ელზა პაპოშვილი
05.07.2020

გიორგი შაქარაშილის გარდაცვალების 10 ტომიანი საქმე და ჩიხში შესული გამოძიება. რაც დრო გადის მით უფრო გაურკვეველი და ამოუხსნელი ხდება ფაქტი - ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი. ფაქტია უკვე ისიც, რომ ოჯახი მის მკვლეელობას აღარ გამორიცხავს და ახლა გამოძიებისგან ელოდება კონკრეტულ პასუხებს და ქმედებას. 

ჩნდება კითხვები იმ დაზინაბებით, რაც მაქვს მიყენებული ჰქონდა, წყლამდე როგორ მივიდა. ოჯახს და შქარაშვილის ახლობლებს აქვთ ეჭვი, რომ ის ჯერ სცემეს, ამის შემდეგ კი წყალში გადააგდეს. მათი თქმით, გამორიცხულია, რომ შაქარაშვილი წყალში შესულიყო, რადგანაც მას წყლის ფობია ჰქონდა. 

საქმეში ასევე ორი ახალი ფიგურანტი ჩნდება, რომლებიც ჩვენებების მიხედვით შაქარაშვილთან ერთად იმ ღამეს გაუჩინარდნენ. თუმცა, ორივე პირი ჩვენებაში ამტკიცებს, რომ აგარაკთან ახლოს, სადაც წვეულება იყო, ავტომობილში ეძინათ. თუმცა ამის რა მტკიცებულებები აქვთ და აქვთ თუ არა ალიბის გასამყარებლად მტკიცებულებები ეს უკვე გამოძიებამ  უნდა დაადგინოს. 

ასევე  დაკავებული 18 პირის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ გიორგი შქარაშვილის  მეგობრები საბრალდებო სკამზე აღმოჩდნენ. მათი აზრით, ისინი გამოძიებას კვალს მიზანიმართულად ურევენ და ჩვენებებს ცვლიან. ისინი ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს მას შემდეგ აძლევენ, რაც შაქარაშვილს გარდაცვლილს პოულობენ. ასევე გამორიცხული არ არის, რომ მუხლები გადაკვალიფიცირდეს და დამნაშავეთა წერ გაიზარდოს. 

ადვოკატებს ეჭვი აქვთ, რომ გარდაცვლილის მეგობრებმა ბევრად მეტი იციან, ვიდრე ჩვენებაში ყვებიან. მათივე თქმით, არ არის გამორიცხული ისინი განსასჯელის სკამზეც აღმოჩნდნენ. 

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე „რეზონანსთან“  აცხადებს, რომ მოწმეების ჩვენებები, რომლებიც 4-ჯერ იკითხებიან, ერთმანეთ არ ემთხვევა და ისინი ყველა ჯერზე ცვლიან. ადვოკატი ამბობს, რომ ყოველი დაკითხვის შემდეგ ამ მოწმეების სანდოობა ეცემა. 

„ჩემი აზრით, შაქარაშვილის მეგობრების ჩვენებები არასანდოა და მგონია, რომ მათ უფრო მეტი იციან, ვიდრე ყვებიან. საინტერესო ისაა, რომ გამოძიება მათ უკვე რამდენჯერმე კითხავს და ყოველ ჯერზე ჩვენებებს ცვლიან. არ ვიცი გამოძიების მიზანი და ტაქტიკა რა არის და ამას რატომ აკეთებს, თუმცა ფაქტია, რომ ეს ხალხი იტყუება. ყოველ ახალ ჩვენებებში ეს ადამიანები  მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რაც გამორიცხავს წინა ჩვენებებში მიცემულ ინფორმაციას“, - ამბობს ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე.  

ასევე ცნობილი ხდება, რომ "ტოიოტა ქამრის" ავტომობილზე არსებული დაზიანება, ადამიანთან შეჯახების გამო არ მომხდარა და შაქარაშვილისთვის ავტომობილის დაჯახების  ვერსია ჯერჯერობით გამოირიცხა. 

კიდევ ერთი დაკავებულის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მტკიცებულებების ნაწილი, შესაძლოა, განადგურებული იყოს, ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში, საგამოძიებო უწყება მტკიცებულებებს იღებს მაშინ, როდესაც ის უკვე განადგურებულია. ეს შეიძლება ითქვას სათვალთვალო კამერებით გადაღებულ ვიდეოებზეც, რაზეც ადვოკატი ამბობს, რომ ჩანაწერების ნაწილი საქმეში ვერ დაერთო გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს ჩანაწერები იშლება. 

„ექსპერტის მხრიდან მოხდა დასაბუთება, რომ „ტოიოტა ქამრის“ ავტომობილის დაზიანება ადამიანზე შეჯახების შედეგად გამოწვეული არ არის. ამიტომაც ავტომობილით შაქარაშვილზე შეჯახება გამოირიცხა. 

“ასევე გვაქვს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება, როდესაც საგამოძიებო ორგანო, სხვადასხვა უწყებებს მიმართავს, რომ მოწოდებული იქნას და გამოთხოვილი იქნას ეს ვიდეომასალა, სათვალთვალო კამერები და აი, მაგალითად, მერიის შემთხვევაში არის ერთ-ერთი პასუხი, რომ დაგვიანებულია, ხანდაზმულობის გამო განადგურებულია ეს მტკიცებულებები. 

“არიან პირები რომლებიც, აი მაგალითისთვის, ახვლედიანის წამოსაყვანად მიდიან, არ ურეკავენ ტელეფონზე და წინასწარ არიან შეთანხმებულები, რომ კი არ დარეკონ, არამედ განახორციელონ სამჯერ ხმოვანი სიგნალის გადაცემა და ამის შედეგად ხდება შეტყობინება. ეს რითია გამოწვეული და რატომ არიდენებ თავს, მაგალითად, სატელეფონო კომუნიკაციას? ეს ჩვენთვის, ამ ეტაპისთვის უცნობია“, - ამბობს ადვოკატი ვასილ მამულაშვილი. 

კიდევ ერთი ჩვენების შესახებ ხდება ცნობილი. ანი გაბეჩავას მეგობარი გოგონა ყვება, როგორ შეიტყვეს მათ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ. გოგონა ჰყვება, რომ იუბილარის დარწმუნებას ცდილობდა კონფლიქტის შემდეგ, რომ ისინი წასულიყვნენ ლისზე, მათივე მეგობრის საცხოვრებელ სახლში.

სწორედ ამ დროს მისთვის ცნობილი გახდა, რომ მცხეთის გზატკეცილზე მოხდა დაპირისპირება და გიორგი შაქარაშვილი და გუკა ამირხანაშვილი დაიკარგნენ.

"თბილისი მოლთან" არმისულები გამოვტრიალდით ანის ნაქირავები სახლისკენ. ანი იყო განერვიულებული და ამის ნიადაგზე ტიროდა კიდეც. მე ვცდილობდი მის დაწყნარებას და ვთხოვდი, რომ გამოგვყოლოდა მე და ირაკლი წაქაძეს ამ უკანასკნელის სახლში. ანი დამთანხმდა და წავედით ლისის ტბის მიმართულებით. ლუკა ბეჟანიშვილის ტელეფონზე დარეკა ვიღაცამ და უთხრა, რომ ვახო ახვლედიანი, გიორგი ქათამაძე და კონსტანტინე ღიბრაძე მცხეთის ცენტრალურ გზატკეცილზე უცხოებმა სცემეს.

ამის შემდეგ, ჩვენ ჩავჯექით ირაკლის მანქანაში და წამოვედით ჩვენი უბნის მიმართულებით რადგან ბიჭებს ენახათ ვინმე უფროსი ადამიანები, რომლებთანაც ერთად მივიდოდნენ ჩვენს ნაცემ მეგობრებთან და უსაფრთხოდ წამოიყვანდნენ.

უბანში როდესაც დავბრუნდით, ვნახე, რომ კონსტანტინე ღიბრაძე უკვე უბანში იმყოფებოდა და ჩემთვის უცნობ პირებთან ერთად იჯდა ვიღაცის მანქანაში. აღნიშნული მანქანა მოუახლოვდა ჩვენს მანქანას, საიდანაც კონსტანტინემ შემოგვძახა, რომ მიდიოდა ჩვენი ნაცემი მეგობრების წამოსაყვანად , მაგრამ თუ სად იყვნენ და ვინ ცემა, მას არ უთქვამს, ვინაიდან მაშინვე დაიძრა აღნიშნული მანქანა. დაახლოებით ერთ საათში ლუკა მოვიდა ჩემს სახლთან და მითხრა, რომ ვახო ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე ნახეს ნაცემები, ხოლო სცემეს უცნობმა პირებმა.

ასევე ლუკამ მითხრა, რომ გიორგი შაქარაშვილი და მისი მეგობარი გუკა იყვნენ დაკარგულები. ხოლო დაკარგულები იყვნენ იმიტომ, რომ როგორც ჩემს მეგობრებს, მათაც უცნობმა პირებმა დაუპირეს ცემა, მაგრამ გაიქცნენ და აღარ გამოჩენილან.

მეორე დღეს ჩემი მეგობრებისგან შევიტყვე რომ გუკა გამოჩნდა, ხოლო გიორგი შაქარაშვილი კვლავ დაკარგული იყო.

როგორც შემდგომ გავიგე, ვახო ახვლედიანი, გიორგი ქათამაძე და კონსტანტინე ღიბრაძე მცხეთის ცენტრალურ გზაზე სცემეს ანის მეგობრებმა. ჩემთვის ცნობილია, რომ გიორგი ქათამაძე როდესაც სცემეს, მან მიიღო სხეულის დაზიანებები, რის გამოც მიმართა სამედიცინო დაწესებულებას დახმარების აღმოჩენის მიზნით,"- ნათქვამია მოწმის ჩვენებაში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×