ელზა პაპოშვილი
29.06.2020

ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია მოკლეს თუ უბედური შემთხვევის მსხვერპლია 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შქარაშვილი. რაც დრო გადის, საქმის ირგვლივ სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება. ახლა გამოძიებაში გადამწყევტი მნიშვნელობა ექსპერტიზის დასკვნას აქვს, ამიტომაც ოჯახიც და გამოძიებაც საბოლოო ბასუხებს ელოდებიან. 

თუმცა, მანამდე ჩნდება კითხვები, არაგვში ჩავრადნის შემთხვევაშიც კი წელამდე წყალში დაიხრჩობოდა თუ არა 19 წლის შაქარაშვილი და მიიღებდა თუ არა იმ ხარისხის დაზიანებებს, რაც გარდაცვლილს სხეულზე და საეხეზე აღენიშნებოდა. ოჯახი მდინარეში ჩავრადნის ვერსიასაც არ გამორიცხავს, თუმცა აცხადებენ, რომ საქმის ირგვლივ ბევრი ბუნდოვანებაა. 

ამის პარალელურად კი ძალადობის და თავისუფლების აღკვეთის მუხლებით დაკავებული 17 პირის ადვოკატები აცხადებენ, რომ ე.წ. ოქროს მოწმემ, რომელიც გიორგი შქარაშვილის მეგობარია, ჩვენება 4-ჯერ შეცვალა და ყველგან სხხვადასხვა დეტალები მოყვა. ამიტომაც ისინი ამბობენ, რომ სასამართლოზე ამ ჩვენებების ანულირება უნდა მოხდეს. 

ჩვენებას აძლევს თავად იუბილარი ანა გაბეჩავა, რომლის დაბადებისდღეზეც საგურამოში კონფლიქტი დაიწყო და, რომელიც შემდეგ მცხეთის ხიდზე  გაგრძელდა და გიორგი შქარაშვილის კვალი დაიკარგა.  

ანა გაბეჩავა მომხდარის დეტალებს იხსენებს და წერს, რომ ჩხუბში, რომელიც სახლის გარეთ დაიწყო, გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, იაკობ ბრეგვაძე და ვ.თ არ მონაწილეობდნენ. გოგონას ჩვენებით ირკვევა, რომ შაქარაშვილი და მისი მეგობრები დაპირისპირების დროს გარეთ არც კი გასულან. 

რაც შეეხება ჩხუბს, როგორც ანა გაბეჩავა ჩვენებაში წერს, მან დაინახა როგორ ჩაარტყეს მის უბნელს ქვა, რა დროსაც მას სისხლი წამოვიდა, ასევე ჩვენებიდან ირკვევა, რომ იმავე დაპირისპირების დროს მიიღო დაზიანება ვახტანგ ჩიქოვანმა.

„დაახლოებით იქნებოდა 23:30 საათი როდესაც დავინახე რომ ჩემი ზ/ხსენებული მეგობრები, კლასელები და უბნელები სახლში აღარ იყვნენ რაზეც ვიფიქრე რომ ისინი მოსაწევად იყვნენ გარეთ გასულები რა დროსაც ჩემთან მოვიდა ჩემი მეგობარი მ.ხ და მითხრა რომ გარეთ,  სავარაუდოდ,  ჩხუბობდნენ  და მთხოვა გარეთ გავსულიყავი რომ განმემუხტა სიტუაცია. როდესაც გავედი სახლის ეზოში დავინახე რომ ჩემი მეგობრები, კლასელები და უბნელები ერთმანეთში ჩხუბობდნენ, ისინი ერთმანეთს აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო ვინ ვის ურტყამდა კონკრეტულად მე ამას არ დავკვირვებივარ რადგან ვცდილობდი მათ გაშველებას და სწორედ გაშველების დროს დავინახე რომ ჩემს უბნელს ნ.ხ-ს ქვა ჩაარტყა მარცხენა შუბლის ზედა ნაწილში ჩემმა მეგობარმა ს.ჩ-მ, რა დროსაც ნ.ხ-მ მიიღო დაზიანება და წამოუვიდა სისხლი. ასევე დავინახე ეზოში ჩემი უბნელი ვახტანგ ჩიქოვანი, რომელსაც სახეზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანება, ხოლო ის ვინ სცემა მე ეს არ დამინახავს. 

თუმცა დანამდვილებით გეტყვით რომ იყო ძლიერ ნაცემი. მე და ჩემი სტუმარი გოგოები ვცდილობდით ზ/აღნიშნული ბიჭების გაშველებას და ვეუბნებოდი მათ რომ წასულიყვნენ ჩემი დაბადების დღიდან და აღარ მოსულიყვნენ. გოგოებმა ჩვენი ძალით შევძელით ბიჭების გაშველება და ისინი გავყარეთ სახლის ეზოდან, რის შემდგომაც მე და ჩემი მეგობარი გოგოები, ლ.ნ, ლ.ქ, მ. ხ, ს ჭ, და ე ხ შევბრუნდით სახლში, სადაც დაგვხვდა გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, იაკობ ბრეგვაძე და ვ.თ რომლებიც ჩხუბის დროს გარეთ არ გამოსულან და არ ჩარეულან ჩხუბში და შიგნით ქეიფობდნენ,“- წერს ჩვენებაში  ანა გაბეჩავა

კიდევ ერთი ე.წ. ოქროს მოწმე ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძე ჩვენებაში ამბობს, რომ ე.წ. ხიდის ინციდენტის დროს ის ერთ-ერთ შენობაში იმალებოდა, რა დროსაც 112-ში დარეკა. ჩვენების მიხედვით, მას შემდეგ, რაც შკოდა შემთხვევის ადგილზე მივიდა, მან სამართალდამცველებს განუმარტა, რომ ინციდენტი ამოწურული იყო და თბილისში წაყვანა სთხოვა.

„შკოდის მარკის მანქანით მოვიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომლებსაც განვუმარტე, რომ არაფერი არ ხდებოდა, ჩაიარა კონფლიქტმა და თუ შეეძლოთ წავეყვანე ქ. თბილისის მიმართულებით, ვინაიდან ვერ ვახერხებდი სახლში წასვლას. რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა წამიყვანა თბილისის მიმართულებით. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე პოლიციის მოსვლამდე ვუთხარი 112-ის ოპერატორს, რომ გაეუქმებინათ ჩემს მიერ მანამდე გაკეთებული შეტყობინება, ვინაიდან კონფლიქტი იყო ამოწურული და აღარ ვსაჭიროებდი პოლიციის დახმარებას“,- წერს ჩვენებაში იაკობ ბრეგვაძე

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი და ბიძა მირიან ნიკოლაძე „რეზონანსთან“  აცხადებს, რომ ბოლოს, გარდაცვლილს მობილურ ტელეფონზე, ღამის პირველ საათზე დედა ესაუბრა. ადვოკატის თქმით, ბოლო ზარიდან დილის 6:30-მდე არანაირი ზარი არ ფიქსირდება. 

"ოჯახმა გიორგის გაუჩინარების შესახებ მისი მეგობრისგან დილის შვიდი საათისთვის შეიტყო. მან სახლში დარეკა და დედას ჰკითხა გიორგი დაბრუნდა თუ არა. ამის შემდეგ ოჯახი მე მიკავშირდება და მისი დაკარგვის ამბავს მეუბნებიან. მაშინვე პოლიციას შევატყობინე. მისი ძებნა უკვე ამ დროიდან იწყება. ბოლოს გიორგის ესაუბრა დედამისი, ღამის 1 საათზე და ეს შუალედი 1-დან, თუ არ ვცდები დილის 6:30-მდე არის, ასე ვთქვათ, ბუფერული ზონასავით. მაგ დროს, არაფერი შეტყობინება არ ხდება.

