ელზა პაპოშვილი
03.07.2020

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის საქმის ირგვლივ ყოველდღიურად ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შესაძლაო ახალმა გარემოებებმა საქმე თავდაყირა დააყენოს.  მომხდარის შესახებ ჩვენებაში საუბრობენ, ნახალოვკაში მცხოვრები ახალგაზრდები, რომლებიც იუბილარის მეგობრები არიან.  ისინი დეტალურად იხსენებენ როგორ დაიწყო ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი. 

ერთ-ერთი არასრულწლოვანი ჰყვება, რომ საბურთალოელების მხრიდან ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფას და აგრესიულ ქმედებებს. ამის შემდეგ, ჩვენების მიხედვით, არასრულწლოვანი შენობას ტოვებს, თუმცა მალევე აგრესიული ახალგაზრდები უკან მიჰყვებიან და პირველი დაპირისპირებაც აქედან იწყება:. როგორც არასრულწლოვანი იხსენებს, მას ჩხუბში მისი მეგობარი, ვახო ჩიქოვანი გამოესარჩლა.

ნ.ხ-ს ჩვენება:  „იქ მყოფი ჩემთვის უცნობი რამდენიმე პიროვნება იქცეოდა გამომწვევად  და აგრესიულად, როგორც ჩემი ასევე ჩემი მეგობრის მიმართ, კერძოდ ისროდნენ რეპლიკებს ჩვენი მისამართით და საუბრობდნენ ჩვენზე დამცინავი ტონით, ხოლო რა იყო მათი ასეთი ქმედების მიზეზი ჩემთვის უცნობია. ამის შემდეგ რადგან დარბაზში ძალიან ცხელოდა მე მარტო გავედი შენობის გარეთ ეზოში, რა დროსაც ეზოში მე ვიყავი მარტო.  ჩემი ეზოში გასვლიდან დაახლოებით 10 წუთში ეზოში ასევე გამოვიდნენ დარბაზში მყოფი ის ბიჭებიც, რომლებიც დარბაზში დამცინავად ლაპარაკობდნენ ჩვენზე და იქცეოდნენ გამომწვევად ჩვენს მიმართ. ამის შემდეგ რამდენიმე წუთში ეზოში გამოსულმა ბიჭებმა, როდესაც დამინახეს და მოვიდნენ ჩემთან, რა დროსაც ჩვენ ერთმანეთთან შევლაპარაკდით. ამ დროს ჩვენს შორის მოხდა სიტყვიერი კონფლიქტი, რა დროსაც მე იქ ვიყავი მარტო

მე გადავედი გზაზე  და ჩამოვჯექი ზ/აღნიშნული კიბეების დაახლოებით მეორე თუ მესამე საფეხურზე, სადაც ასევე მოვიდნენ ის პიროვნებები,  რომელთაგან ერთი დაჯდა ჩემს წინ, ხოლო დანარჩენები ჩემს გარშემო დაახლოებით ერთ მეტრის რადიუსში იდგნენ ფეხზე. მე და იმ პიროვნებამ რომელიც იჯდა ჩემს წინ გავაგრძელეთ საუბარი, ლაპარაკის დროს აღნიშნული პიროვნება იქცეოდა ჩემს მიმართ აგრესიულად,  რა დროსაც მე მას ვეპასუხებოდი და ვცდილობდი მისთვის  პასუხის გაცემას.  ამ დროს უეცრად უკანა მხრიდან ჩემგან მოულოდნელად თავის არეში მომხვდა რაღაც, რის შემდეგ ჩემს წინ მდგომმა პიროვნებამაც დამარტყა ხელი სახის არეში  და იმავე დროს მე ვიგრძენი, რომ კიდევ რამდენიმე ადამიანი მირტყამდა, ამ დროს მე თავზე და სახის არეში ავიფარე ხელები და ვცდილობდი  დარტყმისაგან თავის დაცვას, ამავე დროს მე წამოვედი კიბეებიდან და ჩავედი გზაზე რა დროსაც იქ უცებ მოვიდა ჩემი მეგობარი ვახო ჩიქოვანი, რომელმაც ჰკითხა იქ მყოფ პირებს რა ხდებაო, მოსვლისთანავე იქ მყოფმა პიროვნებებმა ვახოსაც დაუწყეს ცემა", - ვკითხულობთ არასრუწლოვანის ჩვენებაში. 

ვახო ახვლედიანის ჩვენება: „სახლიდან გამოვიდა ჩემი მეგობარი ნ.ხ და ერთ-ერთი საბურთალოელი, ვინაიდან ისინი სწრაფი ნაბიჯით მოძრაობდნენ, ვკითხე რამე პრობლემა ხომ არ ჰქონდათ, რაზეც საბურთალოელმა მიპასუხა არაფერი ისეთი უბრალოდ სალაპარაკო მაქვსო. ისინი ავიდნენ კიბეებზე, საიდანაც ნიკოლოზი დაბრუნდა უკან და საფეთქლიდან მოსდიოდა სისხლი, ხოლო უკან ლანძღვა-გინებით მოსდევდა აღნიშნული საბურთალოელი ახალგაზრდა, მე მათ ჩავუდექი შუაში და მოვუწოდე, რომ გაგვერკვია სიტუაცია, რადგან ეზოში ჩვენი საუბრით შესაძლო იყო ხელი შეგვეშალა მიმდინარე საღამოსთვის, რაც, რა თქმა უნდა, იქნებოდა ძალიან უსიამოვნო. ჩემი შეთავაზების დროს მანამ სანამ გარეთ გავიდოდით მოულოდნელად დამარტყა ხელი სახის არეში, მას დაეხმარნენ მისი თანმხლები პირები, წამაქციეს და მირტყამდნენ სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რა დროსაც აღნიშნული ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით ერთ წუთს", - აცხადებს ჩვენებაში ახვლედიანი. 

საქმეზე გამოკითხვები  ასევე დილიდან განახლდა. მცხეთის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ პირები, რომლებსაც ამ საქმესთან შეხება აქვთ. ახალგაზრდებმა გამომძიებლების კითხვებს ადვოკატების თანდასწრებით უპასუხეს. მათ ტერიტორია ისე დატოვეს, რომ ჟურნალისტებისთვის არ განუმარტავთ, რა გარემოებებით დაინტერესდა პოლიცია. 

ადვოკატები კი  გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის გახსნის პასუხისმგებლობას პირადად გენერალურ პროკურორს აკისრებენ და გამოძიების არასწორად წარმართვაზე საუბრობენ.

სპეციალისტები შესაძლო სამოხელეო დანაშაულზეც ამახვილებენ ყურადღებას. თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი მაია მწარიაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ  112-ში შესულ შეტყობინებაზე, რომელზეც დაუყოვნებლივი საგამოძიებო მოქმედებები არ დაიწყო, ბევრი კითხვა ჩნდება. მისი აზრით,  სამოხელეო დანაშაულის ნიშნებიც იკვეთება და  გამოძიება ამ მიმართულებითაც უნდა დაიწყოს.

„ამასთან დაკავშირებით ცალკე უნდა დაიწყოს პროკურატურამ გამოძიება სწორედ სამოხელეო დანაშაულის ნიშნების შემთხვევაში. შეტყობინება შევიდა, ინციდენტი ამოიწურა - ასეთი რამე  არ არსებობს. ფაქტია, რომ პოლიციის მანქანაც ჩავიდა... ბუჩქებში დამალული ადამიანი, რომ მოგყავს, ესე იგი რაღაც მოხდა. თუმცა არის არის გარემოება, რომ შესაძლოა, პოლიციამ ეს სტატისტიკის გამო გააკეთა. ასეთი ფაქტები ხშირია ხოლმე“ - ამბობს თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი.

19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 18  პირი დააკავეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით გრძელდება, რაც ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებს გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული შემდგომში ბრალი დამძიმდეს ან ბრალდებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. ცხედარს მრავალი დაზიანება აღენიშნებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×