სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ნაცვალაძე
    (28.03.2010)

      ივანე ჯავახიშვილის ცნობით, საქართველოში ძველად ასამდე ქართული საკრავი უნდა ყოფილიყო. თუმცა სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს ციფრი გადაჭარბებულია.
      დღეს ქართული ტრადიციული საკრავებიდან ყოფაში ბევრი აღარ გამოიყენება და ბევრიც გადაშენების პირასაა მისული. ძველი ქართული საკრავები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია, ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმშია დაცული. ჩვენ მუზეუმის დირექტორს რეზო კოტრიკაძეს ვესუბრეთ.
      რეზო კოტრიკაძე: ქართული ხალხური სიღერისა და საკრავების მუზეუმი 1975 წელს შეიქმნა. თავიდან ეს მუზეუმი იყო კინოს, თეატრის და მუსიკის მუზუმის ფილიალი, ხოლო 1984 წლიდან ცალკე, დამოუკიდებლად არსებობს, როგორც ხალხური საკრავების მუზეუმი.
      2006 წლიდან კი ჩვენ სტატუსი შევუცვალეთ მუზეუმს და გავხდით ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმი. სიმღერა და საკრავი განუყოფელია. ქართულ კულტურაში საკრავები ყოველთვის აკომპანიმენტის ფუნქციას ასრულებდა.
      "კვირის რეზონანსი": რა ექსპონატებია თქვენთან დაცული და რომელია მათგან ყველაზე ძველი?
      რ.კ:
    დაწყებული ქართული ხალხური საკრავებიდან, ყველაფერია დაცული, რაც ყოფაში იყო და დღესდღეობით აღარ არის. მართალია, ჯავახიშვილის ვერსიით, ასამდე დასახელების საკრავი იყო საქართველოში, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს ცოტა არ იყოს გადაჭარბებულია.
      რაც შეეხება სიძველეს, ყველაზე ძველი საკრავი აღმოაჩინეს 1938 წელს მცხეთის არქეოლოგიურ გათხრებში. გედის ძვლისგან დამზადებული სამთვლიანი სალამური იპოვეს, რომელიც პატარა ბავშვის სამარხში აღმოჩნდა. მასთან ერთდ იყო საქონლის თავის ქალა. ანუ, ეს იმის მანიშნებელია, რომ ეს საკრავი ოდიდგანვე მწყემსის განუყოფელი ნაწილი ყოფილა. ეს ექსპონატი ძვ.წ. მეხუთე საუკუნით თარიღდება.
      "კ.რ": როგორ მდგომარეობაშია?
      რ.კ:
    ამ სალამურის დედანი ინახება ოქროს ფონდში, ასლი კი ჩვენთან არის. საერთოდ, საკრავები ძალიან დიდხანს ვერ ძლებს. მაქსიმუმ გაძლოს საუკუნე-საუკუნენახევარი. იმიტომ, რომ ძირითადად ხალხური საკრავები ხისგან არის დამზადებული და ხე დიდხანს ვერ ძლებს.
      ჩვენ გვაქვს ყ|ყ საუკუნის საკრავები: ხევსურული ფანდურები, სვანური საკრავები. ძალიან ძველი სვანური ჭიანური, ჭუნირი. ესენი ინახება, როგორც შედევრები.
      რაც შეეხება აღმოსავლური და ევროპული საკრავების კოლექციას, მან ყ|ყ სუკუნის შუა პერიოდიდან დაიწყო შემოსვლა. პირველი როიალი ჭავჭავაძეების კუთვნილება იყო. შემდეგ პირველი ვიოლინოც შემოვიდა.
      "კ.რ": თუ არის ისეთ საკრავები, რომლებიც მხოლოდ საქართველოსთვისაა დამახსიათებელი?
      რ.კ:
    თუნდაც ჩონგური ავიღოთ. ჩონგურის ტიპის საკრავი, რა თქმა უნდა, სხვაგანაც არის, მაგრამ მისი ფორმა, წყობა და ზილი მხოლოდ ქართული ინსტრუმენტისთვისაა დამახასიათებელი. ამგვარი ფორმით, ჟღერადობით და ტემბრით სხვა საკრავი არ არსებობს. აღმოსავლური საკრავებიდან რომ ავიღოთ თარი, მასაც აქვს ზილის ტიპის სიმი, მაგრამ ეს საკრავები არის დანაყოფებიანი და ტემპერირებულ წყობაში ჩასმული. ჩვენი ძველი ქართული საკრავები ქართულ წყობაზე, ქართულ აზროვნებაზეა მორგებული, ქართულ მელოდიებს უკრავს და ქართულ მუსიკალურ აზროვნებას ექვემდებარება. 
      ჩვენი მუსიკალური აზროვნება კარდინალურად განსხვავდება ევროპულისგან და იმ ძველ საკრავებს, რომელიც საქართველოშია გავრცელებული, ქართული წყობა აქვს. ფანდური, ჩონგური, ჭიანური, ჩანგი არის უშუალოდ ქართულ სააზროვნო სისტემაზე აგებული.
      მათ შორისაა გუდასტვირიც. ასეთი საკრავი აქვთ რუმინელებსაც, შოტლანდიელებსაც, მაგრამ ქართული გუდასტვირი სხვაა. ის მრავალხმიანობის პრინციპზეა აგებული და ერთ ხმაში არ უკრავს. გუდასტვირზე ერთდროულად ორი ხმა შედის.
      "კ.რ": საინტერესოა ძველ რიტუალებში თუ ჰქონდა ქართულ საკრავებს რამე დატვირთვა?
      რ.კ:
    ქართული სამუსიკო კულტურა არის ვოკალური, სასიმღერო კულტურა და საკრავები ძირითადად გამოიყენებოდა თანხლებისთვის, ანდა საცეკვაოდ. ძალიან ცოტა მასალა გაგვაჩნია იმის შესახებ, რომ სხვა დანიშნულება ჰქონოდა საკრავს.
      მაგალითად, ჭიანური, ლარჭემი არის მეგრული საკრავი, რომელიც გადაშენების ზღვარზეა. ძალიან ცოტა ადამიანი მოიძებნება, ამ შვიდღერიან საკრავზე დაკვრა რომ იცოდეს. ეს იყო საკრავი, რომლითაც ძველ საქართველოში კავშირს ამყარებდნენ მიცვალებულის სულებთან. 
      მაგალითად, სოფელ ალვანში ჩაწერილი გვყავს პაპა პავლე, რომელიც გვეუბნებოდა, რომ მე ჭიანურზე დაკვრისას სულს ვაცეკვებდიო. ესე იგი სულთან კავშირის ერთ-ერთი საშუალება ძველ საქართველოში უნდა ყოფილიყო ეს საკრავები. 
      სულ რამდენიმე შემთხვევაა ასეთი და არ არის შემთხვევითი, რომ ქართული ეკლესიების ფრესკებზე ძალიან ბევრი საკრავია გამოსახული. მათ შორის სვეტიცხოვლის სამხრეთ კედელზე, ბეთანიაში... გამოსახულია ჩანგის მაგვარი, ასევე ჩასაბერი საკრავები...
      ძალიან პრიმიტიულად რომ ვთქვათ გუდასტვირზე, როდესაც გუდა იბერება და ჰაერი გროვდება, იმ თხის გუდიდან ცოცხლდება ხმა. ეს რაღაც კავშირშია სულთა უკვდავებასთან.
      სამეგრელოში დღემდე არის ჩონგურით სულის გამოძახების ტრადიცია. სადაც მიცვალებული არის, ჩონგურის დაკვრით და სამგლოვიარო სიმღერით მოდიან. დღემდე არის ეს ტრადიცია.
      "კ.რ": რომელი კუთხისთვის რომელი საკრავი იყო ძველად დამახასიათებელი?
      რ.კ:
    საერთოდ, არა მარტო საქართველოში, არამედ ყველგან ოთხ კატეგორიად იყოფა ინსტრუმენტები. ესენია ჩასაბერი, სიმებიანი, ხემიანი და დასარტყამი. ყველა კუთხეს აქვს ოთხივე ტიპის საკრავი, მაგრამ გურიასა და სამეგრელოში დომინირებს ჩონგური, ქართლსა და კახეთში - ფანდური, სვანეთში - ჭიანური, თუმცა გურულებსაც ჰქონდათ ეს ინსტრუმენტი. 
      ჭიანურის ანალოგიური საკრავი არის ჩრდილო კავკასიელთა ხალხებშიც. სასიხარულოა, რომ თბილისში უამრავი ანსამბლი დაინტერესდა ამ ინსტრუმენტით და რეპერტუარში შეიტანეს სიმღერები ჭიანურის თანხლებით. დასარტყამი დაირა ყველგან იყო თითქმის. ადრე ტაშიც გამოიყენებოდა დასარტყამ საშუალებად და ხმის მისაცემად. ეჟვნები და საჟღარუნო საშუალებები ძალიან ხშირად გამოიყენებოდა საგაზაფხულო ციკლის დღესასწაულებში, როგორებიც იყო ბერიკაობა, ყეენობა.
      თუშეთი დღეს არავის წარმოუდგენია გარმონის გარეშე. არადა, ცნობილია, რომ გარმონი საქართველოში შემოვიდა ყქ|| საუკუნიდან და დამკვიდრდა. აქაც საოცარი რამ მოხდა. ეს საკრავი ისე გადააკეთეს, როგორც ქართული ყურისთვის იქნებოდა მისაღები და თუშური გარმონი დღეს ძალიან განსხვავდება დანარჩენი ყველა გარმონისაგან. ასეთი რამ ხშირად ხდება საკრავიერ მუსიკაში.
      მაგრამ ძირითადად დასავლეთ საქართველოს მიეკუთვნება ჩონგური და აღმოსავლეთ საქართველოს - ფანდური.
      როდესაც ჯავახიშვილი და არაყიშვილი აღწერდნენ საკრავებს და წერდნენ თავიანთ ნაშრომებს, იმ დროს ჯერ კიდევ სხვა სურათი იხატებოდა. დღეს კი ეს სურათი სხვანაირია. მაგალითად, ფანდური დღეს თითქმის მთელს საქართველოში შეგხვდებათ. ადრე კი მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში იყო. 
      ცხოვრების პირობების შეცვლამ გამოიწვია საკრავების მოგზაურობა. მე თვითონ ვიყავი მომსწრე, რომ ხევსური კაცი უკრავდა ბალალაიკაზე. ეს რუსული საკრავი აწყობილი ჰქონდა ზუსტად ისე, როგორც ჩონგური. ჩვენ რომ ვკითხეთ მიზეზი, გვიპასუხა - იმიტომ მომეწონა ბალალაიკა, რომ უფრო ხმაურიანიაო. არადა უკრავდა ზუსტად ისე, როგორც ფანდურზე, ტრადიციული წესით და წყობით. ფანდურის და ბალალაიკას ხმა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ფანდურს დღეს ნეილონის სიმებს უკეთებენ. ძველად კი აწყობილი იყო ცხვრის ნაწლავის სიმებით და ძველი სიმებით გაკეთებული ინსტრუმენტი სულ სხვანაირად ჟღერს.
      "კ.რ": საინტერესოა, ძველი ინსტრუმენტების სანოტო სისტემები თუ არსებობდა?
      რ.კ:
    ჯავახიშვილს აქვს გამოკვლევა, რომ საქართველოში სულ მცირე მეათე საუკუნეში უნდა არსებულიყო საკუთარი, ანუ ქართული მუსიკალური დამწერლობა. სამწუხაროდ, ეს დაკარგულია და დღეს არ ვიცით, რა სისტემას ეყრდნობოდა და როგორ. მაგრამ ეს ცნობა არსებობს და დანამდვილებით ვიცით ისიც, რომ მიქაელ მოდრეკილის საგალობელთა კრებულში საგალობლებს დართული აქვთ სამგალობლო ნიშნები და იგულისხმება, რომ ეს უნდა ყოფილიყო ძველი ქართული სანოტო დამწერლობის ნიმუში. მაგრამ ეს დღემდე გაურკვეველია და თავის მკვლევარს ელის. 
      ეს ურთულესი პრობლემაა. ქართული სამუსიკო სისტემა უამრავ საიდუმლოს ინახავს თავის თავში.
      "კ.რ": ბევრი რამ არის დაკარგული ინსტრუმენტებიდან?
      რ.კ:
    ქართულ წყაროებში არის მითითებული ისეთი საკრავები, რომელიც დღეს აღარ არსებოს. საძებარია ბევრი რამ. ჩვენ მეტი ყურადღება გვჭირდება ხალხისგან, ყველა ადამიანის და მათ შორის პირველ რიგში შემოქმედისგან, ძველი შემოქმედების და მათი შთამომავლებისგან, რომ ყველა ცნობა გადასცენ მუზეუმს, რომ ინფორმაცია შემორჩეს მომავალ თაობებს. ეს ჩვენს ერს სჭირდება.
      ქართული ენასა და სიმღერაზე უკეთესი აქ არაფერი შექმნილა და სწორედ ეს გადაგვარჩენს. ამაში არის ჩაბუდებული ერის ხასიათი და თვისება. სიმღერას და ენას სასწაული ბერკეტები ჰქონია. იმიტომ, რომ უამრავი რამ განადგურდა და ამას ვერაფერი დააკლეს.
      "კ.რ": ძველი ქართული ინსტრუმენტების ხელოსნები თუ არიან შემორჩენილები?
      რ.კ:
    ხელოსნები არიან რეგიონებში. ჩვენმა მუზეუმმა გარდა იმისა, რომ შეაგროვა ყველა ეს საკრავი, დაუკავშირდა ყველა იმ ადამიანს, რომელსაც მამა-პაპისგან მოსდგამდა ძველი საკრავების დამზადების საიდუმლოება და აღნუსხულია ყველა ადამიანი, რომელიც ძველ საკრავებს აკეთებს. საერთოდ, ოსტატი, რომელიც თვითონ არ უკრავდა, ის ოსტატად არ ითვლებოდა. მას უნდა დაეკრა და თვითონ გამოეცადა ინსტრუმენტი.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
    ჩაწერა სახელი
    lado sesiashvili   (29.10.2013)
    vezebt am kacs rezo kotrikazes tu vinmes aqvs magis nomeri gagvagebinet,didi madloba

    გიო   (27.03.2013)
    კაია

    გიო   (27.03.2013)
    კაია

    გიო   (27.03.2013)
    კაია

    lana   (09.12.2011)
    miyvarxar


    Copyright © 2006-2014 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter