ლაშა გელოვანი
07.07.2020

მცხეთაში, მეგობრის დაბადების დღეზე წასული და ჯერჯერობით გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიებას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი ინტენსიურად აწარმოებს და გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, რომელმაც გამოძიების პირველი შედეგები გააცნო საზოგადოებას.

მისი განცხადებით, შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, საგამოძიებო მოქმედებები უწყვეტ რეჟიმში, ყველა შესაძლო ვერსიაზე გრძელდება. გარდა იმისა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ჩადენისთვის ბრალი წარედგინა და ამჟამად პატიმრობაში იმყოფება 17 პირი, ჩატარებულია 450-მდე საგამოძიებო და 400-მდე საპროცესო მოქმედება, გამოკითხულია 93 პირი, ჩატარებულია 121 ჩხრეკა-ამოღება,  ამოღებულია 105 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი და ფოტოაპარატი,  41 პირისგან აღებულია დნმ-ს და დაქტილოსკოპიური ნიმუშები.

ვლადიმერ ბორცვაძის ინფორმაციით, ამჟამად გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აგრძელებს, ამასთან საჭირო გახდა საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობის გაფართოება.

გამოძიება კვლავ აქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან და სისტემატურად აწვდის ინფორმაციას გამოძიების მსვლელობისა და შედეგების შესახებ.

მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა მედიასაშუალებებში გავრცელებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას, კერძოდ, მისი განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ის მოსაზრება, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ვიდეოჩანაწერები არის წაშლილი და  ვერ მოხერხდა მათი ამოღება.

 „ტყუილია, რომ კამერების ჩანაწერები არის წაშლილი. მე აღვნიშნე, რომ 600 საათზე მეტი ვიდეოჩანაწერი ამ საქმეზე ამოღებულია. აღნიშნული ინფორმაცია, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გავრცელდა თბილისის მერიის ვიდეოკამერებთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ 7 დღეზე მეტხანს ეს ჩანაწერები არ ინახება. 

„ჩვენ მივმართეთ ამ ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის მიზნით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ჩანაწერები აღარ ინახება, თუმცა ამის კომპენსირება  ცალსახად შესაძლებელია როგორც კერძო ობიექტების  კამერების ჩანაწერებით, ასევე, „112“-ის  ჩანაწერებით. თბილისის მერიის ჩანაწერები უშუალოდ შემთხვევის ადგილს ვერ გადაფარავდა. ეს არის უბრალოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის დადგენა, რომლებმაც იმოძრავეს თბილისის ტერიტორიაზე, ჩავიდნენ და ჩამოვიდნენ მცხეთიდან თბილისში“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება მიიღეს, გაასაჯაროონ ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიერ „112"- ში განხორციელებული ზარი, სადაც ის იძახებს პოლიციის ეკიპაჟს, ასევე,  „112"- ის ოპერატორის მიერ მასთან განხორციელებული ზარი, სადაც ოპერატორი ბრეგვაძის ლოკაციის დაზუსტებას ცდილობდა.

მისი აზრით, იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატის შესახებ პატაკთან დაკავშირებით, პოლიციელმა იმოქმედა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად: „მან, ვინც იურისპრუდენციაში ერკვევა, იცის, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში როგორ უნდა ჩაატაროს ისე საგამოძიებო მოქმედება, რომ ნივთმტკიცება არ განადგურდეს. ეს არის ვარაუდი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული. ეს არის სტანდარტული ვარაუდი, როდესაც საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელი, გამომძიებელი, ვარაუდობს, რომ, თუ დროულად არ ჩაატარებს საგამოძიებო მოქმედებას, შეიძლება, ის ნივთიერი მტკიცებულება განადგურდეს“.

გამომძიებელმა ივარაუდა, რომ შესაძლებელია, ეს მომხდარიყო, შეადგინა დოკუმენტი, ამოიღო ის ნივთები, რომლებიც მიაჩნდა, რომ მნიშვნელოვანი იყო საქმის ფაქტობრივი გარემოებებისთვის“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მან ასევე ისაუბრა მცხეთაში მომხდარი ხანძრის შესახებ და აღნიშნა, რომ უკვე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა, განზრახ იყო ეს ხანძარი გაჩენილი თუ გარკვეულ გაუფრთხილებლობას ჰქონდა ადგილი, თუმცა  შემთხვევის ადგილთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოების მიერ უკვე ჩატარებულია ყველა გადაუდებელი და შემხვედრი საგამოძიებო მოქმედება. 

საქმეში ჩვენებების შეცვლასთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ  ეს საგამოძიებო მოქმედებებით უნდა იქნას შესწავლილი, შეფასდეს და თუ დადასტურდება, რომ რომელიმე მოწმემ შეგნებულად, მართლმსაჯულების ხელის შეშლის მიზნით, მისცა არასწორი ჩვენება, ბუნებრივია, გამოძიება ამაზე იმსჯელებს.

„რა თქმა უნდა, მე არავის ხელს არ დავაფარებ არც ერთ საქმეზე. თუ არის შეგნებულად, მართლმსაჯულების ხელის შეშლის მიზნით განხორციელებული, რა თქმა უნდა, ამას შესწავლა და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება სჭირდება“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×