სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    17.11.2017

     საქართველოში ერთ-ერთი უძველესი ძეგლის - მე-7 საუკუნეში აგებული ატენის სიონის ტაძართან მცირე ზომის ნაგებობის მშენებლობამ კელიების, სატრაპეზოსა და დამხმარე საყოფაცხოვრებო სათავსოების მოსაწყობად საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

    შეგახსენებთ, რომ ამ მშენებლობის შესახებ ფართო საზოგადოებას ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში ამცნო ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა, რომელიც მას უკანონოს უწოდებს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული პროექტი 9 წლის განმავლობაში მუშავდებოდა, რომლის მიზანიც ისტორიული კონტექსტის აღდგენაა.

    შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ "ობიექტივის" ჟურნალისტმა ანი კიკნაძემ მთავარ პროკურატურაში ტაძრის ეზოში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა. დაიწყება თუ არა გამოძიება, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა უკვე დაიკითხა ორივე ჟურნალისტი - ნინო მიქიაშვილი და ანი კიკნაძე.

    ანი კიკნაძის განცხადებით, აღნიშნული მშენებლობა უკანონოა და უნდა შეჩერდეს. ამასთან, ის მოითხოვს, რომ გამოძიება დაიწყოს, თუ რატომ გასცა შესაბამისი ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ.

    აღსანიშნავია ისიც, რომ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მიხედვით, ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალად 500 მეტრია განსაზღვრული. ატენის სიონის ტაძრის შემთხვევაში, რომელიც მეშვიდე საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება, ეს პირობა დარღვეულია, ფოტო მასალიდანაც კი ჩანს, რომ ტაძარსა და სამონასტრო კომპლექსს შორის მანძილი ძალზე მცირეა, დაახლოებით 15 მეტრი.

    როგორც ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ამბობს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ატენის სიონთან საეპისკოპოსო სახლის, სენაკებისა და კარიბჭის მშენებლობაზე ნებართვა გასული წლის 23 სექტემბერს გასცა. ამის შესახებ შევიტყვე 2017 წლის აგვისტოში. 5-ში ატენში ვიყავი, იქ გადაღებული ვიდეომასალა უწმინდესთან მივიტანე; 7-ში სააგენტოდან საჯარო დოკუმენტაცია ოფიციალურად გამოვითხოვე, ათში მივიღე და ასე გავიგე დეტალები, რის შემდეგაც მეუფე ანდრიას (გვაზავა) შევხვდი. ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ. სააგენტოსთან ოფიციალური მიმოწერა დღემდე მაქვს.

    "მეორედ ატენში 14 ნოემბერს ჩავედი. მანამდე ვიყავი გორის რაიონული პოლიციის მეოთხე განყოფილებაში გამოკითხვაზე - მივიტანე ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები იმ იმედით, რომ სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლების საფუძველზე გამოძიება დაიწყება, უკანონობა აღიკვეთება და დამნაშავეები დაისჯებიან. პოლიციაში ჩემი დაბარება კი ანი კიკნაძის საჩივრის საფუძველზე მოხდა - ანიმ გამოძიების დაწყება მოსთხოვა მთავარ პროკურატურას და მისი საჩივარი პროკურატურამ გადაუგზავნა გორის რაიონულ პოლიციას," - წერს სოციალურ ქსელში ნინო მიქიაშვილი.

     ატენის სიონის ტაძრის მიმდებარე მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე სამშენებლო სამუშაო ტაძრის აღდგენის მიზნით პატრიარქის მიერ 2006 წელს გაცემული ბრძანების ლოგიკური გაგრძელებაა.

    "ატენის სიონის ტაძრის გალავნის მიღმა სამონასტრო ინფრასტრუქტურისათვის საჭირო ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებით რიგითი მოქალაქეებისა და პროფესიული წრეების ყურადღება მიიპყრო ჟურნალისტური წრის 2 წარმომადგენლის მიერ აგორებულმა კამპანიამ.

    "ტაძართან მიმდინარე სამონასტრო ინფრასტრუქტურისათვის საჭირო მცირე ზომის ნაგებობის მშენებლობა, რაც კელიების, სატრაპეზოსა და დამხმარე საყოფაცხოვრებო სათავსოების მოწყობას გულისხმობს, ატენის სიონის მონასტრის აღდგენის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ 2006 წელს გამოცემული ბრძანების ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც 1974 და 2009 წლებში ადგილზე წარმოებული არქეოლოგიური კვლევის შედეგად გამოვლენილი ადრეული კელიების საძირკვლის ნაშთების გათვალისწინებით ისტორიულ კონტექსტს აღადგენს.

