ელზა პაპოშვილი
02.07.2020

სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები - გორში 44 წლის პოლიციელი დავით სვიანაძე გამოძიების ვერსიით, მისავე მდგმურმა 31 წლის ჰასან დოგანმა მოკლა.ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ გორში, ბერუაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა ღამის 2 საათზე ქალის ყვირილი გაიგეს. დახმარებას პოლიციელ დავით სვიანაძის ცოლი ითხოვდა, რომელმაც ყელის არეში დაჭრილი მეუღლე სახლის აივანზე აღმოაჩინა.

ერედვის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი კლინიკაში შეყვანამდე გარდაიცვალა. მას ყელის არეში მძიმე ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. 

პოლიციელს სასიკვდილო ჭრილობები, სავარაუდოდ, ამავე სახლში მცხოვრებმა მდგმურმა მიაყენა. 31 წლის ჰასან დოგანმა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემდეგ ტერიტორია დატოვა, თუმცა, ადგილზე დარჩა დანაშაულის იარაღი - დანა.

დოგანმა თანამშრომელთან ერთად სვიანაძის კერძო სახლში ერთი სართული დაახლოებით 8 თვის წინ იქირავა. ისინი გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე მუყაოს ყუთების მწარმოებელი კომპანიის თანამშრომლები არიან.

თანამშრომელზე საუბარი არ სურთ "ჯეო სოლუშენ კომპანიში", სადაც განზრახ მკველობაში ბრალდებული მუშაობდა. კომპანიაში წილს უცხო ქვეყნის მოქალაქეც ფლობს. 31 წლის მამაკაცი, სამუშაოდ, სავარაუდოდ მას ჰყავდა ჩამოყვანილი.

31 წლის მამაკაცი ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს რამდენიმე სახის ექსპერტიზა ჩაუტარდა.

დაკავებულს შინაგან საქმეთა სამინისტრო განხრაზ მკვლელობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

რა გახდა გორში, 44 წლის პოლიციელის დავით სვიანაძის მკვლელობის მიზეზი, მეზობლებმა არ იციან. თუმცა თავის ეჭვებს გამოთქვამენ და არ გამორიცხავენ, რომ პოლიციელმა ისეთი რამ შეამჩნია მდგმურებს, რომელზეც მას გარკვეული სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა. ან შეეშინდათ, რომ სახლის პატრონი მათ პოლიციაში დაიბარებდა. 

„ენით აუღწერელი პატიოსანი ბიჭი და პატიოსანი პოლიციელი. მასზე ცუდი არავის არ შეგვიძლია რომ ვთქვათ. რა მოხდა სახლის პატრონს და მდგმურებს შორის ზუსტად არავინ არაფერი  იცის. არ არის გამორიცხული, რომ რაღაც საეჭვო შეამჩნია, ამათ კიდევ მისი ჩუმად თავიდან მოშორება უნდოდათ, მაგრამ ვერ მოასწრეს. 

“ცოლ-შვილმა გაიგო და დაინახეს, დამნაშევ როგორ გარბოდა. საოცრად ძლიერი ბიჭი იყო ფიზიკურად. გარეთ აივანზე სძინებია და კაცს ლაჩრულად მძინარეს მიეპარა. ყელში დანა დაურტყა. საძილე არტერიაში მოხვდა და ადგილზევე სისხლით დაიცალა. ჩვენ მეზობლებმა მისი ცოლის ყვირილის ხმა გავიგონეთ, რომელიც ამბობდა, რომ დათო მომიკლესო. სახლში შესულებს კი უმძიმესი სურათი დაგვხვდა. ასეთი სისასტიკე როგორ გაგონილა, ანგელიზოვით ბიჭი იყო.

“რამდენიმე ხანია ეს ბიჭები აქ ცხოვრობენ. სადღაცას კომპანიაში ყოფილან დასაქმებულები. ქაღალდის ფაბრიკა ყოფილა, რომელის მეწილეც თურქი ბიზნესმენია.  ჩანთებით მიდიოდნენ და მოდიოდნენ, არ ვიცით იპარავდნენ რამეს თუ რას მამაძაღლობდნენ, შესაძლოა სწორედ ამის გამოც შელაპარაკდდნენ. ამათმა კიდევ შური ჩაიდეს. იფიქრეს პოლიციელია და ჩვენზე რამის გარკვევა არ დაიწყოსო. ესაა ჯერ ვერსია რაზეც შეიძლება ვიფიქროთ“,-ამბობს მოკლული პოლიციელის მეზობელი „რეზონანსთან“

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, თურქეთის მოქალაქე ჰ.დ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 1 ივლისს, ღამის საათებში, ბრალდებულმა ჰ.დ.-მ ქ. გორში, პოლიციის თანამშრომლის დ.ს-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი მდგმურად იმყოფებოდა, სოცოცხლის მოსპობის მიზნით, დანის გამოყენებით, კისრის არეში ჭრილობა მიაყენა მძინარე დ.ს-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

პროკურატურამ ჰ.დ-ს ბრალდება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს მკვლელობას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ. ჰ.დ.-სთვის წარდგენილი ბრალდება 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

პროკურატურამ ბრალდებულ ჰ.დ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე გორის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×