სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    როგორ იგონებენ რუსული ლიტერატურის აფხაზ კლასიკოსს თბილისში
    ია აბულაშვილი
    04.08.2016

     გუშინ მოსკოვის ნოვოდევიჩიეს სასაფლაოზე დაკრძალეს საბჭოთა ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, აფხაზი მწერალი ფაზილ ისკანდერი. იმ ადგილას დაკრძალვა თავად მწერლის სურვილი იყო, მის მშობლიურ აფხაზეთში კი 2 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. მამით ირანელი და დედით აფხაზი ფაზილ ისკანდერი მოსკოვში 31 ივლისს, 88 წლის ასაკში გარდაიცვლა.

    ფაზილ ისკანდერი დაიბადა 1929 წლის 6 მარტს სოხუმში, აგურის ქარხნის მეპატრონის ოჯახში. მისი მამა ირანელი იყო, რომელიც 1938 წელს დეპორტირებული იქნა საბჭოთა კავშირიდან. ამის შემდეგ ფაზილს მამა აღარ უნახავს, იგი იზრდებოდა დედის ოჯახში, სოფელ ჩეგემში. სოხუმში რუსული სკოლის დასრულების შემდეგ, რომელიც ოქროს მედალზე დაამთავრა, საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. 1954 წელს დაამთავრა მოსკოვის გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი. წლების მანძილზე მუშაობდა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო გამომცემლობის აფხაზური განყოფილების რედაქტორად. მისი ლექსები და პროზაული ნაწარმოებები აქტიურად იბეჭდებოდა 50-იანი წლებიდან ჟურნალ "იუნოსტში"; 1957 წელს კი სოხუმში მისი ლექსების პირველი კრებული "მთის ბილიკი" გამოიცა.

    ისკანდერის ყველა მნიშვნელოვანი ნაწარმოები რუსულადაა დაწერილი, მათ შორის ისეთი პოპულარული რომანები და მოთხრობები, როგორებიცაა "თხატურის თანავარსკვლავედი", "სანდრო ჩეგემიდან", "ადამიანი და მისი სამეზობლო", "ადამიანის სადგომი", "კურდღლები და გველები", "სოფიჩკა", "ჰერაკლეს მეცამეტე გმირობა" და სხვა. მიღებული აქვს მრავალი სახელმწიფო ჯილდო, მათ შორის სსრკ-ის სახელმწიფო პრემია; "სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის" მეორე ხარისხის ორდენი; რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია. 1984 წელს იგი არჩეული იქნა საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. მის პატივსაცემად ერთ-ერთ პლანეტას ისკანდერი ჰქვია; 2009 წელს კი აფხაზეთის ბანკმა ფაზილ ისკანდერის სამახსოვრო მონეტა გამოუშვა. მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია რამდენიმე მხატვრული ფილმი. ფაზილ ისკანდერს ცოლად ჰყავდა რუსი პოეტი ქალი ანტონინა ხლებნიკოვა და ორი შვილი - ქალ-ვაჟი.

    როგორ იხსენებენ ისკანდერს ქართველი მწერლები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები:

    მწერალთა კავშირის თავმჯდომარე რევაზ მიშველაძე: "31 ივლისს გარდაიცვალა ცნობილი მწერალი ფაზილ ისკანდერი. მე შემეძლო მეთქვა ცნობილი აფხაზი მწერალი, ან ცნობილი რუსი მწერალი, რადგან აფხაზური ჟურნალ-გაზეთები მას აფხაზ მწერლად მოიხსენიებენ, რუსეთში კი რუს მწერლად არის ცნობილი. ერთი "სიკეთე" დაგვიტოვა საბჭოურმა მემკვიდრეობამ, გაჩნდა მსოფლიოში გაუგონარი განმარტება რუსულენოვანი მწერალი, არადა, მწერალი იმ ერის მწერალია, რომელ ენაზეც თვითონ წერს. ამ თავსატეხს თვითონ ფაზილ ისკანდერმა გასცა პასუხი 2011 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში: "მე, რა თქმა უნდა, რუსი მწერალი ვარ, თუმცა არაერთხელ ხოტბა შევასხი აფხაზეთს, აფხაზურად, სამწუხაროდ, ერთი სტრიქონიც არ დამიწერია".

