ელზა პაპოშვილი
25.05.2020

მკვლელობა, თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა. გორში  სუხიშვილების ქუჩაძე 28  წლამდე ქალი, საკუთარმა ქმარმა სახლში გაურკვეველ  ვითარებაში გარდაცვლილი იპოვა. ოჯახისთვის  ჯერჯერობით უცნობია რეალურად რა გახდა ქალის გარდაცვალების მიზეზი.  

ქალის ოჯახის წევრები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ, გარდაცვლილს სახეზე დაზიანებები აქვს მიყენებული და ცემის კვალი ეტყობა. ისინი ეჭვობენ, რომ საქმე  მკვლელობასთან აქვთ. მათი აზრით, გარდაცვლილი ნაცემია, შემდეგ კი შესაძლოა დამნაშავემ გაგუდა. მათ ეჭვი აქვთ, რომ  დანაშაული მათმა სიძემ ჩაიდინა. გამოცემასთან ოჯახი ამბობს, რომ გარდაცვლილი ქალის ქმარი მასზე ხშირად ძალადობდა, რის გამოც უსიამოვნება ჰქონდა, როგორც გოგონას ბებიასთან, ასევე მამიდასთან. სწორედ ეს იყო მიზეზი რის გამოც ისინი ქირით ცალკე საცხოვრებლად გადავიდნენ. 

სახლში გარდაცვლილის  ოქროულობა და თანხა არ არის. ოჯახი ამბობს, რომ მას ძვირფასეულობა და 300 ლარამდე ფული ჰქონდა. 

ცოლ-ქმარს მეზობლები არ იცნობდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ არც ხმაური გაუგიათ და  არც უცნობი პირი შეუნიშნავთ. მათაც მომხდარის შესახებ მხოლოდ პოლიციის მისვლის შემდეგ გაიგეს.     

ირინა თოდაძის სხეული პროზექტურაშია გადასვენებული და  ექსპერტიზას უტარებენ.  მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი რამ გამოიწვია ქალის გარდაცვალება.   

გარდაცვლილის ბებია და მამიდა ამბობენ, რომ ქალი მოკლულია და გამოძიება ამ მიმართულებით უნდა წარიმართოს. 

„გარდაცვლილს სახეზე დაზიანებების კვალი აშკარად ეტყობა. თვალი სრულიად ჩალურჯებული აქვს და ნაცემია. ამას ექსპერტიზის გარეშეც აშკარად დაინახავდნენ. სახეზე სილურჯეები აქვს, თითქოს ვიღაცამ ურტყა. 

“სახლში ოქრო და ფული ჰქონდა, რომელიც არ ჩანს. არ გამოვრიცხავთ, რომ ქმარმა ფულის და ოქროს გამოც სცემა და  შემოაკვდა. შესაძლოა წინააღმდეგობაც გაუწია. თავად  ქმარი ამბობს,  რომ უკვე გარდაცვლილი ვნახეო.  თავი როგორ  მოიკლა, ხელით თავად გაიგუდა? ან ვინ სცემა? ამზე პასუხის გაცემა გვინდა“, - აცხადებს გარდაცვლილი გოგონას მამიდა „რეზონანსთან“.  

ირინა თოდაძის ბებია ასევე აცხადებს, რომ მათ თვითმკვლელობის  ვერსიის არ სჯერათ. ის დარწმუნებულია, რომ მისი შვილიშვილი  მოკლეს. ბებიის ინფორმაციით, გოგონას ხელის მიდამოებში  გარკვეული დაზიანებები და ჩალურჯებები აქვს, ამიტომაც ეჭვი გაჩნდა, რომ ის მოკლულია. 

„ოქროს ცეფი და  ბეჭდები ჰქონდა, სად არის, ვერ ვიპოვეთ. ასევე ფულიც ჰქონდა, რაღაცა პატარა გადანახული. თვალი არა აქვს ფაქტობრივად, ისეა ნაცემი. თავზე კოპები აქვს ამოსული. აშკარა დაზიანებები აქვს. ნიკაპზე და ყელზეც ჩალურჯებები აქვს. ნათელია, რომ გარდაცვლილი ჯერ თავის თავს არ სცემდა და მერე არ  მოიკლავდა.

 ამიტომაც გვინდა, რომ გამოძიება სწორად წავიდეს და დამნაშავე დააკავონ. ფაქტი ორი დღის წინ მოხდა და ჯერ კიდევ არაფერი არ ვიცით. გვეუბნებიან, რომ ექსპერტიზის პასუხით გავიგებთ გარდაცვალების მიზეზსო. მე მისი თვითმკვლელობის არ მჯერა, საამისო მიზეზი არ ჰქონდა. ჯერ ჩვენთან ცხოვრობდნენ და ცოლს მუდმივად ავიწროვებდა. სახლში რაღაცეებს ამტვრევდა. ცალკე ამიტომ გავიდნენ. ადრე პატრულიც კი გამოვიძახეთ. სიძისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ორი დღე ვეძებდით, თურმე მკვდარი ყოფილა“, - აცხადებს „რეზონანსთან“ გარდაცვლილი ქალის ბებია მაყვალა თოდაძე.  

გარდაცვლილი ქალის ქმარი და მისი ოჯახი მედიასთან ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი ჯერჯერობით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის 115-ე მუხლით აღძრა. თუმცა, მუხლის გადაკვალიფიცირება, სავარაუდოდ, ექსპერტიზის პასუხის შემდეგ მოხდება, როცა დადგინდება რა გახდა ქალის გარდაცვალების მიზეზი.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×