ელზა პაპოშვილი
15.06.2020

გადაიდება თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და რა სახის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უნდა იყოს ქვეყნაში, რომ ამის აუცილებლობა გახდეს. ეს კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ კი ოქტომბერში მეორე ტალღა იქნება, მაშინ, შესაძლოა არჩევნების დეკემბრისთვის გადაიდოს. თუმცა დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი  ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ჯერჯერობით არჩევნების გადადების აუცილებლობა არ არის. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა სერიოზულ ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ არჩევნებისას ვირუსის გავრცელება მინიმიზირებული იყოს. პრემიერ-მინისტრმა ლოპოტაზე, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ არჩევნები ეპიდემიის პირობებში საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა.

"ყველას კარგად გვახსოვს, რომ საქართველოში წელს საარჩევნო წელია, რამდენიმე თვეში იქნება არჩევნები. წინასაარჩევნო პროცესს - აგიტაციიდან დაწყებული, პარტიებს შორის შეჯიბრებითობით და ადამიანებთან შეხვედრებით, ამასაც თავისი მობილობა მოჰყვება.

არჩევნებიც თვითონ ეპიდემიის პირობებში საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ფიზიკურ არჩევნებზე, როდესაც ადამიანები უბანში უნდა მივიდნენ და თავიანთი არჩევანი დააფიქსირონ.

ჩვენ ამ მიმართულებითაც ახლა ძალზედ სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ აქ არანაირი ეპიდემიოლოგიური საფრთხე არ იყოს ან არჩევნების გამო ვირუსის გავრცელება მინიმიზირებული იყოს და ჩვენ ამას შევძლებთ ყველა შემთხვევაში. საქართველოში უნდა ჩატარდეს ყველაზე სუფთა, ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე გამჭირვალე არჩევნები. უნდა იყოს მიტინგებიც, უნდა იყოს დებატებიც და არჩევნებიც. ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით კი  მმართველი გუნდი ეცდება არჩევნების ჩატარების ისეთი წესი შეიმუშაოს, რომელიც მოქალაქეებს ინფექციის გავრცელებისგან დაიცავს და პარალელურად საარჩევნო უფლებას უზრუნველყოფს.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა და პროცესში ჩართულები არიან როგორც ცესკო, ასევე საერთაშორისო პარტნიორები, რომლებსაც რეკომენდაციებისთვის ხელისუფლებამ უკვე მიმართა.

"ვეცდებით შევიმუშაოთ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ისეთი წესი, რომელიც ერთის მხრივ მოქალაქეებს და ჩვენს საზოგადოებას დაიცავს ინფექციის გავრცელებისგან, მეორეს მხრივ ასევე უზრუნველყოფს საარჩევნო უფლების სრულ რეალიზებას.

ამაზე მიმდინარეობს მუშაობა, ჩართულია ცენტრალური საარჩევნო კომისია, ჩართულნი არიან ჩვენი პარტნიორები. ჩვენ მივმართეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ასევე, რომ მოგვცენ ამ თემებზე კონსულტაცია და რჩევები, თუმცა სამომავლოდ რასაკვირველია, ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ რა იქნება კონკრეტულად ის წესები, რომელიც არჩევნების საარჩევნო პროცესში იქნება საჭირო," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე. 

ჩნდება კითხვა, ხომ არ არსებობს იმის საფრთხე, რომ ქვეყნის გახსნასთან ერთად ახალი ეპიდემიოლოგიური აფეთქება მივიღოთ და როგორი ეპიდსიტუაცია უნდა იყოს, რომ მთავრობამ კვლავ შეგვზღუდოს?  

„რეზონანსთან“ ეპიდემიოლოგი და ჯანდაცვის ექსპერტი აცხადებენ, რომ  მსგავსი მატება მოსალოდნელი იყო და ეს გასაკვირი არ არის. ქვეყნის გახსნასთან ერთად დაინფიცირებულთა რიცხვი შესაძლოა კვლავ გაიზარდოს, თუმცა არა საგანგებო რიცხვით. 

მათი აზრით, ქვეყანას ხელახალი შეზღუდვების დაწესება რომ დასჭირდეს, მაშინ ყოველ დღიურად დაინფიცირებულთა რიცხვი 30-დან 50-მდე უნდა გაიზარდოს. მსგავსი რამ კი ამ ეტაპზე გამორიცხულია. 

 ეპიდემიოლოგი გია აბაშიძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ამ სიტუაციაში მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ყოველდღიური ზრდა იქნება, რომელიც დღითი-დღე უნდა იმატებდეს.  ხოლო რისკების გაანალიზება  ეპიდემიოლოგების მიერ ხდება.  რომლებიც კონკრეტულად ადგენენ რისკებს და ამის მიხედვით რეკომენდაციებს იძლევიან. 

“ეპიდემიოლოგები პირველ რიგში, ყურადღებას დაინფიცირებულთა ზრდის ტენდეციას აქცევენ.  ანუ მაღალია თუ არა ინფიცირებულთა რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით და გაანალიზება იმის, შესაძლოა თუ არა ზრდა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდეს. საქართველოში ჩვენ ინიცირების ტალღოვანი მაჩვენებელი გვაქვს, ანუ ხან იმატებდა და ხან იკლებდა. 

“ჩვენი მაქსიმალური ზრდის რიცხვი 40-მდე იყო, მეტზე არ ასულა. შესაბამისად ქვეყანას თავისი გარკვეული ზღვარი აქვს დადგენილი, რომლის ზემოდ ასვლაც უკვე რისკებთან არის დაკავშირებული. ამის მერე გადაწყდება მოხდება თუ არა რიგ რგოლებში შეზღუდვების დაწესება. 

“თუმცა კომენდატის საათის შემოღება და ავტომობილში ჩაჯდომის წესების დაბრუნება მაშინაც აბსურდად მიმაცნდა და ახლა მითუმეტეს. ნუ ალბათ თუ ასეთი ზრდა გვექნება, რაც დიდი ალბათობით გამორიცხულია, მაინც ისევ საზოგადოებრივ ტრასპორტს შეეხება“, - აცახდებს აბაშიძე „რეზონანსთან“. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×