    ახლა, როცა ისკანდერმა დახურა თავის მღელვარე ცხოვრების წიგნი, მე, რა თქმა უნდა, ვწუხვარ ამის გამო და გულწრფელად ვუსამძიმრებ უპირველესად მის ოჯახს, და მერე მოძმე აფხაზეთს. სწორედ რომ აფხაზეთში დაიბადა იგი, თუ არ ვცდები, მთაგიორიან სოფელ ჩეგემში. სოხუმში დაამთავრა რუსული სკოლა და ამის შემდეგ ჩავიდა მოსკოვში. იქ შეირთო რუსი მეუღლე და მთელი ცხოვრება მოსკოვში გაატარა.

    მე ფაზილ ისკანდერს პირველად შევხვდი 1967 წელს მოსკოვში - გამომცემლობა "მოლოდაია გვარდიაში" ჩემი ნოველების წიგნი გამოდიოდა. რედაქტორმა იახონტოვამ ფანჯარასთან მჯდომ სათვალიან ქერა, ფერგალეულ კაცს ჰკითხა.

    - ვის მივცეთო სარეცენზიოდ?

    - ფაზილს - უპასუხა მან. - ახლა აქ იყო.

    გავიდა ეს ქერა კაცი და ორიოდ წუთში შემოიყვანა დაბალი ტანის, შავგვრემანი, თმაჯაგარა, ტანსრული კაცი.

    - გაიცანი, შენი ზემლიაკია თბილისელი მწერალი - უთხრა იახონტოვამ.

    ფაზილმა ხელი ჩამომართვა და მიაყოლა - რა ჩემი ზემლიაკია;

    - როგორ, განა აფხაზეთი საქართველო არ არის? - ჰკითხა იახონტოვამ.

    - რანაირად არის აფხაზეთი საქართველო, აფხაზეთი აფხაზეთია, საქართველო საქართველო; ასე თუ გავყევით, ჩვენ ყველანი ზემლიაკები ვართ, რადგანაც დედამიწაზე ვცხოვრობთ, - იხუმრა ალბათ ისკანდერმა.

    მე მაშინ ჩემს "ზემლიაკს" იმ იუმორს ვერ მივუხვდი და, ცოტა არ იყოს, გავბრაზდი კიდეც.

    - თქვენ სწორი ბრძანდებით, მივუბრუნდი რედაქტორს, - აფხაზეთი საქართველოს ერთი პატარა ნაწილია.

    ფაზილის თვალებშიც, ცოტა არ იყოს, გაბრაზება დავიჭირე და მანაც პასუხი არ დააგვიანა.

    - უმჯობესი იყო, თქვენი ნათქვამისთვის ერთი სიტყვა დაგემატებინათ - დროებით.

    - ამ საკითხზე ნუღარ ვიკამათებთ, - ჩაერთო იახონტოვა. - სარეცენზიოდ უნდა მოგცეთ, ფაზილ, რეზოს წიგნი, კარგ ნოველებს წერს და საქაღალდე გაუწოდა.

    - ორი პირობით, სერიოზულად მიუგო ფაზილმა. ჯერ ერთი, თქვენს აზრს კარგი ნოველების შესახებ თავს ნუ მომახვევთ და მეორეც, ნუ დამაჩქარებთო.

    - ერთი თვე, - განუმარტა იახონტოვამ.

    - კარგი, - თქვა ფაზილმა. ერთხელ კიდევ შემომხედა და გავიდა.

    ამ უსიამოვნო შეხვედრის შემდეგ, მე იმედი თითქმის გადაწურული მქონდა და იახონტოვას იქვე განვუმარტე: ეგ ჩემს წიგნზე დადებითი რეცენზიის დამწერი არ არის-მეთქი.

    - არა, არა, ძალიან პატიოსანი კაცია, ოღონდ, ცოტა არ იყოს, გულფიცხი აფხაზია.

    ამის შემდეგ გადის თვე-ნახევარი, იახონტოვა თბილისში მირეკავს - ფაზილ ისკანდერმა ბრწყინვალე რეცენზია მოიტანა და შენი წიგნი უკვე სტამბაში გავაგზავნეთო. ასე გამოვიდა ფაზილ ისკანდერის მიერ რეცენზირებული ჩემი პირველი რუსული წიგნი, რომელსაც ერქვა "აეროპორტი აღარ არის" 1967 წელს.

    ამის შემდეგ ფაზილ ისკანდერის სახელი რუსულ ლიტერატურაში არაერთხელ გახმიანდებოდა და მეც სიამოვნებით ვკითხულობდი ჯერ მის ლექსებს, მერე ლექსებს თავი დაანება და პროზაზე გადავიდა. ძალიან მომწონს მისი მოთხრობა "ზღვაზე", "ჩიკის ბავშვობა" და "სანდრო ჩეგემიდან". მეორედ ისკანდერს მოსკოვში, ლიტერატურულ სახლში შევხვდი, სადაც პროზის სექციაზე განიხილავდნენ მის უაღრესად საინტერესო, იუმორით სავსე, ვრცელ მოთხრობებს. ერთ-ერთი მათგანი, "სანდრო ჩეგემიდან", 1974 წელს დაიბეჭდა ჟურნალ "ნოვი მირში".

    გადის წლები, ცნობილი მოვლენების გამო ფაზილ ისკანდერმა, რასკვირველია, თავისი კუთხის მხარე დაიჭირა. იგი აფხაზი მწერლების სახელით გამოდიოდა მოსკოვში და აფხაზეთშიც სხვადასხვა ტრიბუნაზე. ბოლოს ოჯახთან ერთად მოსკოვის მახლობლად მდებარე მწერალთა სოფელში, პერედელკინოში გადასახლდა. როგორც შემდეგ მითხრეს, ბოლო წლებში იგი ქართველ მწერლებთან ალექსანდრე ებანოიძესა და მურმან ჯგუბურიასთან შეხვედრის დროს წუხდა, "აღარ არის დრო, რომ შევრიგდეთო. ბოლოს და ბოლოს ამდენი წელი გავიდა და სანამ უნდა ვუბღვერდეთ ძმები ერთმანეთსო, მოდით, ვითავოთ ერთი კარგი საქმე, ჩვენ მწერლები ჩავდგეთ შუაში აფხაზი და ქართველი ხალხის ძმობა განვაახლოთო".

    სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ფაზილმა ამ სურვილის განხორციელება ვერ შეძლო, მაგრამ მისი მეგობარი ქართველი მწერლები არაერთხელ მივალთ მის საფლავთან იმის გულწრფელი ფიქრით, რომ მართალია, რუსული კულტურა დღითი დღე ყლაპავს აფხაზურს (თვით ფაზილ ისკანდერიც, რომელმაც ერთი სიტყვა აფხაზური არ იცოდა, ამ "ჩაყლაპვის" მსხვერპლი იყო), ჩვენ, ქართველი მწერლები ქართულ ლიტერატურულ პრესაში (მწერლის გაზეთი, ჟურნალი "ცისკარი") სისტემატურად ვბეჭდავთ და დავბეჭდავთ აფხაზ მწერალთა შემოქმედებით თარგმანებს ისევ და ისევ აფხაზური კულტურის გადასარჩენად," - ასე იხსენებს "რეზონანსთან" ფაზილ ისკანდერს რევაზ მიშველაძე.

    მთავრობის კანცელარიის ყოფილი უფროსის, პეტრე მამრაძის თქმით, მისი ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს ფაზილ ისკანდერი საქართველოში არ ჩამოსულა და არც ის იცის, შეხვედრია თუ არა საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს.

