ელზა პაპოშვილი
12.07.2020

ბურუსით მოცული კიდევ ერთი გარდაცვალება - მოკლეს თუ თავი მოიკლა 27 წლის ვახტანგ გულუამ. ოჯახს ახლაა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სჭირდება. გულუას მშობლები მუხლის გადაკვალიფიცირებას და  განზრახ მკვლელობის მუხლით გამოძიების დაწყებას  მოითხოვენ. ამტკიცებენ, რომ გარდაცვლილს სხეულზე ცემის კვალი აქვს და არ არის გამორიცხული, რომ ის სიმაღლიდან განზრახ გადმოაგდეს. 

ექვსი ივლისის ტრაგედია აღმაშენებლის 106 ნომერში მოხდა. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ ღამის 11 საათზე ეზოში შემზარავი ხმა გაისმა, მათ სახურავიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა მამაკაცი დაინახეს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. 28 წლის ვახტანგ გულუა მეგობარ უკრაინელ გოგონასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. თვითმხილველებმა ამ დრომდე არ იციან, უძღვოდა თუ არა ტრაგიკულ შემთხვევას მეგობრებს შორის კონფლიქტი. ოჯახი ეჭვობს, რომ გოგონასთან შესარიგებლად მისულ გულუას სახლში ვიღაც დახვდა, რის შემდეგაც მათ შორის კონფლიქტი დაიწყო. 

სახლი აღმაშენებლის 106-ში, რომელიც გარდაცვლილს ჰქონდა ნაქირავები, უკვე დაკეტილია, იქ არც მისი მეგობარი გოგონა ცხოვრობს. პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს ყველა ის პირი, რომელმაც უნდა იცოდეს, ვახტანგ გულუა უბედური შემთხვევის მსხვერპლია, თუ ის სახურავიდან გადმოაგდეს. პოლიციის განყოფილებიდან გამოსულ თვითმხილველებს მომხდარზე საუბარი არ სურთ, დუმს გოგონაც და მისი უკრაინელი მეგობრებიც. 

ოჯახს ეჭვებს კი ის გარემოებაც უჩენს, რომ გოგონას ერთ-ერთ მეგობარს სახეზე დაზიანებები აქვს. ამიტომაც ვარაუდობენ, რომ გულუას გადმოვარდნამდე ჩხუბი მოხდა. 

მათივე ინფორმაციით, ცხედარს დაზიანებები და ძალადობის კვალი აღენიშნება. ოჯახის ვერსიით, დაპირისპირება მეგობარ გოგონას უკავშირდება, რის გამოც ვახტანგ გულია საქმის გასარჩევად დაიბარეს.

გარდაცვლილის დედა და და „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ გულუას სიმაღლის შიში ჰქონდა, ამიტომაც ის სახურავზე არ ავიდოდა. მითუმეტეს თვითმკვლელობის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა. ისინი ასევე გამოძიების პროცესში უზუსტობებზე საუბრობენ.

„ჩემს შვილს სიმაღლის ეშინოდა და ის სახლის სახურავზე არ  ავიდოდა. მითუმეტეს თვითმკვლელობის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა. მას ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ ქალაქური ეზოს ბოლო სართულიდან გადმოაგდეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული, დამტვრეული აქვს კიდურები და დაზიანებული აქვს თავის ქალა. ყელის არეში კი მძიმე დაზიანები აქვს მიყენებული.

მეგობარ გოგონასთან ნაჩხუბარი იყო, მასთან შესარიგებლად მივიდა, აღმაშენებლის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში, ლუბა საავასთან ერთად სახლში გოგონას სხვა მეგობარიც იმყოფებოდა, რომელთანაც შესაძლოა, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც აივნიდან გადმოვარდა ან გადმოაგდეს. ამიტომაც ვითხოვთ სწორ გამოძიებას და რეალობის დადგენას. მას თავი არ მოუკლავს და მუხლი უნდა გადაკვალიფიცირდეს“,-აცხადებს გარდაცვლილის დედა. 

გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, პარალელურად კი ოჯახი დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს, იმისთვის რომ დადგინდეს, ქალაქის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევითობამ იმსხვერპლა თუ მოკლეს. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×