ელზა პაპოშვილი
13.07.2020

ჩხუბი,  სროლა და ქუჩური გარჩევა თბილისში. წყალტუბოს ქუჩაზე  15-მდე ახალგაზრდა ერთმანეთს დაუპირისპირდა, სადაც  იარაღიდან გასროლაც მოხდა. არიან თუ არა დაჭრილები, უცნობია, რადგან  პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ მოჩხუბარი ახალგაზრდები ადგილიდან მიიმალნენ. 

ადგილობრივები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ პატრული მათ გამოიძახეს, რადგანაც სიტუაცია საკმაოდ მძიმე იყო და დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს სასტიკად უსწორდებოდნენ. მათი ინფორმაციით, გასროლიდან მალევე, ადგილზე ათამდე საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების მანქანა იყო მობილიზებული, თუმცა მათ ინციდენტში მონაწილე პირები ადგილზე აღარ დახვდნენ. 

წყალტუბოს ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ რამდენიმე დასისხიალებული ახალგაზრდა დაინახეს, თუმცა ისინი ავტომობილში ჩასხდნენ და გაიქცნენ. ასევე დაინახეს მამაკაცი, რომელიც მათ იარაღით მისდევდა. 

"ღამე გვიან საშინელმა ყვირილის და გინების ხმამ გაგვაღვიძა. აივნიდან გადმოვიხედე და 15-მდე ახალგაზრად ერთმანეთს დაუნდობლად სცემდა. ვინ ვის ურტყამდე ვერ გაარკვევდით. ერთმანეთს მისდევდნენ და თან ურტყამდნენ. რამდენიმე ქუჩის მეორე მხარეს გაიქცა, თუმცა ერთი დაიჭირეს და  ურტყამდნენ. 

მეზობლებს პატრულში რომ არ დაერეკა, დახოცავდნენ ერთმანეთს. მერე დავინახეთ, რომ ქუჩის მეორე მხრიდან შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცი მორბოდა. გასროლის ხმაც გავიგონეთ. ეს იყო ქუჩური გარჩევა, სადაც რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს გამეტებით სცემდა " - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა „რეზონანსთან“

კიდევ ერთი ადგილობრივი გამოცემასთან ამბობს, რომ მან დაინახა დასისხლიანებული მამაკაცი, რომელიც სასტიკად ნაცემი იყო. მისი აზრით, ეს იყო სამ ადამიანზე ჯგუფური თავდასხმა, რომლებიც თავის გადარჩენას გაქცევით ცდილობდნენ. 

„სიმართლე გითხრათ უკვე აღარ ვიცი სად ვცხოვრობთ. ეს იყო ჩვეულებრივი ქურდული სხადნიაკი, სადაც სამამდე ახალგაზრდას 10-მდე კაცი საქმეს ურჩევდა. თავიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო, შემდეგ კი მათი ცემა დაიწყეს. წიხლისქვეშ ჰყავდათ გაგდებული ერთი, ორმა კი გაქცევა მოახერხა. ადგილობრივებს რომ არ დაეყვირათ, რას სჩადით პოლიციაში დავრეკეთ და უკვე მოდიანო, ალბათ იმ საცოდავს მოკლავდნენ. ამის თქმა იყო და გაიქცნენ. თავად ნაცემი ბიჭიც ადგილიდან მიიმალა. სროლის ხმა იყო, არის თუ არა ვინმე დაჭრილი არ ვიცით“,-უყვება „რეზონანსს“ ადგილობრივი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში  კი აცხადებენ, რომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ხულიგნობა ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით). უწყებაში არ ამბობენ, შემთხვევის შედეგად დააკავეს თუ არა ვინმე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×