ელზა პაპოშვილი
25.06.2020

19 წლის გიორგი შაქარაშვილს ტრაგედიიდან ერთი კვირის შემდეგ, ოჯახსა და საზოგადოებას ჯერ ისევ არ აქვთ პასუხი კითხვაზე, რა მოხდა მცხეთაში საბედისწერო ღამეს და ვინ არის დამნაშავე მის გარდაცვალებაში. შაქრაშვილი დაკრძალეს. ოჯახი სამძიმარს იღებდა, როგორც მისი მეგობრებისგან, ასევე პოლიტიკოსებისგან. 

შაქარაშვილის ახლობლებისთვის  ახლა მთავარი ექსპერტიზის პასუხები იქნება, რომელიც 10 დღეში გახდება ცნობილი. მიიღო თუ არა მან სიცოცხელშივე სასიკვდილო დაზიანებები. ხოლო  თუ არ მიიღო, მაშინ ღამის 2 საათზე მდინარე არაგვში  შესვლა რამ ან ვინ აიძულა, როდესაც მან ბანაობა არ იცოდა და წყლის ფობია ჰქონდა. 

სპეციალისტები თანხმდებიან იმაზე, რომ ოჯახი ახლა ცხელ კვალზე უნდა მიჰყვეს, რადგანაც დავით სარალიძის მკვლელობის მსგავსად კვალის წაშლა არ მოხდეს. თუმცა, საქმის ირგვლივ ყოვეელდღიურად ახალი გარემოებები ხდება ცნობილი. 

საქმეში აღმოჩნდა, რომ გიორგი შქარაშვილის მეგობრის გარდა, ე.წ. „ოქროს მოწმე“ რომელსაც გაქცეული შაქარაშვილი უნდა დაენახა, ფოტოგრაფია. მან გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა და ამბობს, რომ მედიასთან ამ ეტაპზე საუბარი არ შეუძლია, თუმცა მალე ყველაფერი ცნობილი გახდება. ფოტოგრაფი ადასტურებს, რომ ხიდიდან მათი გაქცევის მიზეზი ავტომობილიდან რკინის ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანები იყვნენ, რომლებმაც ცემა მათთან ერთად თანმხლებ კიდევ ერთ პირს დაუწყეს.

ამიტომაც, ისიც შქარაშვილს მსგავსად გაიქცა და ხიდის მიმდებარედ ბუჩქებში დაიმალა. საქმეში ასევე ჩნდება ორი ავტომობილი, ერთი შავი და მეორე ვერცხლისფერი. როგორც ფოტოგრაფი გამოძიებასთან ჰყვება, სავარაუდოდ, მათი ცემა პირველ ვერცხლისფერ ავტომობილში მსხდომ ადამიანებს სურდათ. 

ხოლო მეორე შავი ავტომობილი საქმეში შემდეგ ფიგურირებს, რომელიც მოგვიანებით ჩნდება და იქ მსხდომ პირებს, სავარაუდოდ, შაქარაშვილის მეგობარი თბილისში მოჰყავთ. რაც შეეხება ვერცხლისფერ ავტომობილს, მას ფარი აქვს დაკარგული და გარკვეული დაზიანებებიც აღენიშნება. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, დაზიანდა თუ არა მანქანა შქარაშვილის გაუჩინარების ღამეს. 

ცნობილი ხდება, რომ წვეულების მონაწილეების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, ხოლო  საქმის მოწმეების დაკითხვა და ექსპერტიზა ამ დრომდე გრძელდება.

აგარაკის მეპატრონე, რომლის სახლშიც ინციდენტი მოხდა, ამბობს, რომ სახლი პირადად მას არ მიუქირავებია ახალგაზრდებისთვის და სხვა პირებზე აქვს გაქირავებული, რომლებიც, მისი თქმით, სახლს ამუშავებენ. 

საბედისწერო ღამის მოწმეები, რომლებიც ექსპერტიზაზე სამხარაულის ბიუროში იმყოფებოდნენ, კომენტარებს არ აკეთებენ. 

ადვოკატი, რომელიც იცავს იმ პირთა უფლებებს, ვისი მანქანაც სათვალთვალო კამერებმა ინციდენტის ახლოს, ავტობანზე დააფიქსირა, ამბობს, რომ ეს ადამიანები არიან გამოკითხულები და ასევე გაიჩხრიკა მათი სახლები და ნივთმტკიცებად ამოღებულ იქნა მათი კუთვნილი ლეპტოპები. უფლებადამცველის ინფორმაციით, ჩხრეკა ამ მოქალაქეების სახლებში ღამის 3 საათზე ჩატარდა. 

ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი ახალგაზრდის მამა კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ კონფლიქტის  სავარაუდო მიზეზი სადღერგძელო გახდა, რასაც შემდეგ შეკამათება და ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა. მამის ინფორმაციით, დაპირისპირების მონაწილე ორი ჯგუფი იყო, ნახალოვკელები და საბურთალოელები. ნახალოვკელებს საბურთალოელებმა ჯერ სცემეს, შემდეგ კი გზაზე გამოედევნენ, სწორედ ამის გამო მათ ე.წ. უბნელებს დასახმარებლად დაურეკეს და ისინიც ორი ავტომობილით  საგურამოსკენ მათ დასახმარებლად წამოვიდნენ. 

მისივე თქმით, შვილმა უთხრა, რომ გიორგი შქარაშვილი ჩხუბში არ მონაწილეობდა და პირიქით, დაპირისპირებული მხარეების გაშველებას ცდილობდა. 

„ჩემი შვილი ნაცემია, როგორც ის ყვება, ჩხუბის მიზეზი დაბადების დღეზე ერთ-ერთის მიერ წარმოთქმული სადღერგძელო იყო. ამაზე შელაპარაკებულან. ზოგი აბობს კი, რომ დიჯეის აბუჩად იგდებდნენ და შემდეგ  გოგონების შეწუხებაც დაიწყესო. სხვადასხვა ვერსიებს ყვებიან, ზუსტად რა მოხდა არავინ არ იცის. 

“ჩემი ბიჭი ამბობს, რომ ხმაურზე ეზოში გამოვიდა და ნახა, რომ მეგობარს სცემდნენ და მასაც ცემა დაუწყეს. მერე ნახალოვკელები გაქცეულან და საბურთალოელები გამოედევნენ. ესაა ამ ჩხუბის ისტორია. ჩემი  შვილი გიორგი შქარაშვილს არ იცნობდა, წვეულებაზე გაიცნო, როგორც სტუმარი. მასთან სხვა შემხებლობა არ ჰქონია. ამბობს, რომ ის ჩხუბში არ იღებდა მონაწილეობას“, - აცხადებს ერთ-ერთი ახალგაზრდის მამა „რეზონანსთან“ 

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საკითხთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი ჩაატარეს ადვოკატებმა, რომლებიც საქმეში ნახსენები შავი ფერის ავტომანქანაში მჯდომი მოწმეების ინტერესებს იცავენ. ადვოკატების მტკიცებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფნი დაბადების დღის წვეულებაზე არ ყოფილან და კონფლიქტთან არავითარი შეხება არ ჰქონიათ.

„ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები, როდესაც უკვე ჩნდებიან აღნიშნულ საქმეში და გადაადგილდებიან "ტოიოტა კამრის" ტიპის ავტომანქანით, უკვე გიორგი იქ არ იმყოფება. ე.ი. ის ვერსია, რომ იმ ოთხიდან ბოლოს, როდესაც ჩვენი დაცვის მყოფებმა გიორგი, ეს ვერსია არ შეესაბამება რეალობას“, - ამბობს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

გიორგი შაქარაშვილის ბიძა კი „რეზონანსთან“  საუბარში კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ გარდაცვლილის ოჯახი სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან და ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას ელოდება, რომელიც 10 დღეში გახდება ცნობილი.

„ყოველდღე ვკონტაქტობთ გამოძიებასთან, ვცვლით ერთმანეთში ინფორმაციებს... ყველა ვთანხმდებით ექსპერტიზის დასკვნის გადაუდებელ აუცილებლობაზე, რომელიც შემდგომ გვაფიქრებინებს ერთი ან მეორე ვერსიის მართებულობას. თუმცა დამეთანხმებით, რომ ღამის 2 საათზე ის არაგვში თავისი ნებით არ შევიდოდა და ამას გარკვეული ძალადობრივი გარემოება წინ უძღოდა. ამიტომაც ბოლომდე მივყვებით ყველაფერს. სამართლებრივად ვის რა სახის პასუხისმგებლობაც ეკისრება, იმ პასუხს აგებს. გამჩერებელი არავინ  არ არის“, - ამბობს გარდაცვლილის ბიძა მირიან ნოკოლაძე.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კი  პარალელს ავლებს ხორავას საქმის ტრაგედიასთან. მისი თქმით, აუცილებელია საქმის გამოძიება დროულად ჩატარდეს. სახალხო დამცველმა ოჯახს მისი აპარატის საქმეში ჩართვაც შესთავაზა. 

„კიდევ ერთხელ მინდა სახალხო დამცველის დახმარება შევთავაზო დაზარალებულის ოჯახს, თუ მათ აქვთ განცდა, რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები არ ტარდება ან დროულად არ ტარდება, ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ“, - ამბობს სახალხო დამცველი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×