ელზა პაპოშვილი
03.06.2020

საზარელი შემთხვევა გლდანულაში - პოლიცია ახლა იმ ადამიანს ეძებს, ვინც ახალშობილი კორპუსთან მდებარე ურნაში დატოვა. დილიდან გლდანულაში ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ისინი  სისხლის კვალს, რომელიც, სავარაუდოდ, ახალშობილის უნდა იყოს,  კორპუსიდან 150 მეტრიდან მოშორებით მოსდევდნენ. ჯერჯერობით კვლავ უცნობია, არის თუ არა დაკავებული ამ საზარელი დანაშაულისთვის ვინმე და რა მოხდა რეალურად.  

ადგილობრივები „რეზონანსთან“  ჩვილის გარდაცვალების რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ . თავდაპირველად ცხედარი დასაფუთავების სამსახურის თანამშრომელმა იპოვა. მისმა ყვირილმა ადგილობრივები დილით გააღვიძა და ამ საზარელი ფაქტის შესახებ გაიგეს. მათ მაშინვე ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა უკვე გვიანი იყო, რადგანაც ჩვილი გარდაცვლილი დახვდათ.  

სისხლის კვალი კვლავაც შესამჩნევია ნაგვის ურნასთან, სადაც ბავშვის ცხედარი იყო მოთავსებული, სისხლია დაღვრილი შენობასთანაც. ადგილობრივები სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ პოლიცია, სავარაუდოდ, ორივე ვერსიაზე მუშაობს. 

ერთი-ერთი ვერსიით, არასრულწლოვანმა  დედამ ბავშვი გაჩენის შემდეგ მეექვსე სართულიდან გადმოაგდო, თუმცა მეზობელი, რომელზეც ადგილობრივი საუბრობს, გამოკითხვაზე იმყოფებოდა და  სამართალდამცველებმა სახლში დააბრუნეს. მეორე ვერსიით, ნაგვის ურნასთან ჩვილი სხვა უბნიდან მიიყვანეს და დატოვეს. 

როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ჰყვებიან, პოლიცია კორპუსის რამდენიმე შესასვლელთან  იყო და ადგილობრივებს ჰკითხავდა, თუმცა სანამ ექსპერტ-კრიმინალისტები კორპუსამდე მივიდოდნენ, ისინი რამდენიმე მეტრის მოშორებით ნაგვის ურნებს ათვალიერებდნენ, სადაც ჩვილის სისხლის კვალი შეიმჩნეოდა. ამ დრომდე უცნობია, ამ ორ ლოკაციას ბავშვის მკვლელობასთან რა აკავშირებს. გამომძიებლები ჯერჯერობით მედიასთან არანაირ კომენტარს არ აკეთებენ.   

პოლიციამ იმავე კორპუსში მცხოვრები  17 წლის გოგონა დაკითხვაზე გადაიყვანა.  არსებობდა ეჭვი, რომ სახლში სწორედ მან  იმშობიარა და ჩვილის ცხედარი მე-6 სართულიდან გადმოადგო, თუმცა გოგონას მეზობლები „რეზონანსთან“ აღნიშნულ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ ეს არის ტყუილი და ცრუ ინფორმაცია, რომელიც მედიაში გავრცელდა. მათი თქმით, გოგონა მშობლებთან ერთად პოლიციამ გადაიყვანა და მას სხვადასხვა სახის ექსპერტიზა ჩაუტარეს. ის  უდანაშაულოა და ფაქტი არ დადასტურდა. 

„ეს არის ტყუილი ინფორმაცია, თითქოს ამ კორპუსის მცხოვრებმა გოგონამ ეს დანაშაული ჩაიდინა. ძალიან კარგი ბავშვია და აბსურდი ჭორები გავრცელდა. საოცარი ისაა, რომ ჟურნალისტები 7 და 8 წალის ბავშვების მოგონილ ამბავს იჯერებთ. ბავშვი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს, სხვადასხვა სახის შემოწმება ჩაუტარეს და არაფერი მას არ დაუდასტურდა. რა მშობიარობა, ორსული ის არავის უნახავს. საუკეთესო ბავშვია და მსგავსი აბსურდი საიდან მოიგონეს, წარმოდგენა არ გვაქვს. 

ბავშვის ცხედარი დილით  ნაგვის ურნაში მეეზოვემ იპოვა და ყვირილი დაიწყო. ამის შემდეგ ადგილობრივებმა პოლიცია გამოვიძახეთ. სხვა არავინ არაფერი არ იცის. ფაქტის დამნახავი, რომ ვინმემ ბავშვის ცხედარი მოიტანა, არავინ ყოფილა. სისხლის კვალი სხვადასხვა ადგილებშიც არის. წარმოდგენა არ გვაქვს, ეს საზარელი დანაშაული ვინ ჩაიდინა. ალბათ, აქვე ცხოვრობს ვიღაც, თორემ შორი მანძილიდან არავინ მოვიდოდა. ზოგი ამბობს, ბავშვი ჯერ კიდევ სუნთქავდაო. არ ვიცთ, ჩვენც შოკში ვართ“, - უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი.  

მეორე ვერსიით კი შესაძლოა, ახალშობილი ამ უბანში უკვე გარდაცვლილი თავიდან მოშორების მიზნით მიიტანეს. შემთხვევა კი ღამით მოხდა და ამიტომაც ფაქტის დამნახავი არავინ არ არის, თუმცა რატომ არის კორპუსიდან დაახლოებით 150 მეტრში სისხლის ნაკვალევი, ადგილობრივებს ეჭვს  ეს გარემოებაც უქმნით და მაინც ფიქრობენ, რომ დამნაშავე ახლომახლო უნდა ცხოვრობდეს.  

„ვინც ნახა, თქვეს, ბავშვს ჭიპლრიც კი ზედ ჰქონდაო. ანუ ახალი ნამშობიარები იყო, სულ რამდენიმე საათის. ვვარაუდობთ, რომ ფაქტი ღამის საათებში მოხდა. არც იმას გამოვრიცხავთ, რომ ამ კორპუსში არა, მაგრამ აქვე სადღაცას უნდა ცხოვრობდეს. ახალნამშობიარები ადამიანი, თუ დედამ მოიტანა, ამხელა მანძილზე ვერ წამოვიდოდა და ასეთ  დანაშაულს თუ გეგმავდა,  მაშინ ასე ღიად ჩვილს არ დააგდებდა. ამიტომ რაღაც უბედურებასთან გვაქვს საქმე და იმედია, გაირკვევა“, - აცხადებს „რეზონანსთან“ კიდევ ერთი ადგილობრივი ნანა ჟორჟოლიანი. 

როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხება, დანაშაულზე არ ისაუბრებენ და  უწყებაში კითხვას, არის თუ არა საქმეზე დაკავებული,  არ პასუხობენ. გამოძიება 112 -ე, დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×