ელზა პაპოშვილი
06.07.2020

სასტიკი მკვლელობა სურამში - 33 წლის თიკო რუსია, სავარაუდოდ, 34 წლის ქმარმა ილია ქურდაძემ მძინარე საწოლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. როგორც მეზობლები „რეზონანსთან“  ყვებიან, შემთხვევა დილით გამთენიისას მოხდა. მათი თქმით, საშინელი მკვლელობის დრო მათი 3 მცრეწლოვანი ბავშვიც სახლში იმყოფებოდნენ. მეზობლებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს. თავიდან მათ ეგონათ, რომ ვიღაც ფოიერვერკს ისროდა, თუმცა გარეთ გამოსულებს ეს საზარელი ამბავი დახვდათ.

სავარაუდოდ, მამაკაცმა მეზობლებს თავადვე უთხრა, რომ ცოლი მოკლა. მათივე ინფორმაციით, მამაკაცს ბოლო დროს ჯამრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. მათივე ინფორმაციით, ის ამბობდა, რომ რაღაცეებს ხედავდა და  ხშირად სვამდა. სავარაუდოდ, მან დანაშაული არაფხიზელ მდგომარეობაში ჩაიდინა. მამაკაცი წარსულში ნარკოდანაშაულისთვის იყო ნასამართლევი.   

„საშინელი დანაშაული მოხდა. დილით გამთენიისას მეზობლებმა რამდენიმე გასროლის ხმა გავიგონეთ. თავიდან გვეგონა, რომ ფოიერვერკებს ისროდა ვიღაც, მაგრამ გარეთ რომ გამოვიხედეთ ეს საშინელი ამბავი დაგვხვდა. ნასვამი იყო და ამბობდა, რომ ცოლი მოვკალიო. მეზობლები შევიდნენ სახლში და  ეს უბედურება დახვდათ. ბოლო დროს როგორც ვიცი, გარკვეული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. 

“სვამდა და ამბობდა, რომ რაღაცეებს ხედავდა და ვიღაცეები ესაუბრებოდნენ. რომ გითხრათ, რომ ცოლ-ქმარი ჩხუბობდნენ, ასე ნამდვილად არ არის. კონფლიქტის ხმა არასდროს გაგვიგონია. ენით აუწერელი გოგო იყო. კარგი დედა და ცოლი. ასეთი საშინელება რატომ უნდა მომხდარიყო, დაობლდნენ ბავშვები. უმძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობაში არიან. სამი ტყვია აქვს ნასროლი და საწოლშივე გარდაიცვალა“,-ყვება გარდაცვლილის მეზობელი „რეზონანსთან“. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულოსხმობს. 

ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი კი უკვე  დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1986 წელს დაბადებული ი.ქ. ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეუღლეს - 1989 წელს დაბადებულ თ.რ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

მომხდარ ფაქტამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მეუღლეებს - თ.რ.-სა და ი.ქ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს," - ნათქვამია განცხადებაში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ასეა ეს   (06.07.2020)
ნახევარ საქართველოს ფსიქიური პრობლემები აქვს და მაშინ ვხოცოთ ერთმანეთი, ვისაც რა მოელანდება


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×