ელზა პაპოშვილი
14.07.2020

პოლიციამ ქურდული სამყაროს 3 წარმომადგენელი სამარშრუტო ტაქსების მძღოლებისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავა. ისინი ყოველთვიურად დიდუბეში „ოკრიბას“ ავტოსადგურ  გაჩერებეულ მძღოლებს ყოველთვიურად გარკვეული თანხის გადახდას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ აღნიშუნლ ადგილზე დგომას და მუშაობას ვეღარ შეძლებდნენ. არწმუნებდნენ, რომ ფულის  გადახდის შემთხვევაში მათი მფარველობის ქვეშ იქნებოდნენ. 

მძღოლები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მსგავსი ფაქტები უკვე დიდი ხანია გრძელდება და ამაზე ბევრ მათგანს ღიად საუბრის ეშინია. ამბობენ, რომ თუ რომელიმე მათგანი გადახდაზე უარს იტყოდა, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ე.წ. „სხადნიაკს“ უწყობდნენ, ავიწროვებდნენ და სადგურში გაჩერების უფლებას აღარ აძლევდნენ. 

„90-იანი წლებია დაბრუნებული. ჩვეულებრივად მოდიოდნენ და სამარშუტო ტაქსის თუ მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს სთხოვდნენ, რომ ყოველთვიურად გარკვეული თანხა გადაეხადათ. წინააღმდეგ შემთხვევაში გვემუქრებოდნენ. ვინც უარს იტყოდა იყო ფიზიკური შეურაცხყოფა და შევიწროვება. ბევრი ბიჭი წავიდა კიდევაც სადგურიდან და აქ აღარ ჩერდებოდა. 

გააჩნია მარშუტს სადამდე მოძრაობ, იმის მიხედვითაც ითხოვდნენ. რამდენიმე ბიჭი გალახეს კიდევაც. ტელეფონზეც გვირეკავდენ და ადგილზეც მოდიოდნენ. მერე მფარველობას გვპირდებოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ არავინ შეგვაწუხებდა. მოკლედ, „ოკრიბას“ ტერიტორია მათ ჰქონდათ ჩაბარებული. წარმოგიდგენიათ, ცალკე აქ გადასახადს ვიხდით დგომის  და ცალკე ამ ძველი ბიჭებისთვის უნდა გვეხადა. ჩვენც ტელევიზიიდან გავიგეთ, რომ დაუკავებიათ“, - აცახდებს ერთ-ერთი მძღოლი. 

უწყების ინფორმაციით კი შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამი პირი: 1971 წელს დაბადებული მ.რ., 1968 წელს დაბადებული ლ.ა. და 1973 წელს დაბადებული კ.დ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები და „ქურდული სამყაროს“ წევრები - ლ.ა., კ.დ. და მ.რ. თბილისში, ავტოსადგურ „ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორიაზე თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებსაც საკუთარი ავტომობილებით მგზავრები გადაჰყავდათ, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და „ქურდული გარჩევის“ გზით, ყოველთვიურად გარკვეულ თანხას სძალავდნენ.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2-ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×