ელზა პაპოშვილი
07.07.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე შესაძლოა კვალიფიკაცია შეიცვალოს - შსს ექსპერტიზის დასკვნას ელოდება და 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზის დადგენის შემდეგ არ გამორიცხავს, რომ ბრალდება დამძიმდეს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა. ასევე შესაძლოა საბრალდებო სკამზე დაზარალებული ე.წ. ოქროს მოწმეებიც აღმოჩდნენ, რომლებმაც დაკითხვის დროს ჩვენებები რამდენჯერმე შეცვალეს. მათი ჩვენებები არც ვიდეო ჩანაწერებს ემთხვევა და არც ანძებიდან ამოღებულ სატელეფონო ჩანაწერებს. 

შსს-მ ასევე გაასაჯაროვა ფოტოგრაფ იოსებ ბრეგვაძის112-ში განხორციელებული ზარის აუდიო ჩანაწერი და მოგვიანებით 112-ის ოპერატორის მიერ ბრეგვაძის ტელეფონზე განხორციელებული ზარის ჩანაწერიც. ბრეგვაძე ოპერატორთან საუბრისას ითხოვს, რომ საპატრულო ეკიპაჟი მალე მოვიდეს, რადგან ინციდენტის მონაწილეები მანქანით არიან და შეიძლება წავიდნენ. 

ფოტოგრაფის პირველი ზარის შემდეგ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ის ვერ იპოვა, ამიტომაც 112-ის ოპერატორი მას განმეორებით, საკუთარი ინიციატივით ურეკავს და ამ ჯერზე ბრეგვაძე მას არაგვის ხიდს უსახელებს და ამბობს, რომ იქ დამნაშავეები არიან, რომლებიც გადმოვიდნენ მანქანიდან და მისი თქმით, "დაგვაყარეს" და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის სწრაფად მოსვლას ითხოვს. საუბრის ბოლოს კი ბრეგვაძე ამბობს, რომ ყველა დაიშალა, შესაბამისად საპატრულო პოლიციის მოსვლას აზრი არ აქვს და სთხოვს ოპერატორს, რომ გამოძახება გააუქმოს.  

არასამთავრობო ორგანიზაციის „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჭიშკარიანი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ გამოქვეყნებული ჩანაწერის შემდეგ კიდევ უფრო ბევრი კითხვები გაუჩნდა. მისი თქმით, სრულიად გაუგებარია რატომ ცვლის ბრეგვაძე ინფორმაციას და ზარს აქუმებს. მისი ვერსიით,  ჩნდება განცდა, რომ მას ვიღაც თავზე დაადგა და იძულებული გახდა, რომ მოეტყუებინა. მისივე აზრით, მხოლოდ ეს ჩანაწერი არ უნდა იყოს. იურისტი ამბობს, რომ ასევე კითხვები ჩნდება არის თუ არა ეს ჩანაწერი ავთენტური. 

„ჩვენებების, ამ ჩანაწერის და ექსპერტების განცხადებები იმდენად ბუნდოვანი და შეუთავსებელია, რომ იქმნება ეჭვი ვიღაცას სურს ამ საქმეს ნათელი არ მოეფინოს.  რაც შეეხება 112-ის ჩანაწერს, ის ეჭვიც კი მიჩნდება საერთოდ არის თუ არა ავთენტური. ფოტოგრაფის ქცევა ფსიქოლოგიურად გაუგებარია. მან ჯერ პოლიცია გამოიძახა და შემდეგ ამბობს, რომ ყველაფერი დასრულდა და აღარაფერი აღარ ხდება. ესაა საეჭვო გარემოება. ფსიქოლოგიურად გამორიცხულია, რომ ასეთი სტრესის დროს ადამიანი უცბად პოლიციის ადგილზე მისვლის საჭიროებას ვეღარ ხედავს. 

თუ ეს ჩანაწერი ავთენტურია, მაშინ ლოგიკური ეჭვი ჩნდება, რომ მას ვიღაც თავზე დაადგა და ეს სიტყვები იძულებით ათქმევინა. შემდეგ ასევე გაუგებარია თუ კი გამოძახება გაუქმდა,  პოლიცია გამოძახებაზე რატომ მიდის. 

