ელზა პაპოშვილი
07.07.2020

კახეთში 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად მყოფებს შორის მოხდა. მამაკაცი სტუმარმა  ცეცხლსასროლი იარაღით თავისა და მუცლის არეში დაჭრა. დაჭრილი ლაგოდეხში, „არქიმედეს" კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

ბრალდებული 25 წლის ახალგაზრდაა. მომხდარის შემდეგ ის თანასოფლელთან ერთად გაქცევას შეეცადა, თუმცა გზაზე ავტოავარია შეემთხვათ და დაშავდნენ. ისინი პოლიციამ დააკავა. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ჩხუბის მიზეზს ვერ ასახელებენ და ამბობენ, რომ მათთვის  დაპირისპირების მოტივი უცნობია.   

„ჩხუბის მიზეზი არავინ არ იცის. კონფლიქტი მაგიდასთან დაიწყო და შემდეგ სროლით დასრულდა. არც იციან, რეალურად რაზე შელაპარაკდნენ. ადგილობრივებმა მხოლოდ იარაღიდან რამდენიმე გასროლა გავიგონეთ, გარეთ გასულებმა კი გავიგეთ, რომ სტუმრებს შორის ჩხუბი დაჭრით დასრულდა. ზუსტად რაზე და რატომ დაიწყო კონფლიქტი,  არავინ არ იცის. სანადირო თოფიდან ესროლა. როგორც ამბობენ, ამის შემდეგ თანასოფლელთან ერთად გაქცევას შეეცადა, მაგრამ გზაში ავარია მოსვლიათ და ორივე დაშავდა“, - აცხადებს ადგილობრივი აჰმედ მამედოვი „რეზონანსთან“.  

„არქიმედეს“  კლინიკაში კი აცხადებენ, რომ 50 წლის მამაკაცს ჭრილობები გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. 

„შემოსულია შუახნის მამაკაცი. აღენიშნება სახის არეში მრავლობითი ჭრილობები, ასევე გულმკერდის არეშია მრავლობითი ჭრილობები. კლინიკური კვლევებით არც ერთი ჭრილობა შემავალი არ არის. ავადმყოფის მდგომარეობა სტაბილურია. მკურნალობას აგრძელებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში", - განაცხადა მორიგე ექიმმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.  

საქმე აღძრულია ორი მუხლით: 117-ე, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას ითვალისწინებს და 236-ე, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×