    "სამშენებლო პროცესი არანაირი ფორმით არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და სრულ შესაბამისობაშია არსებულ ნორმებთან," - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    ამასთან, აღნიშნულია, რომ პროექტში, რომელიც 9 წლის განმავლობაში იხვეწებოდა, გათვალისწინებულია დარგის სპეციალისტების მიერ ადრე გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები, რაც მის მასშტაბს და გარეგნულ იერსახეს უკავშირდებოდა. უმთავრესად, მისი კონტურები და არქიტექტურული წყობა იმ არქეოლოგიური რეალობითაა ნაკარნახევი, რაც არაერთი კვლევის შედეგადაა გამოვლენილი.

    "დამტკიცებული ფორმით, სამონასტრო ინფრასტრუქტურისათვის საჭირო ნაგებობის მოცულობა არსებულ გარემოსთან მასშტაბურად თავსებადი და რელიეფზე ორგანულად მორგებულია. მისი სამშენებლო მასალები, კედლის წყობის ხასიათი, ფერი, გადახურვის საფარის წყობა და სხვა არქიტექტურული ელემენტები მაქსიმალურადაა შერწყმული ადგილობრივ ლანდშაფტთან.

    "მონასტრის ინფრასტრუქტურისთვის გათვალისწინებული ნაგებობები თავსდება კომპლექსის ისეთ პერიფერიულ ზონებში, რომლებიც ვიზუალურად ნაკლებად კითხვადია და არ არღვევს ჩამოყალიბებულ სილუეტებს. ადგილზე არსებული არქეოლოგიური ნაშთების შინაარსობრივი რეკონსტრუქციით კი აღდგება ატენის სიონის სამონასტრო ცხოვრების ისტორიული კანონზომიერება.

    "სააგენტო მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტის განვითარება არათუ არღვევს დადგენილ ნორმებს, არამედ ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე ზრუნვის საქმეში საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობის მისაბაძ მაგალითს ქმნის, რომელიც სამომავლოდ ატენის სიონის სამონასტრო კომპლექსის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს," - ნათქვამია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

    როგორც "რეზონანსთან" საუბრისას ნინო მიქიაშვილმა აღნიშნა, მას ძალიან ბევრი მტკიცებულება აქვს და მიუხედავად იმისა, რომ ის და მისი კოლეგა ეკლესიის მტრებად და პროვოკატორებად გამოიყვანეს, კონკრეტული დეტალების გასაჯაროებას ჯერჯერობით ერიდება, რადგან გამოძიების დაწყების იმედი აქვს.

    "კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ სამონასტრო ცხოვრების აღდგენაზე ზრუნვის გამოხატვა ღიმილის მომგვრელია, რადგან ეს არის სააგენტო, რომელიც ანგრევს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ისინი დასაჭერები არიან.

    "მე და ანი კიკნაძეს პროვოკატორობას გვაბრალებენ, ეკლესიის მტრებად გვაცხადებენ და პოპულარობისთვის გაკეთებულ საქმედ აფასებენ ჩვენს ქმედებებს. ასეთი შეტყობინებები მოდის პირად ფოსტაშიც, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს საქმეს და ამას ყურადღებას არ ვაქცევთ.

    "ყველა დეტალის თქმისგან ახლა თავს ვიკავებ, რადგან იმედი მაქვს, გამოძიება დაიწყება. ამიტომ მივედი ძალიან ბევრი მტიცებულებით ხელში და ჯერჯერობით არ მინდა, წინასწარ ვისაუბრო. თუ გამოძიება არ დაიწყება და ყველაფრის ხმამაღლა თქმის საშუალება მომეცემა, ძალიან შერცხვება ყელას, ვინც დღეს მე და ანი კიკნაძეს ეკლესიის მტრებს გვეძახიან და ვინც გორის ეპარქიის მღვდელმსახურებსა და, ზოგადად, ეპარქიას აგინებენ," - აცხადებს ნინო მიქიაშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter