სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "აქ დაცულია უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე - ყოვლადწმინდა ღვითსმშობლის კვართი, რომელიც საქართველოში 1453 წელს ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ გადმოუტანიათ"
    ია აბულაშვილი
    31.08.2016

    სამეგრელოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქის ისტორიის და დადიანების უნიკალური ექსპონატების შესახებ ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს, მაგრამ რამდენიმე საინტერესო ამბავს მაინც შეთვავაზებთ ამ ქალაქისა და მისი უნიკალური განძის შესახებ.

    ისტორიულად ზუგდიდი სამეგრელოს სამთავროს სატახტო ქალაქი იყო და მის პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. სახელწოდება - ზუგდიდი ძველ წყაროებში მოიხსენიება, თუმცა უფრო დაწვრილებით მის შესახებ მოხსენიებულია აფხაზეთის საკათალიკოსოს 1621 წლის მისაღებში. ასევე ილორის წმინდა გიორგის ხატის 1656 წლის ჩანაწერებში.

    ზუგდიდის ისტორია

    ზუგდიდის შესახებ წერდნენ მსოფლიოს გამოჩენილი მკვლევარები და მოგზაურები ანჯელო ლამბერტი, შარდენი, ქრისტეფორე კასტელი და სხვები.

    ზუგდიდის, როგორც ქალაქის ფორმირება მე-19 საუკუნის 30-40-იან წლებიდან იწყება.

    "ზუგდიდი შენდება ვრცელ მინდორზე, რომელსაც საზღვრავენ აღმოსავლეთით სასახლე და ბაღი დადიანისა. დასავლეთით თავად გრიგოლის სასახლე" - წერდა ანჯელო ლამბერტი.

    დავით დადიანის დროს ზუგდიდი მაზრად გადაკეთდა, რომლის მდივანბეგები იყვნენ: თეიმურაზ აგიაშვილი და დუტუ დადიანი. 1851 წელს ზუგდიდის მოსახლოება 2 000 სულ მოსახლეს შეადგენდა. 1848 წელს ზუგდიდში აბრეშუმის ძაფსახვევი ქარხანა აშენდა, რომელიც პირველი სამრეწველო საწარმო იყო სამეგრელოში.

    ასევე დავით დადიანის სახელს უკავშირდება ზუგდიდში არყის სახდელი ქარხნის აშენება, დიდი ბიბლოთეკის დაარსება, სადაც დაცული იყო უძველესი ხელნაწერი წიგნები.

    ამავე ბიბლიოთეკაში იმართებოდა ლიტერატურული სალონები, რომლის ხშირი სტუმრები იყვნენ: გრიგოლ ორბელიანი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, პლატონ იოსელიანი და სხვა გამოჩენილი ქართველი მწერლები თუ საზოგადო მოღვაწეები.

    ზუგდიდი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო, აქ მრავლად იყო ვაჭართა დუქნები და სახელოსნოები. 1848 წელს გრაფ როზმერდიუკმა და უფლისწულმა კონსტანტინე დადიანმა დააარსეს მეაბრეშუმეობის გამავრცელებელი საზოგადოება და აბრეშუმის ძაფსახვევი ფაბრიკა, რომელმაც 1863 წლამდე იარსება.

    როზმორდიუკმა ფაბრიკაში პირველმა ჩამოიტანა საფრანგეთიდან ორთქლის მანქანა და სხვა საჭირო დანადგარები, თან ჩამოიყვანა ამ საქმის მცოდნე ორი ფრანგი ქალბატონი, მათ მეგრელ ქალებს ეს ხელობა შეასწავლეს.

    პირველსავე წელს დამზადებული 13 ფუთი აბრეშუმის ძაფი კი საფრანგეთში 3 250 მანეთად გაიყიდა. 1852 წელის მოსკოვის გამოფენაზე კი ზუგდიდში ნაწარმმა აბრეშუმმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

    ზუგდიდი ასევე მთელ საქართველოში განთქმული იყო ოქრომჭედლობით.

    ზუგდიდის ქალაქად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის გამოჩენილ ქართველ პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს რაფიელ ერისთავს, მის მიერ დადგეგმილი ქალაქის ცენტრალური ხეივანი, რომელიც დადაიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, თავის სილამაზით დღესაც ხიბლავს მნახველს.

    1844-45 წლებში ზუგდიდში გაიხსნა ჭადრაკის მოყვარულთა წრე, რომლის პირველი მოწაფე იყო შემდგომში ცნობილი ქართველი მოჭადრაკე დავით დადიანის უმცროსი ვაჟი, ანდრია დადიანი.

    რა განძს ინახავს დადიანების სასახლე

    ძნელია ერთ სტატიაში დაწვრილებით აღწერო ზუგდიდის დადიანების სასახლეში დაცული ყველა ექსპონატის ისტორია, თუმცა რამდენიმე მათგანზე მაინც შევაჩერებთ მკითხველის ყურადღებას.

