რეზონანსი
21.06.2020

საქართველოში ამჟამად COVID-19-ის პანდემის გამო კარანტინის რეჟიმში 2710 ადამიანი იმყოფება, ძირითადად  სასტუმროებში, სადაც მოქალაქეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ ნომრებში და გარე სამყაროსგან სრულად იზოლირებული არიან. ერთ-ერთი ასეთი მოქალაქე „რეზონანსთან“ იმ პირობების შესახებ ყვება, რომელიც საკარენტინზე ზონებშია შექმნილი. 

ჩვენი რესპონდენტი 23 წლის მამაკაცია, რომელიც უკვე 13 დღეა კარანტინში იმყოფება, მას შემდეგ, რაც გერმანიიდან ჩამოვიდა თავის მეგობართად ერთად. როგორც ის ჩვენთან საუბრისას ამბობს, თვითმფრინავი თბილისში ჩამოფრინდა, შემდეგ კი თვითმფრინავში მყოფი ყველა მგზავრი ავტობუსებით გადაიყვანეს საკარანტინე სივრცეში, ამ შემთხვევაში ბათუმში.

„ჩვენ ჩამოვფრინდით თბილისში, სასწრაფოდ ჩაგვსვეს ავტობუსებში და იმასაც არ გვეუბნებოდნენ სად მივყავდით. ამან ძალიან იმოქმედა ჩვენზე. საბოლოოდ სადღაც გორთან გვითხრეს, რომ ჩვენი საკარანტინე სივრცე ბათუმში იყო, როცა მარტივად შეეძლოთ თვითმფრინავის პირდაპირ ბათუმში დასმა“, - განუცხადა მან „რეზონანსს“.  

იგი უკმაყოფილებას გამოხატავს და აღნიშნავს, რომ საკარანტინე სივრცეში, მისი აზრით, არ ხდება ავადმყოფობის სიმპტომები სწორი კონტროლი.

„ჩვენს ტემპერატურას არავინ აკონტროლებს. ვერცხლისწყლიანი თერმომეტრები დაგვირიგეს და გვითხრეს, რომ სიცხე ჩვენ თავად უნდა გავიზომოთ - აკონტროლეთ სიცხეო, მაგრამ არაფერი უთქვამთ, დღეში რამდენჯერ უნდა გავიზომოთ, ან რა ინტერვალით.

„არავინ არ ამოწმებს, იზომავ თუ არა სიცხეს, ან გამოგივლინდა თუ არა რაიმე სხვა სიმპტომი. ერთადერთი იმედი მაქვს ტესტის გაკეთების, დღეს ან ხვალ უნდა გაგვიკეთონ. შემთხვევაც იყო ასეთი რამდენიმე დღის წინ - ერთ-ერთმა დარეკა „სიცხე მაქვსო“. უთხრეს - „აკონტროლე ტემპერატურა და ტესტს გაგიკეთებთო“, მაგრამ, როგორც ვიცი, ჯერაც არ გაუკეთებიათ მისთვის ტესტი“, - ამბობს კარანტინში მყოფი ახალგაზრდა.

რაც შეეხება სასტუმროს, მისი თქმით, ოთახის დატოვების უფლებას არავის აძლევენ, თუმცა, ამ მხრივ რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა. ადამიანების უმეტესობა მარტოა ოთახში. ჩვენს მეგობარს უბრალოდ გაუმართლა და თავის მეგობართან ერთად ყოფნის უფლება მისცეს. ყველაზე მეტად ის უჭირს, რომ ოთახებს აივანი არ აქვს და არც ფანჯრის გაღების უფლებას აძლევენ თავისი სურვილისამებრ.

„მე და ჩემი მეგობარი ერთად ვართ ოთახში, უმეტესობა ცალ-ცალკეა. უბრალოდ, ჩვენ საბუთი გვქონდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ გერმანიაშიც ერთად ვიყავით და ამის გამო შემოგვიშვეს ერთ ოთახში. ოთახის დატოვების უფლება არ გვაქვს. თუმცა,  დარღვევის და ოთახის დატოვების ფაქტებიც იყო, როგორც გავიგეთ. მაგრამ, ამ ყველაფერს კამერებით აკონტროლებენ და მარტივია ამის პრევენცია.  

„ახლა ჩემთვის მთავარი დისკომფორტი ისაა, რომ აივანი არცერთ ოთახს არ აქვს და ფანჯარაც დაახლოებით 15 გრადუსით იღება, სპეციალური სამაგრები უყენია და ფიზიკურად ვერ გააღებ მეტს. უფლებასაც არ გვაძლევენ, რომ ეს მოვხნათ და უფრო დიდზე გავაღოთ ფანჯარა“, - აღნიშნა მან.

კვებას და საცხოვრებელ პირობებს არ უჩივის - საკვებს დღეში სამჯერ ერთჯერადი შეფუთვებით ყველა საჭირო ნივთთან ერთად უტოვებენ კართან. შემდეგ ისიც ანალოგიურად იქცევა და დერეფანს პერსონალი ასუფთავებს. 

მას დიდი იმედი აქვს, რომ საკარანტინე სივრცეს ერთ დღეში დატოვებს: „დღეს არის კარანტინში ყოფნის მე-13 დღე. ხვლაც აქ უნდა ვიყოთ, ტესტს გაგვიკეთებენ, თუ არაფერი აღმოგვაჩნდა, ზეგ დილით დავტოვებთ საკარანტინე სივრცეს.“

მარიამ ნებულიშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×