ელზა პაპოშვილი
08.07.2020

შაქარაშვილის საქმეში ახალი დეტალები და ახალი ფიგურანტები ჩნდებიან. მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც მესამე მანქანა და აქამდე უცნობი პირი ჩანს. ვინ არის ის უცნობი პირი, ვინც თბილისში დაბრუნებულ გუკა ამირხანაშვილს ხვდება და რაზე ესაუბრება ის საკვანძო მოწმეს 4 წუთის განმავლობაში? - ამაზე კითხვები უკვე გამოძიებამ უნდა გასცეს. 

ახალი მანქანისა და უცნობი ფიგურანტის გამოჩენის შემდეგ კითხვებს დაკავებულების ადვოკატებიც სვამენ. მათი თქმით, ვის შეხვდა და რაზე ელაპარაკებოდა ამირხანაშვილი თეთრი ფურგონიდან გადმოსულ მამაკაცს, ყველაზე მარტივად პასუხის გაცემა ამ კითხვაზე თავად საკვანძო მოწმეს შეუძლია, რომელიც სიმართლეს ბოლომდე არ ამბობს და გამოძიებას გზას უბნევს. 

ადვოკატები „რეზონანსთან“  აქტიურად საუბრობენ იმის თაობაზე, რომ ამირხანაშვილი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და არ არის გამორიცხული საკვანძო მოწმის სტატუსის შეცვლაც. 

მან არაერთხელ შეცვალა ჩვენება და როგორც ჩანს, ამირხანაშვილი არის ის ერთადერთი უახლოესი მეგობარი შაქარაშვილის, რომელიც არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. 

„მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ კადრებში  და ტელევიზიის დირექტორის ნიკა გვარამიას ვარაუდით, უცნობი პირი, რომელიც ე.წ. ოქროს მოწმეს ხვდება ქუჩის ავტორიტეტი და ე.წ. კანონიერი ქურდის შვილი ავთანდილ ბილანიშვილია. ის ასევე ბერა ივანიშვილის უახლოესი მეგობარია. ამ კადრების გავრცელების შემდეგ, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" შსს-ში შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს.  ის გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივიდა. 

მიკროავტობუსი, რომლის გადაადგილების ამსახველი ვიდეომასალაც ტელეკომპანიებმა „ფორმულამ“ და „მთავარმა“ გაავრცელეს, კადრებში ჩანს, რომ მიკროავტობუსის ერთერთი მგზავრი  დიდუბეში გურამ ამირხანაშვილს შეხვდა. 

ამირხანაშვილი თავის არცერთ ჩვენებაში არ საუბრობს პირზე, რომელიც მედიის მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს - თეთრმაისურიანი ახალგაზრდა მამაკაცი გამოძიებაში არ ფიგურირებს.

მანქანა, სავარაუდოდ, ჯერ მცხეთაში „ტოიოტა ქემრისთან“ ჩნდება, შემდეგ კი დიდუბეში - იქ, სადაც გარდაცვლილი ფეხბურთელის მეგობარი გურამ ამირხანაშვილი ჩამოსვეს.

მორაგბეების ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ ვიდეოს ფიგურანტი თეთრმაისურიანი პიროვნება არაა საქმესთან დაკავშირებული - მისივე თქმით, მამაკაცი უბრალო გამვლელია, რომელმაც ამირხანაშვილს ტელეფონი ათხოვა.

„გადმოგვეცა ახალი ინფორმაცია საქმეზე. ტერაბაიტი დასჭირდათ, რომ მასალა მოეწოდებინათ. იკვეთება, რომ ამირხანაშვილი ტელეფონს სთხოვს ამ უცხო მამაკაცს და რეკავს მეგობართან. ეს შემიძლია დადასტურებით გითხრათ. რაც შეეხება, არის თუ არა მამაკაცი ჩართული საქმეში - ის არაა გამოკითხული. თუ კარგად დავაკვირდებით, ის ტელეფონს აძლევს ამირხანაშვილს. არ მაქვს ინფორმაცია, ვინაა “კაწრო" და არაა გამოკითხული ის პიროვნება, ვინც ტელეფონი ათხოვა ამირხანაშვილს", - ამბობს ალექსანდრე კობაიძე.

ავთო ბილანიშვილის ცოლი კი კატეგორიულად  უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და „მთავარ არხს“ სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მედია მისი ქმრის წინააღმდეგ მიზანმიმართულ შავ კამპანიას ეწევა.

დაკავებული პირებიდან ბრალს არც ერთი არ აღიარებს. მათი ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი უსაფუძვლო ბრალდებებით არიან დაკავებულები.

ფეხბურთელი 19 ივნისს გაუჩინარდა, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული მორაგბეების, ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილი „რეზონანსთა“ კი ამბობს, რომ   გავრცელებული ვერსია, თითქოს, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ავთანდილ ბილანიშვილთან, იგივე „კაწროსთან“ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, დიდუბეში განვითარებულ მოვლენებს, მას შემდეგ, რაც ამირხანაშვილს ჩამოსვამენ, მასთან მიდის კონკრეტული პიროვნება, თუ ვინ არის ეს პიროვნება, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.  

„დანამდვილებით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებიდან ვიცი, რომ  მათ არანაირი კაშირი არ ჰქონიათ ამ „კაწროსთან“.  ნამდვილად შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ გურამ ამირხანაშვილი ჩამოსვეს იმ ადგილას, სადაც მას ამირხანაშვილმა უთხრა. თითქოს, ის, რომ განზრახ ჩამოსვეს კამერებთან, მერე განზრახ შეხვდა ვიღაცას, ვარაუდია და ყველანაირ საფუძველს არის მოკლებული. მე რროგორც ჩვენებებიდან ვიცი, ამირხანაშვილი დიდუბეში არანაირ შეხვედრაზე არ საუბრობს.  ის ჩვენებაში ამბობს, რომ დიდუბეში დატოვების შემდეგ ტაქსში ჩაჯდა და კონკრეტულ პიროვნებებთან სატელეფონო ზარი ამის შემდეგ განახორციელა. 

აქ მთავარი ისაა, თუ როდის წავიდა ტაქსით, მანამდე შეხვდა ვინმეს, თუ შემდეგ. კითხვები ამირხანაშვილთან უნდა დაისვას, მათ შორის, თუ ვისთან ჰქონდა კომუნიკაცია. ის კი ამ ყვეწლაფერზე ჩვენებებში არ საუბრობს“, - აცხადებს მამულაშვილი.

ადვოკატი ამბობს, რომ მცდარია ინფორმაცია თითქოს, მიკროავტობუსი, რომელიც დიდუბის ტერიტორიაზე გადაადგილდება, არაგვის მიმდებარედაც არის დაფიქსირებული. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×