ელზა პაპოშვილი
24.06.2020

ქურდული გარჩევა „ჯეირანას" და „კუსას" ჩართულობით - შსს-მ 6 პირი დააკავა და 4 პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. ამის ამიზეზი კი ქმრის საჩივლელად ე.წ კანონიერ ქურდებთან მისული ცოლი გახდა, რომელიც ქმრისგან 9000 ევროს ითხვდა და ამბობდა, რომ მას განქორწინების შემდგომ ეს ფული ეკუთვნოდა, ხოლო ქმარი მის გადახდაზე უარს ამბობდა.  თავის მხრივ საქმეში ე.წ. მეორე კანონიერი ქურდი ქმარმაც ჩართო. ამიტომაც საბოლოო ჯამში საქმე ვერცერთის სასარგებლოდ ვერ გადაწყდა.  ჯერ ქმარი გამტყუნდა, შემდეგ კი ცოლი. ამასობაში კი კრიმინალურმა პოლიციამ საქმეში ჩართული  პირები  დააკავა.  

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად თბილისსა და აჭარის რეგიონში ერთდროულად ჩატარებული კომპლექსური სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, "კანონიერი ქურდობის", "ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვისა და "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით 6 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ განცხადება შსს-ში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა“,-აცხადებენ უწყებაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე. 

უწყების ინფომაციითვე, ჯეირან კინწურაშვილსა (ჯეირანას) და თამაზ ქარცივაძეს (კუსას) ბრალი ედებათ "კანონიერ ქურდობაში", რ.პ.-ს, ბ.ქ.-ს, ი.ჩ.-ს, ლ.დ.-ს., ი.ა.-ს და მ.მ.-ს "ქურდული სამყაროს" წევრობაში, ვ.წ.-ს - "ქურდული სამყაროს" წევრისთვის ან "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვაში, ხოლო ა.ს.-ს - "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერაში.

დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში, ბრალდებულების ნაწილი - "ქურდული სამყაროს" წევრები, ვალის დაბრუნების მიზნით წარმოქმნილ დავაში, მხარეების მიმართვის საფუძველზე ჩაერთნენ. აღნიშნული დავის გადაწყვეტის მიზნით, ისინი დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებს ჯეირან კინწურაშვილს - მეტსახელად "ჯეირანას" და თამაზ ქარცივაძეს - მეტსახელად "კუსას", რომელთა მხარდაჭერით, ბრალდებული ი.ა.-ს საცხოვრებელ ბინაში "ქურდული გარჩევა" მოაწყეს და ერთ-ერთ მოდავე მხარეს 8 800 ევროს გადახდა დააკისრეს“,-აცხადებენ უწყებაში. 

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ  თურქეთში მყოფი ორი ქართველი „კანონიერი ქურდი“ – ჯეირან კინწურაშვილი და თამაზ ქარცივაძე ფიგურირებენ. 

ქურდული გარჩევა ცოლ-ქმარს შორის არსებულ ქონებრივ დავას უკავშირდება. საუბარია 9000 ევროზე, რომელსაც ცოლი – ელ.წ. მის მეუღლეს, ვ.წ-ს სთხოვდა.

ბრალდების მიხედვით, ქალმა მეუღლესთან ქონებრივი დავის გადასაწყვეტად საქმეში ქურდული სამყაროს წევრები ჩართო, რომლებიც თავის მხრივ დაუკავშირდნენ თურქეთში მყოფ „კანონიერ ქურდს“ ჯეირან კინწურაშვილს – მას კრიმინალურ წრეებში „ჯეირან ხონსკის“ მეტსახელით იცნობენ.

ქურდული გარჩევა ელ.წ-ს სასარგებლოდ გადაწყდა და ქმარს ცოლისთვის 9000 ევროს გადახდა დააკისრეს.

ამის შემდეგ საქმეში „კანონიერი ქურდი“ ჩართო ქმარმაც. ის ქურდული სამყაროს წარმომადგენელთან, ავთანდილ სიხარულიძესთან ერთად 7 მარტს გაემგზავრა თურქეთში, სადაც შეხვდა „კანონიერ ქურდს“ თამაზ ქარცივაძეს.

უკვე 13 მარტს საქართველოში ჩამოდის თამაზ ქარცივაძის ნდობით აღჭურვილი პირი რომან პარადა, რომელიც მოდავე მხარეს ატყობინებს ქარცივაძის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც დავა არა ცოლის, არამედ ქმრის, ვ.წ-ს სასარგებლოდ გადაწყდა.

საქმეში მტკიცებულების სახით დევს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ჩანაწერები, რომლითაც ირკვევა, რომ „კანონიერი ქურდები“ ერთმანეთს უკავშირდებოდნენ და პოზიციებს ათანხმებდნენ.

ერთ-ერთი დაკავებულის მირზა მირზიაშვილის უფლებადამცველი „რეზონანსთან“ ახალ დეტალებზე საუბრობს. ადვოკატი თამარ აბესაძე ამბობს, რომ ბრალდების მტკიცებით, ქურდული სამყაროს წევრები ცოლ-ქმარს შორის წარმოქმნილ ფინანსურ დავაში მონაწილეობდნენ, თუმცა თავად თამარ აბესაძეს მიაჩნია, რომ ეს არარეალური საქმეა, რადგანაც სასამართლოში უნდა გამოიკვლიონ საერთოდ ეს ცოლქმარი ბუნებაში არსებობენ თუ არა. მისი თქმით, სრულიად გაუგებარია ბრალდების მხარემ ეს მტკიცებულებბეი საიდან და როგორ შეკრიბა, როცა საქმსი ირგვლივ უამრავი გაუგებრობა და გაურკვევლობაა. 

"საქმის მასალების მიხედვით ეს არის ცოლ-ქმრის დავა. მარა ჯერ ერთი უნდა დადგინდეს რელურად ეს ცოლ-ქმარი არსებობენ თუ არა. მერე ახლა უნდა დაამტკიცონ, რომ ეს იყო გარჩევა. მე ვიცი, რომ ეს ცოლ-ქმარი არ არსებობს საერთოდ. ბრალდების მხარემ საიდან შეკრიბა ეს მტკიცებულებები, ცოტა უცნაურია. მირზა მირზიაშვილი კატეგორიულ უარზეა და მან თავისი ხმის ნიმუშზე ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა," - აცხადებს თამარ აბესაძე.

ადვოკატ ნოდარ ყეინიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები დუმილის უფლებას იყენებენ. რაც შეეხება მტკიცებულებას უფლებადამცველი ჯერ მათ არ გაცნობია.

დანაშაულს არ აღიარებენ არც ადვოკატ მამუკა ნოზაძის დაცვის ქვეშ მყოფი პირები. მისი თქმით ამ ეტაპზე მიმდინარეობს მტკიცებულებების გაცნობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×