მოკლედ ეს საკითხები ბუნდოვანია. ყველაზე გაუგებარი ასევე ერთ-ერთი მოწმის ჩვენებაა, რომელიც ამბობს, რომ მას ფეხში რკინის ჯოხი მოხვდა და ტანჯვა არ მიუღია. ამას ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც ამდაგვარი ექსპრტიზის ნიუანსები არ იცის და რა სახის სამართლებრივი შეფასება შესაძლოა მოჰყვეს, ამას   თავისი სურვილით არ იტყვის“,-ამბობს მარიამ ჭიშკარიანი.  

რაც შეეხება ექსპერტიზას ჭიშკარიანი ამბობს, რომ ეს არ არის რთული ექსპერტიზა და ამიტომაც საქმეში უკვე წინასწარი დასკვნა უნდა არსებობდეს. ის ამბობს, რომ უკვე შეგვიძლია იმის თქმა, რომ თუ  შაქარაშვილი  დაიხრჩო, მაშინ მის ფილტვებში წყალი უნდა ყოფილიყო. იურისტი ფიქრობს, რომ ექპერტიზის მხრიდან უცნაური ორაზროვანი განცხადებები კეთდება. 

როგორც ჩანს  პროკურატურას, გიორგი შაქარაშვილის მრავალტომიანი საქმის მთავარი მოწმეების მიმართ ეჭვები გაუჩნდა. 19 წლის ფეხბურთელის საქმის ახალ ტომებში ჩნდება 2 ივლისის დოკუმენტი - ეს არის მითითება, რომელსაც შოთაძის უწყება გამოძიების მწარმოებლებს უგზავნის და მთავარი მოწმეების, ამირხანაშვილის, ახვლედიანის, ქათამაძისა და ბრეგვაძის ხელახლა და კრიტიკულად გამოკითხვას ითხოვს. 

ბოლო დღეებში საზოგადოებას და საქმეში ჩართულ ადვოკატებს კითხვები დაზარალებულად ცნობილ მოწმეებთან გაუჩნდათ. პროკურატურაც გამომძიებლებს პირდაპირ უთითებს, თუ რა მოქმედებები უნდა ჩატარდეს, რათა გამოძიება იყოს სრულყოფილი და ობიექტური. 

პროკურატურის მთავარი ინტერესი სწორედ დაზარალებულის სტატუსის მქონე პირები არიან. ერთ-ერთ ასეთი მოწმე არის ვახტანგ ახვლედიანი და პროკურატურა ითხოვს მისი 18 და 19 ივნისის ჩვენებებში არსებული განსხვავებების მიზეზების დადგენას. ანალოგიური კითხვები აქვს შოთაძის უწყებას ამირხანაშვილისა და ქათამაძის ჩვენებების მიმართ. 

აღსანიშნავია, რომ ეს მიმართვა პროკურატურამ საგამოძიებო უწყებას 2 ივლისს გაუგზავნა, თუმცა საქმის ახალ ტომებში, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გადაეცათ საქმის ადვოკატებს, ამ მიმართვის მიხედვით გაკეთებული საგამოძიებო ქმედებები არ იძებნება. 

საქმის მთავარი მოწმეების მიმართ გარკვეული კითხვები გარდაცვლილის ოჯახის წევრებსაც აქვთ. გიორგი შაქარაშვილის და კითხვებს სვამს ახვლედიანის მისამართით. ანა შაქარაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვახტანგ ახვლედიანთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს. 

შაქარაშვილი წერს, რომ გასაჯაროვებულ კადრებში გიორგი შაქარაშვილი ახვლედიანის დაცვას ცდილობს, ხოლო ეს უკანასკნელი პირველ ჩვენებაში ამბობს, რომ გინებით მისდევდნენ მასაც და გიოსაც მკვლელები და შემდეგ ის ჩვენებას ცვლის და ამბობს, რომ ასე არ ყოფილა. 

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ ეს ნაგავი ახვლედიანი გიოს ძმაკაცი არ ყოფილა არასდროს. ალბათ ყველა კარგად დააკვირდით კადრებში თუ როგორ ცდილობს გიო მის დაცვას და ეს ნაძირალა კი რომელიც “დაზარალებულად” არის ცნობილი პირველ ჩვენებაში ამტკიცებს, რომ გინებით მისდევდნენ მასაც და გიოსაც მკვლელები, ხოლო ახლა ეს ლაჩარი ცვლის ჩვენებას და ამტკიცებს რომ თურმე საცემად არ მისდევდნენ.