    დადიანების სასახლის სამუზეუმო კომპექსში მოთავსებულია დედოფლის სასახლე, ნიკოსეული სასახლე, მთავრისეული ტაძარი და სასახლესთან არსებული დეკორატიული ბაღი. დედოფლისეული სასახლე მე-19 საუკუნის 60-იან წლებში გადაკეთდა გერმანელი არქიტექორის რაინის მიერ. მანამდე ის სამეგრელოს მთავრის, დავითის დის - პუპის სასახლე იყო.

    სასახლეს გარს აკრავს დიდი მოზაიკით გაფორმებული აივანი, რომელშიც დაახლოებით 50-მდე ხის ორნამენტია გამოყენებული. როგორც ამბობენ, სამეგრელოს დედოფალმა ეკატერინე ჭავჭავაძემ ლაზეთიდან საუკეთესო ოსტატები მოიწვია და უიშვიათესი არქიტექტურული ნიმუშის შექმნა დაავალა. თითოეული ორნამენტი თაფლშია მოხარშული, რომელიც ორნამენტებს სხვადასხვა ფერს აძლევს.

    ნიკოსეული სასახლე მე-19 საუკუნის 80-იან წლებშია აგებული, რუსი არქიტექტორის ლეონიდ ვასილევის მიერ. ამ სასახლეში არის საქართველოში ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზი.

    დადიანების სასახლეში დაცულია 50 000 ექსპონატი ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული მე-19 საუკუნის დასასრულს დადიანების მემორიალური ნივთებით დამთავრებული, ასევე ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები.

    არქეოლოგიური ძეგლებიდან ძველი ქვის ხანის იარაღები. კოლხური ცული და მისი ჩამოსასხმელი ყალიბი. ფულის მდიდარი კოლექცია - კოლხური თეთრი, რომაული, ბიზანტიური მონეტები. ძვ. წელთაღრიცხვის პირველ და ახალი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეების ოქროს მონეტა. იუსტინიანე პირველის მონეტა.

    ქართული საეკლესიო ნაქარგების ბრწყინვალე ნიმუშები. მწიგნობართუხუცესის - მოქარგული საბუხარი. ლევან დადიანის ბრძანებით დამზადებული გარდამოხსნა. მე-11 საუკუნის ქრისტიანული ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი ნიმუში- გიორგი მეფის სამწერობელი. თამარ მეფის დედის ბურდუხან დედოფლის ხატი. მე-12 საუკუნის ძეგლი. კარედის ხატი წმ. გიორგის გამოსახულებით.

    დადიანების სასახლეში ასევე დაცულია უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე - ყოვლადწმინდა ღვითსმშობლის კვართი, რომელიც საქართველოში 1453 წელს ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ გადმოუტანიათ. იგი ჯერ ბედიის ტაძარში, შემდეგ კი ხობის ეკლესიაში დაუბრძანებიათ. 1533 წლიდან კი ლევან დადიანს სამთავრო სასახლეში გადმოუსვენებია.

    ხელნაწერთა ფონდში დაცულია მე-16-19 საუკუნეების უნიკალური ხელნაწერი წიგნები, მინიატურები, სიგელ-გურჯები, ასევე  მე-19 საუკუნის ქართველ მოღვაწეთა  წიგნები.

    მუზეუმში ინახება ფრანგული ისტორიის და კულტურის უნიკალური ნივთები. ბულის, როკოკოს, ამპირის სტილის ავეჯი, ქართული, ჩინური, იაპონური, ბროლის, ქაშნაურის ჭურჭელი, მოვერცხლილი ლარნაკები. ალბომი ოქროს ყდით.

    მუზეუმის იშვიათ ექსპონატებს შორის დაცულია ნაპოლეონ ბონაპარტის ბრინჯაოს ნიღაბი, რომელიც ჩამოსხმულია პარიზში 1833 წელს ფრანჩესკო ანტომარკის მიერ. ასევე მუზეუმს ამშვენებს ევროპელი მხატვრების უნიკალური ნამუშევრები, მათ შორის გერმანელი ფერმწერის ფრანც ვინტერპალტერის მიერ შესრულებული ეკატერინე ჭავჭავაძის პორტრეტი, რომელიც შესრულებულია პარიზში 1865 წელს.

    ასევე, ფრანგი მხატვრის პიერ ბლანშარის რამდენიმე ნამუშევვარი, რომელიც რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ საჩუქრად გადასცა ნიკო დადიანს.

    დადიანების ბაღი

    ეს უნიკალური ბაღი აშენდა დავით დაიანისა და მისი მეუღლის ეკატერინე ჭავჭავაძის ხელშეწყობით. სასახლის ბაღი მდიდარია ეგზოტიკური მცენარეებით. ბაღმა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 50-იან წლებში გაითქვა სახელი და როგორც  ბოტანიკოსები ამბობენ, იგი ერთადერთი ყოფილა თავის მრავალფეროვანი მცენარეებით მთელს ამიერკავკასიაში.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter