სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ლელა ოჩიაური
    (27.04.2010)

      ალბათ, ვერც ერთი სახელგანთქმული ბრენდი, თუნდაც, ყველაზე არაორდინარული და მხატვრული ფანტაზიის მრავალფეროვნებით გამორჩეული, ვერ შეედრება ხელოვნების იმ სამყაროს დიდებულებას, რომელშიც, 24 აპრილს, ჭავჭავაძის გამზირზე, #22-ში, სახარებისეული სახელწოდების - "სამოსელი პირველი" - ტანსაცმლის ახალგახსნილი მაღაზიის პირველი სტუმრები აღმოჩნდნენ.
      "სამოსელი პირველი" - ესაა პირველი მაღაზია (თანამედროვე მოდის სახლების ექსკლუზიური მაღაზიებისა თუ ბუტიკების სტანდარტების შესაბამისად, მოწყობილ-აღჭურვილი, მოქცეული დახვეწილ ინტერიერში და ამავე დროს, ძალიან ტრადიციული), რომელიც მომხმარებელს ქართულ ტრადიციულ სამოსს შესთავაზებს და რომელიც ამავე სახელწოდების კომპანიის დიდი ეროვნული მნიშვნელობის პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
      მისი შექმნის იდეა ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ეკუთვნის და როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ: "მაღაზია განკუთვნილია ეროვნული სამოსით დაინტერესებული ქართველი საზოგადოებისა და საქართველოს სტუმრებისთვის. პროდუქციას ქმნიან: მკვლევარები, მხატვრები და გამოცდილი მკერავები, რომელთა ნაშრომს საფუძვლად დაედო საქართველოს მუზეუმებსა და საცავებში, კერძო კოლექციებში დაცული ეროვნული სამოსი, სამკაულები და სამშვენისები, ისტორიულ წყაროებში, არქივებსა და მუზეუმებში ეროვნული სამოსის შესახებ მხატვრული, ფოტო და წერილობითი მასალები.
      თავად კომპანია 2009 წლიდან არსებობს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება კავკასიის ხალხთა სამოსის დამზადების ტრადიციის მეცნიერული კვლევა, აღდგენა და პოპულარიზაციაა, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ.
      კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ეროვნული სამოსის (როგორც ქალის, ისე მამაკაცის) აქსესუარების წარმოებას, როგორებიცაა ჩოხის მასრები, ხანჯლები და სატევრები, ქალისა და მამაკაცის სარტყელები, საფულეები, ქისები, ქალისა და მამაკაცის ეროვნული სამოსის შესატყვისი ჩექმა, ფეხსაცმელი თუ მრავალი სხვა.
      ამ მიზნით, კომპანიას მჭიდრო თანამშრომლობა აქვს საქართველოში წამყვან საეკლესიო და საერო სახელოსნოებთან - "ფოკანი", რომლებსაც ტიხრული მინანქრის ცნობილი ხელოვანი და დიდოსტატი, ბატონი დავით კაკაბაძე ხელმძღვანელობს. სწორედ "ფოკანთან" თანამშრომლობით, "სამოსელი პირველის" შეკვეთით, შექმნილია დასახელებული აქსესუარების კრებული" და როგორც ლევან ვასაძემ პრეზენტაციაზე აღნიშნა, მალე, დავით კაკაბაძის სახელოსნოს მინანქრის მაღაზია, "სამოსელი პირველის" მეზობლად დაიდებს ბინას. ეს კი, ბუნებრივად შექმნის ერთიან სივრცეს, სადაც ტრადიციული ქართული კულტურის საგანძური, განახლებული და აღორძინებული, ახალ მასშტაბსა და დატვირთვას შეიძენს.
      პროექტის გენერალურმა დირექტორმა, ლუარსაბ ტოგონიძემ პროექტის, მისი კონცეფციის, სამუშაო პროცესისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ მომავალში "სამოსელი პირველი" საზოგადოებას შესთავაზებს არა მხოლოდ ქართულ ეროვნულ, არამედ კავკასიის ხალხთა სამოსს - ჩოხა-ახალუხს, ყაბალახებსა და სხვა თავსაბურავებს, იარაღს და სხვა აქსესუარებს. ბოლოს მან ბოდიში მოუხადა ქალებს, რადგან მათთვის კაბებისა და ჩაცმულობის სხვა ელემენტების შექმნა ჯერჯერობით ვერ მოასწრეს, მაგრამ უახლოეს მომავალში ყველაფერი მოგვარდება.
      ამასთან, მაღაზიებში (რომელთა რიცხვიც, 5 წლის განმავლობაში, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ათამდე გაიზრდება, შესაბამისად, გაფართოვდება და დაიხვეწება უკვე არსებული საწარმოები და კვლევითი ცენტრიც; მომავალში კი ანალოგიური მაღაზიები უცხოეთშიც გაიხსნება, განსაკუთრებით, სადაც ჩვენი თანამემამულეები ცხოვრობენ) წარმოდგენილი იქნება ქართული ოჯახური ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ნივთები - მუსიკალური საკრავები (ფანდურები, გიტარები, სალამურები, დოლები), ინტერიერის ძველებური სამშვენისები და ყოფის სპეციფიკური ელემენტები - პატეფონები, საკერავი მანქანები, პენსნეები, კაბინეტის აღჭურვილობა და ა.შ. და ა.შ.
      საინტერესოა ისიც, რომ მაღაზიაში იმუშავებს ფოტოსალონი, სადაც შესაძლებელი იქნება ძველ ტრადიციულ სამოსში ფოტოს გადაღება რეტროსტილში, ყ|ყ საუკუნის ესთეტიკის შესაბამისად.
      უახლოეს მომავალში დაარსდება "სამოსელი პირველის" საპატიო მომხმარებელთა კლუბიც, რომლის წევრები მიიღებენ ეროვნულ სამოსთან დაკავშირებულ პუბლიკაციებს, სამახსოვრო საჩუქრებს, ისარგებლებენ შეღავათებით წარმოებულ პროდუქციაზე და იქნებიან სასურველი სტუმრები კომპანიის მიერ ორგანიზებულ ყველა ღონისძიებაზე.
      პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ სახელწოდება - "სამოსელი პირველი" აღებულია იესო ქრისტეს იგავიდან უძღები შვილის შესახებ, რომელმაც კუთვნილი მემკვიდრეობა გაფლანგა, თვითნებობასა და აღვირახსნილებაში გადაეშვა და ამით დიდ განსაცდელში ჩავარდა. უდიდეს გაჭირვებაში მყოფი უძღები შვილი, რომელიც ჩადენილს ინანიებს, შინ ბრუნდება და თუმცა შვილობის ღირსად თავს არა სთვლის, მაინც იმედი აქვს, რომ მამის სახლში მსახურად მაინც მიიღებენ. მონანიე, მუხლებზე დამხობილს გულში იკრავს, შეუნდობს და მსახურებს ეტყვის: "გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას... რამეთუ ძე ესე ჩემი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა". (ლუკა 15:22, 15:24).
      კომპანიის დასახელებაში სწორედ ამ პროცესის - ქრისტიანული მსოფლმხედველობის ქვაკუთხედის - ერთგვარი ინტერპრეტირებული წაკითხვაა მოქცეული - საკუთარი ცოდვის სინანული და უფალთან იმედით მისვლა. რაც ქართულ ეროვნულ სამოსთან, უპრველეს სამოსელთან, მიმართებაში ნიშნავს ტრადიციის პატივისცემას, მასთან სიხარულითა და იმედით დაბრუნებასა და მის ერთგულებას.
      მეუფე დანიელმა, ლევან ვასაძის თხოვნით, დალოცა ახალი მაღაზია, შეკრებილი საზოგადოება, საქართველო და ერისთვის სამოსელი პირველის ქრისტიანულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და "სამოსელ პირველში შემოსვა" უსურვა.
      ლევან ვასაძემ "სამოსელი პირველის" - როგორც ბრენდის - ფილოსოფია გააცნო დამსწრეთ, დამფუძნებელთა მიერ ჩამოყალიბებული ტექსტიდან (რომელიც პატარა ბუკლეტის სახით, ძველი ქართული სამოსის ფოტოების პატარა ნაკრებთან ერთად, ყველა სტუმარს, ამ დღის სამახსოვროდ დაურიგდა).
      შემდეგ, მან იმ გურული მოჯირითის ჩანაწერები (ირაკლი მახარაძის წიგნიდან) წაუკითხა, რომელმაც მე-20 საუკუნის დასაწყისში, ამერიკის კონტინენტზე ქართული მხედრობის უბადლო და შეუდარებელ ვაჟკაცობას გაუთქვა სახელი.
      "სამოსელი პირველის" ლოგო - გაჭენებულ ცხენზე ამხედრებული, უფრო ზუსტად კი, უნაგირზე მთელი ტანით აღმართული მხედრის სილუეტი ცნობილმა მუსიკოსმა და ხელოვანმა, ნიაზ დიასამიძემ შექმნა. მას შთაგონების წყაროდ, გიორგი შენგელაიას სახელგანთქმული ფილმი "მაცი ხვიტია" გამოუყენებია და ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ლევან ვასაძის მიერ მოხმობილი, გურულ მოჯირითეებთან დაკავშირებული ფაქტი ყოფილა.
      როგორც ლევან ვასაძემ და კომპანიის წარმომადგენლებმა განმარტეს, ქართული მხედრული ტრადიციის ეს ულამაზესი და უძველესი ილეთი მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი, ყყ საუკუნის დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასული ქართველი ემიგრანტების წყალობით, რომლებიც ბაფალო ბილის შოუში მონაწილეობდნენ და "უაილდ ვესტის მხედრების" სახელით არიან ცნობილი. ხოლო ნიაზ დიასამიძის მიერ შექმნილ სიმბოლურ გამოსახულებაზე - გაჭენებულ ცხენზე მდგარი, წელში გამართული მოჯირითე - მეტაფორულად წარმოადგენს ქართული ეროვნული ხასიათის ხალისს, სილაღესა და სიჩაუქეს.
      ამიერიდან, "სამოსელი პირველი" ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევა, წინაპრების მშვენიერ გზავნილად, წარსულიდან და თანამედროვე რეალობამდე და ალბათ, მართლა დაიმკვიდრებს ადგილს აწმყოსა და მომავალში, ნებისმიერი ასაკის ადამიანის, თუ ყოფაში არა, განსაკუთრებულად საზეიმო შემთხვევებში ან სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად და ყოველდღიურ ერთფეროვნებას გაალამაზებს.
    ერთადერთი, რაზეც, ამ მშვენიერი განზრახვისა და მისი წარმატებული რეალიზების შემდეგ, თუ პროცესში, გული შეიძლება დაგწყდეს, თან ცოტა "დაჩაგრულად" იგრძნო თავი და მხოლოდ აუხდენელი ოცნების სკივრში (ისევე ძველებურსა და ტრადიციულში, როგორიც ჩოხაა, თავისი აქსესუარებით) დატოვო, ის, რაც სხვისთვის უკვე ხელმისაწვდომია - იმ უპირობო ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ, სამწუხაროდ, ჩოხას ქალები არ ატარებენ.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ნინო   (03.12.2011)
    მაინტერესებს ფასები


    Copyright © 2006-2014 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter