ლაშა გელოვანი
07.07.2020

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორ ნინო გიორგობიანის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე გამოძიებამ მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა და   გავრცელებულ ინფორმაციას „სრული სიცრუე და ტყუილი“ უწოდა. 

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ პირდაპირ განაცხადა: „ტყუილია, თითქოს ნინო გიორგობიანმა „შკოდის“ მარკის ავტომანქანა გაგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად - ეს გამოძიებით დადასტურებულია და აქ კითხვის ნიშანი აღარ არსებობს“.

როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, ასევე ტყულია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ბრეგვაძის თბილისში მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის, გელაშვილის მიერ ჩამოყვანის შესახებ, ხოლო იდუმალებით მოცული „შკოდა“, სინამდვილეში, არის „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ტაქსი.

„რაც შეეხება გავრცელებულ  ვიდეოკადრებს... „შკოდის“ ტიპის ავტომობილს - ეს არის სრული სიცრუე და ტყუილი, ვინაიდან, გამოძიებით დადგენილია, რომ ის კადრები, სადაც, ვითომცდა მოძრაობს „შკოდა“ და ავტომანქანაში ისვამენ მოქალაქეებს, სინამდვილეში, არის „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილი და არის ტაქსი. დადგენილია აღნიშნული ტაქსის მძღოლი, დაკითხულია და ეს ფაქტი დასტურდება“, - განაცხადა მან.

„რაც შეეხება მანიპულაციას „შკოდის“ ფირმის ავტომობილთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო გიორგობიანმა, ჩემმა კოლეგამ, „შკოდის“ ფირმის ავტომობილით, მცხეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე გელაშვილი გაგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად, ეს არის სრული სიცრუე და ტყუილი. ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. გელაშვილი იმ ღამით მორიგე არ იყო და დადასტურებულია, რომ იმყოფებოდა ქარელში, თავის საცხოვრებელ სახლში“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

„რაც შეეხება ნინო გიორგობიანის კომუნიკაციას ბრეგვაძესა და მის ოჯახთან, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არც შემთხვევის დღეს, როდესაც ეს ტრაგედია მოხდა და არც შემდგომ, რამდენიმე დღის განმავლობაში, ნინო გიორგობიანს ოჯახსა და იაკობ ბრეგვაძესთნ არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში არის დაზარალებული და მას მინიჭებული აქვს დაზარალებულის სტატუსი, ვინაიდან, მის მიმართ ძალადობრივი ქმედებები განხორციელდა“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის თბილისში წამოყვანის ეპიზოდის შესახებ, მინისტრის მოადგილემ შემდეგნაირად უპასუხა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს:

 „იმ ღამით, როცა ეს ტრაგედია მოხდა, იაკობ ბრეგვაძე, მას შემდგომ, რაც ავტოსამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეულ ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, ტოვებს შემთხვევის ადგილს, გაურბის საფრთხეს. მას შემდგომ, რაც მასზე თავდასხმა განხორციელდა, იგი იმალება ერთ-ერთ შენობაში, რის შემდეგაც თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონით რეკავს „112“-ში, უკავშირდება ოპერატორს და ეუბნება, რომ ადგილი აქვს ფიზიკურ დაპირისპირებას, ჩხუბობს დაახლოებით 10 ადამიანი და იძახებს პოლიციას, მაგრამ, ამავე შეტყობინების განხორციელებისას, იაკობ ბრეგვაძე ვერ ასახელებს ზუსტ ლოკაციას, თუ სად იმყოფება. 

„პოლიციის ეკიპაჟები ცდილობენ იაკობ ბრეგვაძის ადგილსამყოფლის დადგენას, გადიან სავარაუდო მიმართულებით და პარალელურად სამორიგეოდან უკავშირდებიან იაკობ ბრეგვაძეს, ადგილმდებარეობისა და ლოკაციის დაზუსტების მიზნით. ეკიპაჟები ვერ პოულობენ ლოკაციას და იძულებული ხდება ოპერატორი, ხელმეორედ დაუკავშირდეს იაკობ ბრეგვაძეს და დააზუსტოს მისი ლოკაცია. მეორე ზარი განხორციელდა „112“-ის ოპერატორის ინიციატივით, რომელიც კვლავ შეეცადა იაკობ ბრეგვაძის ლოკაციის დაზუსტებას. სწორედ ამ დროს, იაკობ ბრეგვაძე ოპერატორს ეუბნება, რომ იგი იმყოფება მცხეთა-მთიანეთს ტერიტორიაზე, არაგვის ხიდებთან, მაგრამ, ამავდროულად, განუმარტავს ოპერატორს, რომ ჩხუბი დასრულებულია, არავინ აღარ არის, ყველა წავიდა და სთხოვს, რომ გააუქმოს შეტყობინება. 

„მიუხედავად ამისა, „112“-ის ოპერატორი, უსაფრთხოების მიზნით, აზუსტებინებს კვლავ ლოკაციას და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი განაგრძობს იაკობ ბრეგვაძის ძებნას, რის შემდგომაც ეკიპაჟი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე პოულობს იაკობ ბრეგვაძეს და ეკითხება, თუ რა მოხდა. 

„ბრეგვაძე განუმარტავს, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეულ დაპირისპირებას. დაპირისპირებაში მონაწილე პირები უკვე წავიდნენ,  ხოლო იგი „ავტოსტოპის“ საშუალებით ცდილობს  თბილისის მიმართულებით წასვლას. ბრეგვაძე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს სთხოვს თბილისამდე წაყვანას. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გარკვეულ კითხვებს უსვამს და ეს, ცალსახად, გენერალური ინსპექციის გასარკვევია. ამის შემდგომ პოლიციელები იაკობ ბრეგვაძეს სვამენ მანქანაში და მიჰყავთ თბილისში“. 

ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა იაკობ ბრეგვაძე ნახა, შეტყობინება უკვე გაუქმებული იყო“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×