არაორდინარულად არ დაბრუნდა. დაბრუნდა "ახალ ადამიანად".

    ორგანიზატორებმა პირველი შეხვედრა თბილისში, სასტუმრო "მარიოტში", აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის (და რამდენიმე არააკრედიტებულისთვის, რომლებსაც ორგანიზატორებმა დიდსულოვნად დართეს დასწრების ნება) პრესკონფერენცია გამართეს.

    შეხვედრაში მონაწილეობდნენ სტუმრები: დევიდ ლინჩი, ლინჩის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბობ როთი და კავკასიაში დევიდ ლინჩის ფონდის წარმომადგენლები: გიგა აგლაძე (რეჟისორი, მუსიკოსი, ფონდის ხელმძღვანელი) და ნინა ცაგარელი (ფონდის პიარ დირექტორი).

    რამდენიმე ათეული კამერა და მედიის ათეულობით წარმომადგენელი დევიდ ლინჩს ცოცხალი და აქტიური ინტერესით ადევნებდნენ თვალს. არ ჩერდებოდა ვიდეო და ფოტო გადაღება (პროფესიული ფოტოაპარატებითა და პირადი ტელეფონებით), არ წყდებოდა კითხვები და როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ვრცელი, ამომწურავი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი პასუხები.

    სწორედ ამ კითხვა-პასუხის პროცესში, უშუალოდ ფილმებზე, სარეჟისორო ხელწერაზე, წარმატებაზე თუ წარუმატებლობაზე, შემოქმედებით იდეებსა თუ კრიზისზე, ამა თუ იმ კინოსურათის გადაღების იმპულსზე, ინსპირაციაზე, მრავალწლიან შემოქმედებით პაუზაზე, დამოკიდებულებაზე, ზოგადად, ცხოვრებისა თუ პირადულ საკითხებზე, გამოიკვეთა (რაც საზოგადოებისთვის წინასწარ ასე თუ ისე ცნობილი იყო) დევიდ ლინჩისა და ბობ როთის თბილისში (საერთოდ, კავკასიაში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანში სხვადასხვა დროს) ვიზიტის მთავარი მიზეზიც, მიზანიც და მომავლის "გენერალური" გეგმაც.

    დევიდ ლინჩის ფონდი, რომლის შექმნაშიც რეჟისორმა 7 მილიარდი დოლარი მოაგროვა და რომელიც მახარიში მახეშ იოგის, ხელოვანთა (და, რა თქმა უნდა, არა მარტო) წრეებში საკმაოდ გავრცელებული და მრავალმხრივ მნიშვნელოვანი მოძღვრების - ტრანსცენდენტული მედიტაცია - "მახარიშის მოძრაობა" - საფუძველზე აწყობილი, ფიზიკურ-სულიერი სტრესებისგან გამათავისუფლებელი, სუფთა ცნობიერების, ცნობიერების მიღმა საფეხურზე ასვლის გამომწვევი ცოდნის მიმღწევი სისტემაა, რომელიც მასწავლებლებსაც ამზადებს და მათი წყალობით დიდ ქსელს მოიცავს.

    ამ სისტემის მიმდევარი და პროპაგანდისტი ლინჩი 2002 წლიდან გახდა. ცოტა ხანში, აგრესიისა და ფსიქოლოგიური სიმძიმეებისგან გათავისუფლებულმა, ხანგრძლივი დროით (როგორც მაშინ გამოაცხადა, საბოლოოდ) თავი დაანება კინოს და თანამოაზრეებთან ერთად მსოფლიოში მოგზაურობა და სისტემის (მოძღვრება ყველას, მაგრამ, პირველ რიგში, სტუდენტების, ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი) დანერგვა დაიწყო.

    სასტუმრო "მარიოტის" პრესკონფერენციაზე ასევე გაცხადდა, რომ დაგეგმილია დევიდ ლინჩის სახელობის კინემატოგრაფის ინსტიტუტისა და კინოფესტივალის დაარსება კავკასიაში, რაც საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შესაძლებლობას მისცემს, კიდევ უფრო გააფართოონ კინოკავშირი არა მხოლოდ ამერიკასთან, არამედ მსოფლიოს სხვა წამყვან კინემატოგრაფიულ ქვეყნებთან, რადგან ფონდი ბევრ ასეთ სახელმწიფოს აერთიანებს და ერთიან სულიერ ქსელში აბამს.

    შემდეგი შეხვედრა კლუბ "ხიდში", საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის ცენტრში მოექცა. ბევრი მსურველი კლუბსგარეთ და, შესაბამისად, გულგატეხილიც დარჩა. მაგრამ "ხიდის" ტერიტორია აშკარად არ იყო "გათვლილი" დევიდ ლინჩის თაყვანისმცემლებისთვის. საჯარო ლექცია უშუალოდ ტრანსცენდენტულ მედიტაციასა და მის არსს, მნიშვნელობასა და ამ სფეროში - სულიერი აღორძინების მოძრაობაში - რეჟისორის გამოცდილების გაზიარებას დაეთმო.

    ბოლო შეხვედრა თანამედროვე კინოს საკულტო რეჟისორთან კინოთეატრ "ამირანში" გაიმართა წითელი ხალიჩით, ფილმ "მალჰოლანდ დრაივის" (ასევე საკულტოდ ქცეული და ლინჩის ხელწერის ერთ-ერთი აშკარად გამომხატველი კინოსურათის, რომელიც გარესამყაროს დაშლისა და ადამიანების შინაგანი სამყაროს ნგრევის, გაორების შემაძრწუნებელ სურათს ქმნის და ტრადიციული თხრობის სისტემის სრულიად სხვაგვარი ფორმის სინთეზს შეიცავს) ჩვენებითა და უამრავი ჟურნალისტისა და ქართული კინოს წარმომადგენლების მონაწილეობით.

    დევიდ ლინჩი ამ შემთხვევაშიც საკუთარი თავისა და პრინციპების ერთგული დარჩა. სცენიდან მიესალმა საზოგადოებას და განუცხადა, რომ არ უყვარს თავის ფილმებზე საუბარი მათი გადაღების შემდეგ და ჩვენების წინ (მართლაც, ის არასოდეს იძლევა განმარტებებს იმაზე, თუ რა და რატომ გადაიღო, რას ნიშნავს მის ფილმებში ხშირად ამოუცნობი და რთულად გასაშიფრი სცენები თუ ელემენტები, რადგან ყველაფერი თითოეული ჩვენგანის ქვეცნობიერზეა დამოკიდებული და ხშირ შემთხვევაში "მედიტაციურ" ჩაღრმავებასაც მოითხოვს). მადლობა გადაუხადა დამსწრეთ და დატვირთული დღისა თუ წინა დღეების შეხვედრებით გადაღლილმა, ხანგრძლივი შეხვედრის მომლოდინე იმედგაცრუებული მაყურებელი სასწრაფოდ დატოვა.

    დევიდ ლინჩმა, 10-ზე მეტი წელია, ახალი ცხოვრება დაიწყო და სხვადასხვა ქვეყანაში ლექციებით მოგზაურობით ათასობით ადამიანი აზიარა ტრანსცენდენტული მედიტაციის, "მახარიშის მოძრაობის" "წესებს". კინომოღვაწეობისგან განსხვავებით, სადაც ის მხოლოდ საკუთარ კანონებს ნერგავს და მისდევს, გურუს სიკვდილის შემდეგაც მისი კანონების ერთგული მიმდევარი რჩება და ლინჩის ახალი წესის გავრცელებას მსოფლიოში აგრძელებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter