ელზა პაპოშვილი
16.06.2020

ე.წ. ბავშვთა პორნოგრაფიის გახმაურებულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უმძიმესი განაჩენი გამოიტანა. საქმეში ბრალდებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს 20 წლით, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს - 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია. ბრალდება რამდენიმე ეპიზოდს მოიცავდა - ორგანიზებული ჯგუფის მიერ ხუთი არასრულწლოვნის ტრეფიკინგი და არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღება. 

საქალაქო სასამართლოში ისევ გრძელდება საქმის განხილვა საქართველოს 11 მოქალაქის მიმართ, რომელთაც ასევე ბრალი ედებათ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში. კერძოდ, 10 მშობელს ბრალად ედება არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული შინაარსის ნაწარმის შექმნაში ჩაბმა, რისთვისაც ანაზღაურებას იღებდნენ, ხოლო სკოლის მასწავლებელს არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში დახმარებას ედავებიან.

დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები, ასევე, უკანონო ფოტოსალონის მფლობელები და თანამშრომლები.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. 

ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგო. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე, ან საბანკო ტრანზაქციის გზით. 

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აშშ-ის მოქალაქე კ.უ. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის განაღდებას თბილისში არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში განთავსებული კრიპტომატებიდან ახდენდა.

პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, უკანონო ფოტოსალონებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო: ძვირადღირებული ფოტოაპარატები, განათების საშუალებები, რეკვიზიტები და კომპიუტერული ტექნიკა. გარდა აღნიშნულისა, ასევე, ამოღებულია კომპიუტერულ ტექნიკაში, დისკებსა და ფოტოაპარატებში მოთავსებულ მეხსიერების ბარათებზე არსებული არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალები.

„რეზონანსი“ გორში დაკავებული პირების ახლობლებს ესაუბრა, თუმცა, არასრუწლოვნების უფლებებიდან გამომდინარე, მათ ვინაობას ვერ ვასახელებთ. როგორც ერთ-ერთი დაკავებულის დედა ა.ნ. აცხადებს, მისი ვაჟი და რძალი სრულიად უდანაშაულოები არიან და მათთვის წარმოუდგენელია, რომ ასეთი განაჩენი დადგა. იმ გოგონას ბებია, რომელსაც აშშ-ის მოქალაქე ფოტოებს უღებდა, ამბობს, რომ გოგონას მშობლებმა არ იცოდნენ აღნიშნული ფოტოების გადაღება რას ემსახურებოდა.

„არ ვიცი ამ საქმეში ვის რა დანაშაული მიუძღვის, მაგრამ ჩემი შვილი და რძალი უდანაშაულოები არიან. გაუგონარი ამბავია, რომ მათ ამდენი წლით პატიმრობა მიესაჯათ. ეს არის აბსურდი. რის გულისთვის?! ამ გაუბედურებულ ქვეყანაში რომ შიმშილით სული არ გვძვრებოდეს, ვიღაცა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ხომ თავს არ ავაგდებინებდით?!

„ჩემმა რძალმა იცოდა, რომ ბავშვს ფოტოებს ამერიკული ჟურნალისთვის უღებდნენ და ის ფოტომოდელი იყო. ჩვენ არანაირი სხვა ინფორმაცია არ გვქონდა. თან ეს კაცი სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და მის მიმართ ნდობა დიდი იყო. 

„დამრჩა ბავშვები მე და რა გავაკეთო? პენსიონერი ვარ და ლუკმა პურს ძლივს ვშოულობთ. ბავშვი შოკშია და საკუთარ თავს აბრალებს. მკვლელები არიან, ამდენი წელი რომ მიუსაჯეს? სადაა სამართალი? მართლა მკვლელებს ათავისუფლებენ და ბავშვები საერთოდ მშობლების გარეშე დამიტოვეს“, - აცხადებს „რეზონანსთან“ დაკავებული ცოლ-ქმრის ოჯახის წევრი. 

საქმეში ასევე ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელია, რომლთანაც აშშ-ის მოქალაქე მამაკაცი ცხოვრობდა და რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, იგი არასრუწლოვანების მშობლებთან დააკავშირა. მასწავლებელი ჩადენილ დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს და ამბობდა, რომ მან არაფერი იცოდა რა ხდებოდა რეალურად. მას მამაკაცმა უთხრა, რომ ბავშვების გადაღება მას მხოლოდ და მხოლოდ როგორც ფოტოგრაფს უნდოდა და ეს ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნდებოდა. 

მასაწავლებელს აშშ-ის მოქალაქე მამაკაცმა გადაღებული ფოტოები სოციალ ქსელში გაუგზავნა, სადაც პორნოგრაფიის მსგავსი არაფერი ყოფილა. ფოტოზე გოგონა მინდორში კაბით იყო გადაღებული. 

„დაუშვებელია, რომ მასწავლებელი ამ საქმეში დამნაშავე იყოს. გორის რაიონის სამივე სოფელში ყველამ იცოდა, რომ ეს მამაკაცი ფოტოგრაფი იყო და ბავშვებს ფოტოებს უღებდა. ეს მამაკაცი ერთ-ერთ სკოლაში ინგლისურის მასწავლებელი იყო და ამავე სკოლის პედაგოგის სახლში ცხვობდა. მან მასწავლებელს უთხრა, რომ ბავშვები ამერიკულ ჟურნალში გადასაღებად სჭირდებოდა და გადაღებული ფოტოებიც კი აჩვენა. იქ განსაკუთრებული და საეჭვო არაფერი ყოფილა. 

„ამის შემდეგ სიტუაცია როგორ და რა ფორმით განვითარდა, პედაგოგმა აღარ იცოდა. ამიტომაც ის უდანაშაულოა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ უნდა დადგეს. ის გასული წლის დეკემბერში დაკავებულების მეორე ნაკადშია. როგორც ვიცით, სექტემბერში დაკავებულებს დეკემბერში დაკავებულების წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად საპროცესო გარიგებას სთავაზობდნენ. ძალიან თეთრი ძაბფით ნაკერი საქმეა“, - განაცხადა მასწავლებლის ახლობელმა.

...

ფრაზა - „დამრჩა ბავშვები მე და რა გავაკეთო? პენსიონერი ვარ და ლუკმა პურს ძლივს ვშოულობთ. ბავშვი შოკშია და საკუთარ თავს აბრალებს. მკვლელები არიან, ამდენი წელი რომ მიუსაჯეს?“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×