    "მე რიგითი მკითხველი ვარ და თაყვანისმცემელი მისი ნიჭისა და შემოქმედების. ვიცი, რომ ფაზილ ისკანდერი მთელ მსოფლიოში აღიარებულია, როგორც გამოჩენილი მწერალი. ის წარმოშობით სოხუმელია, მაგრამ წერდა რუსულ ენაზე და ითვლება რუს მწერლად. მისი მამა იყო ირანელი - სპარსი და მოუწია დეპორტაცია და სპარსეთში დაბრუნება. თვითონ ისკანდერი აღწერს მამის გაცილებას თავის მოგონებებში. თავის ნაწარმოებებში კი საოცარი ძალითა და სიზუსტით აღწერს კავკასიას, თავის მშობლიურ კუთხეს, მის კოლორიტს, ზნე-ჩვეულებებს.

    მახსენდება "სამიზდატში" გავრცელებული მისი ნაწარმოებები, რომლებიც ოფიციალურად "გლასნოსტამდე" არც იბეჭდებოდა. ეს არის "ბალთასარის ნადიმი", სადაც აღწერილია სტალინისა და პოლიტბიუროს სხვა წევრების ქეიფი აფხაზეთში. მახსოვს, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ყველაზე მისმა ფილოსოფიურმა იგავმა "მახრჩობელა გველები და ბოცვერები". ასევე ფაზილ ისკანდერის ერთი ჩანაწერიც - გამოჩენილი რუსი მოქანდაკის, ვუჩეტიჩის მოგონება სტალინზე. მას უკითხავს სტალინისთვის, თუ რა არის სიბერე. სტალინს წუთიერი ფიქრის შემდეგ უპასუხია: "სიბერე არის თანამედროვეობის შეგრძნების დაკარგვაო". კიდევ ბევრი რამის გახსენება შეიძლება მისი შემოქმედებიდან, მაგრამ მკითხველს თავს არ შევაწყენ. რაც შეეხება კონფლიქტს, ომს აფხაზეთში და სამომავლო ურთიერთობებს, გამიგია, რომ თითქოს მას ძალიან ურაყოფითიც დაუწერია ქართველებზე, მაგრამ ეს მე ჩემი თვალით არ მინახავს. თუმცა მახსოვს ის, რომ ძალიან პესიმისტურად იყო განწყობილი მომავლის მიმართ," - ამბობს "რეზონანსთან" პეტრე მამრაძე.

    ფაზილ ისკანდერის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ცოტნე გამსახურდია და გაიხსენა წერილი, რომელიც 1988 წელს ზვიად გამსახურდიამ მას მისწერა.

    " გარდაიცვალა გამოჩენილი აფხაზი, საბჭოთა მწერალი ფაზილ ისკანდერი... გამახსენდა მამაჩემის მასთან პოლემიკა 70-იან - 80-იან წლებში, რომელიც კორექტულობისა და პატივისცემის ფარგლებს არ გასცილებია" - წერს ცოტნე გამსახურდია.

    ზვიად გამსახურდიას წერილი ფაზილ ისკანდერს

    "პატივცემულო ფაზილ აბდულის ძევ!

    მე გავეცანი თქვენს ინტერვიუს დასავლეთგერმანულ ჟურნალ "შპიგელში", რის შემდეგაც ორმაგი გრძნობა გამიჩნდა. ერთი მხრივ, თქვენ ობიექტურად გააშუქეთ მესხთა რეპატრიაციის საკითხი, ქართველი ეროვნების ადამიანებისა, რომელნიც გადაასახელს შუა აზიაში 1944 წელს, ხოლო, მეორე მხრივ, მე განმაცვიფრა თქვენმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ თითქოს 40-იან წლებში დაიწყო იძულებითი "გაქართველება" აფხაზური სკოლებისა, რატომ არაფერს ბრძანებთ იმის შესახებ, რომ აფხაზური სკოლა წმინდა სახით, როგორც ასეთი, არასდროს არ არსებობდა და არც ახლა არსებობს, ვინაიდან ე.წ. აფხაზურ სკოლაში მხოლოდ პირველი 4 კლასია აფხაზური, ხოლო დანარჩენ კლასებში სწავლა მიმდინარეობს რუსულ ენაზე? რატომ არ წუხართ რუსიფიკაციაზე, რომელიც ნამდვილად საფრთხეა აფხაზებისათვის ან იქნებ "ქართველიზაციაზე" საუბარი ნაკლებ რისკთან არის დაკავშირებული?

    უკანასკნელ ხანებში აფხაზეთის ისტორიის ზოგი ფალსიფიკატორის მიერ გავრცელდა დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს თანამდეროვე აფხაზკეთის ასსრ-ის ტერიტორია მუდამ ადიღეური მოდგმის აფსუების ტომის კუთვნილება იყო (რომელთაც დღეს შეცდომით "აფხაზებს" უწოდებენ), ხოლო ქართველებმა ვითომცდა მე-20 საუკუნეში "დაიპყრეს" აფხაზეთი. ამასთან დაკავშირებით მე შეგახსენებთ თქვენთვის კარგად ცნობილ ბესლეთის მე-12 საუკუნის ხიდს სოხუმში, რომელიც თამარ მეფის ეპოქაშია აგებული. ამ ხიდზე მიკრულია განმარტებითი დაფა, რომელზეც წერია, რომ ხიდი ძველქართული არქიტექტურის ძეგლია და მასზე შემონახულია ქართული წარწერა, მაგრამ სიტყვა "ქართული" წაშლილია (არსებობს ფოტო ამ დაფის). ვის დასჭირდა ამ სიტყვის წაშლა? ცხადია, იმას, ვინც ესოდენ გულმოდგინედ აყალბებს აფხაზეთის ისტორიას და ავრცელებს ხმებს მისი ვითომცდა გვიანდელი "დაპყრობის" შესახებ ქართველთა მიერ.

    ამგვარი ადამიანები ჩქმალავენ იმასაც, რომ ამ ხიდის გარდა მთელ აფხაზეთში უამრავი ქართული ძეგლია (რუსული ძეგლები ჩნდება მე-19 - მე-20 საუკუნეებიდან), რაც იმაზე მიუთითებს, რომ აფხაზეთი მუდამ საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო, ხოლო თავად სიტყვა "აფხაზი" იყო სახელწოდება დასავლეთ საქართველოსი, ისევე როგორიც ეგრისი და კოლხეთი. აფხაზები ქართული ტომის სახელწოდება იყო, ხოლო ამ მხარის დღევანდელი მკვიდრნი, ადიღეური აფსუები აქ ჩამოსახლდნენ მე-17 - მე-18 საუკუნეებში, შეერივნენ ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას და მიიღეს "აფხაზების" სახელწოდება. ეს თანამედროვე ისტორიოგრაფიის ანბანური ჭეშმარიტებებია. ასე რომ, ამის დამალვა ან საწინააღმდეგოს მტკიცება მიგვითითებს მხოლოდ უმეცრებაზე ან ისტორიის ბოროტ განზრახვაზე.

    არ უნდა დავხუჭოთ, აგრეთვე თვალები იმ ფაქტზეც, რომ საბჭოთა პერიოდში დაიწყო ხელოვნურად შუღლის გაღვივება ისტორიულად ურთიერთმონათესავე მოძმე ხალხებს შორის. ყოველივე ამან კულმინაციას მიაღწია 1978 წელს, როდესაც დაიწყო მასობრივი ანტიქართული აქციები, რასაც ქართველთა ხოცვა-ჟლეტა მოჰყვა, ყოველივე ეს პროვოცირებული იყო მოსკოვიდან ველიკორუსული შოვინიზმის მიერ. მე ვიცი, რომ მოწინავე და გონიერი ნაწილი თანამედროვე აფხაზი ინტელიგენციისა არ იწონებს ამგვარ ავანტიურისტულ კურსს. ფრიად სასურველი იქნებოდა თქვენი თვალსაზრისის გაგება ამ საკითხზე.

    პატივისცემით

    ზვიად გამსახურდია.

    1988 წლის აპრილი"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter