ელზა პაპოშვილი
01.06.2020

უკანონო პატიმარი თუ ე.წ. კანონიერი ქურდი - ვინ არის მინდია გორაძე, რომელსაც  კრიმინალურ წრეებში მეტსახელად „ლავას ოღლ  ბატუმსკად“ მოიხსენიებენ. 39 წლის ბათუმელი გორაძის მხადასაჭერად  1-ელ ივნისს მისმა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია აჭარის პროკურატურასთან გამართეს. მანამდე კი აჭარის ტელევიზიასთან და თურქეთის საელჩოსთან იმყოფებოდნენ.  

ისინი ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადაციას ითხოვენ. მის ახლობლებს და ადვოკატს ალექსანდრე კობაიძეს ეჭვი აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას რეალურად არ სურს ლავასოღლის ქართულ ციხეში გადმოყვანა. თუმცა, რატომ, ამაზე პასუხი მათაც  არა აქვთ. 

თურქეთის მედია კი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით თურქეთის პოლიციამ 39 წლის მინდია გორაძე დააკავა, თუმცა მის ექსტრადირების საკითხს თავს არიდებს. 

ლავასოღლის თურქეთში საექსტრადაციო პატიმრობის ექვსთვიანი ვადა 28 თებერვალს გაუვიდა, თუმცა ის მეორე დღესვე ხელახლა დააპატიმრეს. მორიგი სასამართლო პროცესი თურქეთში 4 ივნისს გაიმართება. ამიტომაც მისი ახლობლები აქციების გამართვას მანამდე აპირებენ. 

ადვოკატი ალექსანდრე  კობაიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ  მინდია ლავასოღლი ციხეში ამჯერად მიწიდან ოთხი სართულის ქვემოთ ჩაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა. ამიტომაც მისი ექსტრადირება ან სამშობლოში უნდა მოხდეს, ან კიდევ მესამე ქვეყანაში გადაყვანას ითხოვენ. 

„აქციები სავარაუდოდ 4 ივნისამდე გაგრძელდება თურქეთის საკონსულოს შენობასთან, ვიდრე სტამბოლის სასამართლო მინდია ლავასოღლის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. თუკი სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ლავასოღლის ხელახალი საექსტრადაციო პატიმრობის ვადა აგვისტოს ბოლოს ამოიწურება. ვითხოვთ მის სამშობლოში ექსტრადირებას ან მესამე ქვეყანაში გადაყვანას. საქართველოს ხელისუფლება მის ექსტრადირების საკითხს თავს არიდებს. მათ არ სურთ, რომ მინდია სამშობლოში დაბრუნდეს. არ ვიცით ამის რეალური მიზეზი რა არის. 

“ჩვენს პროკურატურას  კონკრეტულად არ დაუსაბუთებიათ, ლავას-ოღლი რისი ორგანიზატორია, რა ჩაიდინა. ერთი-ორი ჩანაწერია, სადაც ახალგაზრდები ამბობენ, რომ ლავას-ოღლი მათი ხელმძღვანელია, მაგრამ ფაქტი არსად არის. წარმოუდგენელია ასეთ საქმეზე განაჩენი დადგეს, ნონსენსია“, - ამბობს ადვოკატი.   

პროკურატურის ოფიციალური განცხადებით, ლავასოღლის ექსტრადაცია მოთხოვნილია და თურქეთის მხარეს დამატებითი კითხვებით საქართველოსთვის არ მოუმართავს. ხელისუფლებას არ განუმარტავს, რის გამო ვერ ხერხდება უკვე მეორე წელია მინდია ლავასოღლის ექსტრადაცია საქართველოში.

თუმცა, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ლავას ოღლის ფიგურა წინასაარჩევნოდ ბათუმში არჩევნების მოსაგებად „ოცნებას“ არა ერთხელ გამოუყენებია და მისი სერვისით ბევრჯერ უსარგებლია. „ევროპული საქართვეელოს“ ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ მინდია გორაძე ხელისუფლებაში საკამოდ გავლენიანი პირების მეგობარია და ის პოლიტიკური ე.წ. კანონიერი ფიგურაა, რომელსაც როცა დასჭირდებათ მაშინ იყენებენ. 

მინდია ლავასოღლის წინააღმდეგ კი საქართველოში განაჩენი 2018 წელს გამოიტანეს, თუმცა იგი ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფებოდა.              

კრიმინალურ სამყაროში „ლავასოღლის“ სახელით ცნობილი პირის ნამდვილი სახელი და გვარი მინდია გორაძეა. იგი ბათუმშია დაბადებული, 39  წლისაა და არაოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად თურქეთში ცხოვრობს.

მინდია გორაძე სანამ კრიმინალურ სამყაროს დაუკავშირდებოდა, მანამდე სპორტით, ჭიდაობით იყო დაკავებული. იგი პირველად 2006 წელს დააკავეს და სასჯელს ბათუმის ციხეში იხდიდა. ე. წ. „კანონიერ ქურდად“ მინდია გორაძეს 2013 წლიდან მიიჩნევენ.

2013 წლიდან მინდია გორაძე უკრაინაში ცხოვრობდა, სადაც მას „ლავასოღლი ბატუმსკის“ ეძახდნენ. ამ სახელით მას ხშირად მოიხსენიებს რუსული და უკრაინული პრესა. 2014 წელს მინდია გორაძე უკრაინაში, ოდესაში დააკავეს და მას სამი წლით აეკრძალა უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მინდია გორაძე ოდესაში მართავდა კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელიც ბინების ძარცვით იყო დაკავებული.

2016 წელს მინდია გორაძეს საქართველოს პროკურატურამ „კანონიერ ქურდობაში“ დასდო ბრალი და იგი დააკავეს.

„2013 წლიდან დღემდე მართავდა და სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს. მუქარით, დაშინებითა და ქურდული გარჩევების გზით, იგი აიძულებდა მოქალაქეებს, შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები,“ – განაცხადა მაშინ შს სამინისტრომ. ამ ბრალდებიდან რამდენიმე თვეში მინდია გორძემ საპატიმრო დაწესებულება ისე დატოვა, რომ ბრალი არ დაუმტკიცებიათ. თუმცა, ამ საქმეზე სასამართლო გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.

18 ივლისს შს სამინსიტრომ მინდია გორაძეს დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი კანონიერი ქურდობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით. ეს დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2018 წლის ივლისში  შსს-ში განაცხადეს, რომ ლავასოღლის მიერ ორგანიზებული 10-კაციანი ჯგუფი დააკავეს.19 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზი ხალხით იყო სავსე, ბევრი გულშემატკივარი გარეთაც ელოდა მოსამართლის ვერდიქტს. 

ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულ 10 პირს: მინდია გორაძეს, იგივე ლავას-ოღლის, იმედა აბაშიძეს, ივანე გიგიაძეს, შოთა კეკელიძეს, მარად წითელაძეს, ბეჟან დეკანაძეს, ბადრი ქობულაძეს, რამაზ კომახიძეს, გიორგი შავლიძესა და ჯამბულ ნაკაშიძეს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა.  ადვოკატები თითოეულის გათავისუფლებას 20.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდნენ, თუმცა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.ლავას-ოღლის დავალებით ირჩეოდა ე.წ. განაბობის მინიჭების საკითხი.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×