თუ მართლა ასე იყო რისთვის იჯექი ბუჩქებში კურდღელივით განაბული. ბუჩქებში კი არა შენი ადგილი მკვლელების გვერდით არის საკანში. შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა სჯობია"- წერს ანი შაქარაშვილი. 

შაქარაშვილის ოჯახის წევრების შეკითხვებს პასუხი, სავარაუდოდ, მხოლოდ მას შემდეგ გაეცემა, რაც შსს გენერალური პროკურატურის მითითებით, საქმის მოწმეებს ხელახლა გამოკითხავს.  

„გიორგის გარდაცვალებიდან გავიდა 19 დღე, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრება ბევრი თვალსაზრისით. პირველყოვლისა, გიორგიმ თავის რამდენიმედღიანი არყოფნით უფრო მეტად გაგვზარდა სულიერად და მორალურად, ვიდრე ჩვენი ცხოვრების განვლილმა ათწლეულებმა“, - ამის შესახებ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის ბიძა, ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ყველაზე მთავარი, რაც გიორგის არყოფნამ გვასწავლა არის ის, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სამართლიანობის განცდაზე დიდ მტერი არ ჰყავს და იგივე ნაწილი საზოგადოებისა შემდგომ მთელი სერიოზულობით მსჯელობს „ძალადობის აღმოფხვრაზე“.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ დარწმუნდა ოჯახი მის მიერ არჩეული გზის სისწორეში, რომლითაც არ მისცა საშუალება ათასი ჯურის ავანტიურისტს ბავშვის გარდაცვალება გადაექცია პოლიტიკურ სკანდალად და სანახაობად.

რაც შეეხება სამართლებრივ და ფაქტობრივ ვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ვიღაც ცდილობს ახალი „სკანდალის“ იმიტაციას, მიუხედავად იმისა, რომ დაბალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანთა ჯგუფები აწარმოებენ კარიკატურულ გამოძიებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ არასერიოზულობას ჰყავს მაყურებელიც და დამჯერებელიც, ამით არაფერი იცვლება. ვართ იმ წერტილში, სადაც ვართ და გვაქვს ის პერსსპექტივა, რომელსაც გარდაცვალების დღიდან ვაფიქსირებთ.

ახლა დგება ყველაზე საპასუხისმგებლო, ყველაზე მძიმე და ოჯახისთვის ყველაზე დამთრგუნველი ეტაპი, როცა უნდა გავიგოთ სიმართლე - რატომ მოგვიკლეს ახალგაზრდა, უდანაშაულო შვილი. ათასჯერ ვთქვი და კვლავაც ვიმეორებ, რომ სასამართლო-სამედიცინო და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნები არის ამ საქმის გასაღები და ამას ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ. თუ ექსპერტიზებით დადგინდა გიორგის მიმართ განხორციელბული ძალადობა და განზრახ მკვლელობა, მერე დამნაშავეების დანდობა აღარ იქნება!

ვთხოვ ყველას, თქვენი ძალისხმევა მოგვაშველოთ სიმართლის დადგენაში და არა სკანდალების გამოგონებაში (უკვე მეორედ მირეკავს გიორგის ატირებული დედა და მეკითხება: „რა დავუშავეთ ამ ხალხს, რატომ გვკლავენ ასე დაუნდობლად თავისი უპასუხისმგელობის გამოვო“, რა ვუპასუხო?!), მივმართავ დაკავებული და დაზარალებული პირების იმ ნაწილს, რომელთაც გიორგისთან ჰქონდათ ბოლო შემხებლობა-გამოიყენეთ ბოლო შანსი და თქვით სიმართლე, მეტი შანსი აღარ იქნება!

უღრმესი მადლობა ყველა ჟურნალისტს, სამართალდამცველს, მეგობარს, ნაცნობს და უბრალოდ გულშემატკივარს, რომელთა თანადგომა გვასულდგმულებს დღემდე, არ იდარდოთ ჩემ გამო, მე სიმართლის გარდა არასოდეს არაფერი მაინტერესებს!“, - წერს მირიან ნიკოლაძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×