ელზა პაპოშვილი
13.07.2020

19 წლის გირგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეში ყოველდღიურად ახალი გარემოებები და ფიგურანტები ჩნდებიან. ახალი ჩვენებებიდან ჩანს, რომ არაგვის ხიდზე შაქარაშვილის გაუჩინარების შემდეგ, ადგილზე იმყოფებოდნენ, როგორც „ნახალოვკის“, ასევე „საბურთალოელების“ მეგობრები. მათი მონაყოლიდან ირკვევა, რომ ორივე მხრიდან არაგვის ხიდზე მეგობრების დასახმარებლად მივიდნენ. თუმცა რა დაინახეს და რა იციან შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ამაზე არავინ არაფერს ყვება.                 

ამის პარალელურად კი  დაზარალებული ოჯახი დამატებით ჩატარებული ექსპერტიზების შედეგებს ელოდება, რომლის მიხედვითაც უფრო მკაფიო გახდება - ვინ აედევნა გიორგი შაქარაშვილს, ვინ სცემა და ვინ მიიყვანა ახალგაზრდა ფეხბურთელი სიკვდილამდე.

საქმესთან დაკავშირებით ასევე საინტერესო გარემოება მე-17 ტომში არსებული ანძების ჩანაწერებია, საიდანაც ირკვევა, რომ დაპირისპირების მონაწილე პირები უკავშირდებიან თბილისში, ნაძალადეველ ადამიანებს, ვისი დახმარების იმედიც აქვთ და სთხოვენ, რომ არაგვის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩავიდნენ და ადგილიდან წაიყვანონ.

პირები, რომლებსაც ისინი უკავშირდებიან პირველ ეტაპზევე გამოიკითხნენ, მათ ინფორმაცია დაპირისპირებასთან დაკავშირებით ჰქონდათ, მაგრამ უშუალოდ დაპირისპირებაში არ მონაწილეობდნენ.

თუმცა არსებობს გამოძიებაში ვიდეოკადრები, რომელზე დაყრდნობითაც ეჭვი ჩნდება, რომ შესაძლებელია აღნიშნული პირები სწორედ "მერსედესისა" და "ტოიოტას" ავტომანქანით მისულიყვნენ იმ ტერიტორიის სიახლოვეს, სადაც დაპირისპირება მოხდა. ეს ჩანს ვიდეოკადრებშიც და ცნობილია ასევე ისიც, რომ პირები, რომლებსაც დაპირისპირებაში მონაწილე ადამიანები უკავშირდებოდნენ, სწორედ "მერსედესისა" და "ტოიოტას" ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ და ისინი მეგობრებს დახმარების მიზნით ეძებდნენ. კადრებში კარგად ჩანს, როგორ ჩერდება ორი ავტომობილი, ხოლო იქიდან გადმოსული რამდენიმე პირი სამი წუთის განმავლობაში საუბრობენ. ამის შემდეგ კი ტერიტორიას ერთობლივად ტოვებენ. 

საქმეში გამოჩნდა ახალი ფიგურანტი რატი ტუსიაშვილი. ის ნახალოვკელია, რომელიც საკუთარ  ჩვენებაში შემდეგს ყვება: "ნიკა ხეჩოშვილმა მითხრა, ვიყავი საგურამოშიო და ვიჩხუბე დაბადების დღეზეო, ვისთან იჩხუბა ან ვისი დაბადების დღე იყო, არ ვიცი. ნიკა ხეჩოშვილს სახეზე ჰქონდა მცირე დაზიანებები, რომელიც მოვაბანინე წყლით. ამის შემდეგ ჩემი მეგობრის "ტოიოტას" ავტომანქანით ხეჩოშვილი ჩამოვსვი მე-11 საშუალო სკოლასთან. იმავე ღამით, უკვე 19 ივნისს მე ჩემი კუთვნილი ავტომობილით "მერსედესის" მარკით მარტო წამოვედი თბილისიდან საგურამოს მიმართულებით, საგურამოსთან დავატრიალე ავტომანქანა და გავბრუნდი უკან თბილისში. ვიყავი მარტო“,-ამბობს ის ჩვენებაში. 

კიდევ ერთი მოწმე გიგა ჭანტურია ჩვენებაში სულ სხვა ამბავს ყვება: "სანამ უბანში მივიდოდი, მე შევიარე ჩემს ძველ საცხოვრებელ ეზოში, შემხვდნენ ჩემი ნაცნობები, ვინმე ყაველაშვილი და ვინმე აგო. საუბრისას მათ მითხრეს, რომ მცხეთაში უნდოდათ წასვლა, მე მათ შევთავაზე, რომ თუ შორს არ აპირებდნენ წასვლას, წავიყვანდი. ყაველაშვილმა მთხოვა, რომ ჩემი მობილური ტელეფონით ესარგებლა, რაზეც დავთანხმდი. ყაველაშვილმა დაურეკა ვიღაც ჩემთვის უცნობ პიროვნებას და სთხოვა მანქანით დახვედროდა და ენახებინა ის ადგილი, სადაც მივდიოდით. 

როგორც ყაველაშვილმა და აგომ საუბარში განმიმარტეს, ვიღაც მათ ნაცნობებს კონფლიქტი მოუვიდათ მცხეთაში და იქ უნდა მივსულიყავით. ამ დროს ჩვენ მივდიოდით მცხეთის მიმართულებით, ამ პერიოდში აგოს დაურეკა დედამისმა და სთხოვა, რომ ცუდად იყო და მალე მისულიყო. როდესაც მივუახლოვდით ჯვრის მონასტრის ქვედა ტერიტორიას, ყაველაშვილს დაურეკა ვიღაც პიროვნებამ და საუბრის დასრულებისას მითხრა, რომ უკან მივბრუნებულიყავით,"-ამბობს ჭანტურია. 

ბესიკ გობეჯიშვილის ჩვენება: "გავიგე, რომ გიორგი მერაბიშვილს დაურეკავს ვიღაცისთვის და უთქვამს, რომ მის წამოსაყვანად წასულიყვნენ. მე ჩემი მეგობრის ავტომანქანით წავედი მერაბიშვილის წამოსაყვანად საგურამოს მიმართულებით, გავაჩერე ბენზინგასამართ სადგურთან დიღმის გზაზე, ამის შემდეგ გადავუხვიეთ ნატახტართან. 

ავედით ნატახტარში მდებარე რესტორან "იმერულ ეზოსთან" და დავპარკინგდით, რადგან არ ვიცოდით სად მივდიოდით და ველოდებოდით ზარს. ამ დროს მანქანაში მყოფ ერთ პირს დაურეკეს და უთხრეს, რომ გიორგი მერაბიშვილი მიდიოდა უკვე თბილისის მიმართულებით. ამის შემდეგ მე და ჩემს ავტომანქანაში მყოფი პირები წავედით თბილისში“,-აცახდებს ის. 

საქმის მასალებიდან ცნობილი ხდება, რომ დამატებით არიან ადამიანები, რომლებსაც დაპირისპირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდათ და ასევე ადამიანები, რომლებიც უშუალოდ არაგვის ტერიტორიაზე ჩავიდნენ, რათა დაპირისპირების მონაწილეები ტერიტორიიდან წამოეყვანათ.

მსგავს სატელეფონო ზარს ახორციელებენ საბურთალოელებიც. მათთან მიდის მათი მეგობარი, რომელსაც ადგილიდან დაპირისპირების მონაწილეები მოჰყავს. ამავდროულად, ჩვენებით ცნობილი ხდება, რომ ისინი დაკარგულ გურამ ამირხანაშვილს და ასევე გიორგი შაქარაშვილს ეძებენ, თუმცა ტერიტორიაზე ვერ პოულობენ და თბილისში ბრუნდებიან.

გუგა მაჭავარიანის ჩვენება (საბურთალო): "ჩვენ ჩვენი უბნელების ორი მანქანით წავედით ქათამაძის და ახვლედიანის წამოსაყვანად და როდესაც მივედით დანიშნულების ადგილზე, ჩვენ დაძახებაზე ჩვენი მეგობრები საავტომობილო გზაზე იქვე არსებული ბუჩქებიდან გამოვიდნენ, ხოლო მათთან არ იყო ის ორი პირი, ვინც ჩვენ ანას დაბადების დღეზე გავიცანით. ამის შემდეგ ჩვენ იმ ადგილებში დავძებნეთ ის ორი პიროვნება, მაგრამ ვერ ვნახეთ, რის შემდეგაც წამოვიყვანეთ ქათამაძე და ახვლედიანი და დავბრუნდით თბილისში."

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე  დაკავებული რაგბისტის არჩილ გაგნიძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ  გამოძიება არათანმიმდევრულად მიმდინარეობს და საქმეში პასუხგაუცემელი ბევრი  კითხვები არსებობს. მისი თქმით, გამოძების ამ ეტაპზე, მთელი რიგი საკითხებია დასაზუსტებელი.  

„სამართლებრივად მტკიცებულებების საფუძველზე, არანაირი არსობრივი მტკიცებულებ არ არის, რომელიც რაიმე ფორმით მიანიშნებს, რომ რომელიმე პირმა "ტოიტა ქამრიში" მსხდომთაგან, ჩაიდინა [აღნიშნული] დანაშაული. კი ბატონო წაგვიყენონ ბრალი, მაგრამ ამის მტკიცებულებები ხომ უნდა არსებობდეს. ეს არის მხოლოდ საზოგადოებაზე მანიპულირების მცდელობა, რადგანაც საქმეში ბევრი პასუხ გაუცემელი კითხვებია. უამრავი უზუსტობებია და საქმეს ტავდაყირა აყენებს“ - ამბობს ალექსანდრე კობაიძე.

მისივე თქმით, ამის ნათელი მაგალითია  შინაგან საქმეთა სამინისტროს ქცევა, რომელიც   მერიის სამსახურს  მიმართავს და ითხოვს 18-19 ივნისის ვიდეოკამერების ჩანაწერს, მაგრამ თბილისის მერია საპასუხოდ ამბობს, რომ ხანდაზმულობის გამო აღნიშნული აუდიოფირები განადგურებულია.  კობაიძისვე თქმით, გამოდის, რომ საგამოძიებო უწყება შეგნებულად თუ შეუგნებლად, დააგვიანა, რომ მიემართა შესაბამისი უწყებისთვის. ამის შედეგად კი  საქმეში არ არსებობს მასალები, რომელიც ამ დროის მონაკვეთში მანქანათა გაადგილებას ასახავს.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×