საზოგადოებას, მე მესმის, რომ ბევრი კითხვა აქვს და ახლა თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენ რამდენი კითხვა გვქონდა საქმის დასაწყისიდან, ვიდრე დღევანდელ დღემდე მოვიდოდით. ჩვენც გვაქვს ბევრი კითხვები და ამ კითხვებს სჭირდება გადამოწმებები. ამისთვის არსებობს ძიება და ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები," - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ამ დრომდე უცნობია - ვინ და რა მდგომარეობაში ნახა 19 წლის გიორგი შაქარაშვილი უკანასკნელად. ახალგაზრდა ფეხბურთელი საბედისწერო 18 ივნისის ღამეს ისე გაუჩინარდა, რომ დეტალები ამ დრომდე გამოძიებისთვისაც უცნობია. 

ცხედარი 4 დღიანი სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გაუჩინარების ადგილიდან 2-3 კილომეტრში, მდინარეში, მცხეთის დასახლებულ პუნქტთან ახლოს იპოვეს.  

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის უფლებადამცველი გიორგი გელხაური  კი ამბობს, რომ  გურამ ამირხანაშვილის ოთხი ჩვენება ერთმანეთისგან განსხვავებულია. ადვოკატის თქმით, მსგავსი შემთხვევის დროს ჩვენებები ანულირდება და ჩვენების ვარგისიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

"ჩვენ არ ვეთანხმებით დასაწყისშივე იმ ბრალს, რომელი ბრალიც წაუყენეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. ურთიერთგამომრიცხავი ფაქტებია, რომელიც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არაფერი მსგავსი არ ჩაუდენია, რაც ბრალდებაშია.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ადასტურებს, რომ ღამით აგარაკზე იყო, თუმცა არა ადასტურებს, რომ რაიმე სახის კონფლიქტში მონაწილეობდა. მსგავს ჩვენებას არცერთი მოწმე არ აძლევს და არ ამბობს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კონფლიქტში მონაწილეობდა.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აგარაკზე მეგობარს ახლდა, პირველი კონფლიქტის შემდეგ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ხვდება მისი მეგობარი და მოჰყავს თბილისში. ისინი საუბრობენ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მთელი გზა მანქანაში ეძინა. უკან კი გაბრუნდნენ იმიტომ, რომ იქ მანქანა ჰყავდათ დატოვებული და მის წამოსაყვანად.

რაც შეეხება დევნას, მათ ავტობანზე გააჩერეს მანქანა და დაინახეს, რომ უცხო პირები გარბოდნენ. ესენი ეძახდნენ, რომ არ შეშინდებოდათ. სწორედ ამ დევნის დროს დაინახეს ამირხანაშვილი, რომელიც იმალებოდა ბუჩქებში.

ამირხანაშვილი წერს, რომ მას შეეშინდა და ამიტომ გაიქცა. ამირხანაშვილისთვის ფიზიკური ზიანი არავის მიუყენებია. ერთადერთი, მისდევდნენ და უყვიროდნენ, რომ არ შეგეშინდესო.

ამირხანაშვილის მეორე ჩვენება იცვლება და წერს, რომ თავისი ნებით გაყვა "ტოიტა ქამრის" მგზავრებს, მესამე ჩვენებაში წერს, რომ ის იჯდა მანქანის უკანა სავარძელზე და შეეძლო კარის გაღება და გადასვლა, თუმცა მას ეს არ უცდია. ხოლო მეოთხე ჩვენებაში ვკითხულობთ, რომ ის ჩამოიყვანეს თბილისში და დატოვეს "დიდუბის" მეტროსთან.

ამირხანაშვილის აბსოლუტურად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებიდან რომელს უნდა დავუჯეროთ? ასეთ შემთხვევაში კანონმდებელი წერს შემდეგ რამეს - თუ ჩვენებები მსგავსად ურთიერთგამომრიცხავია ისინი ანულირდება,"- განაცხადა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.  

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×