მარიამ ნებულიშვილი
01.07.2020

 წელს საქართველოში ყირიმ-კონგოს 10 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ინფექციონისტები ამბობენ, რომ დინამიკა მზარდია, თუმცა საზოგადოებას პანიკის საფუძველი ჯერ-ჯერობით არ აქვს.

„რეზონანსთან" საუბრისას ექიმ-ინფექციონისტი კახა ჩომახიძე ამბობს, რომ ყირიმ-კონგოს გავრცელების რისკი ყველაზე მაღალი მაისიდან-აგვისტომდე პერიოდშია და უკვე არსებული 10 დადასტურებული შემთხვევა ბევრია.

„ბევრია შემთხვევების რაოდენობა დროის ამ მონაკვეთისთვის. მაგრამ ასე ვერ განვსაზღვრავთ, მაგალითად 2014 წელს ყირიმ-კონგოთი დაავადების 17 შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში. რა თქმა უნდა საშიშია, მაგრამ მისი მკურნალობა შეიძლება, უბრალოდ საჭიროა, რომ მოსახლეობამ დროულად მიმართოს ექიმს", - თქვა კახა ჩომახიძემ.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. მისი გამომწვევი მიზეზია ვირუსი, რომელიც განსაკუთრებით საშიშ პათოგენთა ნუსხაში შედის.

ვირუსის ბუნებრივი მატარებლები არიან მღრღნელები, გარეული ძუძუმწოვრები, ფრინველები, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი. დაავადების ძირითადი გადამტანები კი - ტკიპები.

ადამიანის დასნებოვნების მთავარი გზაც სწორედ ტკიპის ნაკბენია. ამდენად, ადამიანისთვის საფრთხეს ძირითად შემთხვევაში სწორედ, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი წარმოადგენს.

დასნებოვნების მთავარი რისკის ქვეშ სოფლის მოსახლეობაა, რომლებსაც პირდაპირი და მჭიდრო კონტაქტი აქვთ ცხოველებთან. ინფიცირება შესაძლებელია დასნებოვნებული საქონლის ხორცთან კონტაქტითაც, თუმცა მსაგავსი შემთხვევები იშვიათია. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ყირიმ-კონგოთი დაავადებული ადამიანიც ინფექციის წყაროა. განსაკუთრებით გადამდებია დაავადების გართულების შემთხვევაში.

ყირიმ-კონგოს მთავარი სიმპტომებია ცხელება, ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იმატებს, ტაქიკარდია, კუნთებისა და თავის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება, გამონაყარი, სისხლჩაქცევები კანზე, ტკივილი მუცლის არეში, სისხლდენა ცხვირიდან, ღრძილებიდან, საშვილოსნოდან, ასევე, ჩაწითლებული თვალები.

აღნიშნული სიმპტომები, ტკიპის ნაკბენიდან მაქსიმუმ ორი კვირიპერიოდში ვლინდება და საწყის ეტაპზე უყურადღებობის შემთხვევაში ლეტალური შედეგები დგება. ამიტომ, აუცილებელია ექიმთან დროული ვიზიტი.

საქართველოში წელს ყირიმ-კონგოთი მხოლოდ ერთი 23 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×